ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში გახშირებულ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა






იხილეთ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
დეტალური რუქა უფრო ფართო ფორმატით.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 9 ნოემბერს კვლავ დაფიქსირდა სროლები და აფეთქებები, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც ოთხი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა  ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.

9 ნოემბერს დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კემერთის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ბავშვი, 9 და 10 წლის ძმები ოთინაშვილები, დაუდგენელი ნივთიერების აფეთქების შედეგად დაშავდნენ. ეს აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა 9 ნოემბერს და მეოთხე ბოლო 10 დღის განმავლობაში. მთლიანობაში ბოლოდროინდელი აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.


აფეთქებების შესახებ ცნობებს წინ უძღვოდა ღამის სროლების თაობაზე ინფორმაცია, რასაც შედეგად ცეცხლის გახსნის თაობაზე ორივე მხარის ურთიერთბრალდებები მოჰყვა.


ქართული მხარის განცხადებით, 9 ნოემბრის ღამეს სოფელ თამარაშენის მიმართულებით ოსურმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე დროს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ქართულმა მხარემ გაუხსნა ცეცხლი ოსურ სოფლებს – კვერნეთსა და ფრისს.


რუსულ საინფორმაციო სააგენტო “‘რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში “დაძაბულობის წყაროს“ სამხრეთ ოსური და ქართული მხარეების უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა წარმოადგენს.


“ფაქტიურად, ღამის სროლები ყოველდღიურ ხასიათს ატარებს“, დასძინა მან.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკვე წარუდგინა შერეულ სამშვიდობო ძალების სარდლობას იმ ქართველ სამხედროთა სია, რომლებიც შერეული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შედიან.


“ეს დაგვეხმარება გამოვავლინოთ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები კონფლიქტის ზონაში“, განაცხადა კულახმეტოვმა.


ამავდროულად, 9 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ცხინვალში მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ ოსეთის მხარესთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების თაობაზე.   


შეთანხმების მთავარი პუნქტები 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, მოსახლეობის და ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობას და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების თაობაზე განხილვების დაწყებას ითვალისწინებს.


“ეს არის რუტინული შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს მიღწეული შეთანხმებების შესრულებას”, განაცხადა ხაინდრავამ ცხინვალში ვიზიტის შემდეგ. 10 ნოემბერს ხაინდრავა მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე წარადგენს.


თუმცა, ქართული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის მხარემ უკვე დაადანაშაულა თბილისი სოჭის შეთანხმების დარღვევაში, მაშინ როცა ამ უკანასკნელმა რეზერვისტთა ახალი ბანაკი გახსნა კონფლიქტის ზონის მიდამოებში.


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან 10 კილომეტრის მოშორებით, გორის რაიონის სოფელ ძევერაში 9 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა გადამზადების ახალი ბანაკის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონაში მხოლოდ სამშვიდობო ძალები უნდა განლაგდნენ.  კონფლიქტის ზონა ცხინვალის ცენტრიდან 15-კილომეტრიან რადიუსში არის მოქცეული.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც ასევე დაესწრო ცერემონიას, სამხრეთ ოსეთის მხარის პროტესტი უმნიშვნელოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ ქართული არმია მაინც იმას გააკეთებს, რასაც ჩათვლის საჭიროდ, “რამდენიც არ უნდა იწკმუტუნონ სეპარატისტებმა”.


“ეს ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არ არის კონფლიქტის ზონა“, განაცხადა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა რეზერვისტების ბანაკში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი/Related

Back to top button