ახალი ამბები

მთავრობის სხდომაზე ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის პროცესი განიხილეს

თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება მზად არის მონაწილეობა მიიღოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესში. 


შეთანხმებას კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის თაობაზე 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოაწერეს ხელი.


გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, რეგიონში ყოველდღიურად მიმდინარეობს სროლები ოსური პოზიციებიდან. “და ეს ხდება ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის დაშინების და ეთნიკური წმენდის მიზნით“, აცხადებს ბარამიძე.


მისი თქმით, ამის გამო ქართული სამხედრო შენაერთები რეგიონის საზღვრებზე არიან განლაგებული. “დემილიტარიზაციის პროცესის დაწყების დროს კი მოხდება ამ ძალების გამოყვანა”, აცხადებს ბარამიძე.


პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, სოჭში მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს და 20 ნოემბრამდე უნდა განხორციელდეს დემილიტარიზაციის პროცესი.


იმ შეთხვევაში, თუ დემილიტარიზაციის პროცესი არ განხორციელდება, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მთელ პასუხისმგებლობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას და უშუალოდ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს აკისრებს. “პირადად კოკოითია პასუხისმგებელი, რადგან სოჭში შეთანხმებას მან მოაწერა ხელი“, დასძენს ხაინდრავა.


მისი თქმით, დემილიტარიზაციის შემდეგ რეგიონში ვითარებას მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ. 


 

მსგავსი/Related

Back to top button