ახალი ამბები

ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან კახა კაციტაძესთან

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიარაღებული ძალების გაძლიერება ახალი ხელისუფლების ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მომავალ წელს საქართველოსთვის უპრეცედენტოდ დიდი თანხა – 119 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის ბიუჯეტისთვის. ამას ემატება უცხოური, კერძოდ კი აშშ–ს დახმარება. თავდაცვის სფეროში ხელისუფლების ერთ-ერთ მიმართულებას რეზერვისტთა ბატალიონების შექმნა წარმოადგენს, რომლის პოპულარიზაციის მიზნით სამხედრო გადამზადებას დეპუტატებიც კი გადიან. ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ 2005 წლიდან ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა 2-3-ჯერ გაიზრდება.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო სფეროში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად თვალშისაცემია, “სივილ ჯორჯია” სამხედრო ექსპერტს კახა კაციტაძეს ესაუბრა. მისი თქმით, რევოლუციის შემდგომ პერიოდში “საზოგადოების დამოკიდებულება არმიის მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითისკენ შეიცვალა”. თუმცა, მისივე აზრით, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში “სამწუხაროდ ნათლად ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმის არ არსებობაც“ ხშირად ვლინდება.
 
სანამ უშუალოდ სამხედრო  სფეროს შევეხებოდეთ საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმ დადებით, თუ უარყოფით ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეინიშნება.


“ვარდების რევოლუციამ” დადებითი ის მოიტანა, რომ ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო ჭაობიდან ამოსვლა. მეორე ის, რომ ის ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ჰქონდათ პრეტენზია და სინამდვილეში საზოგადოებას ძალიან აღიზიანებდა, ფაქტიურად პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრნენ და იმედია, რომ ვეღარც გამოვლენ ამ ჩრდილიდან.  ვგულისხმობ, წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ სახეებს.


მესამე დადებითი ტენდენცია ის არის, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეუდარებლად გულწრფელი დიალოგის მცდელობაა საზოგადოებასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებაში ცვლილებების სურვილი აშკარად არსებობს. სწორედ ეს ნება განაპირობებს, რომ “ჭაობის” დაძლევა დაიწყო.


თუმცა სამწუხაროდ უარყოფითი ტენდენციებიც არსებობს. რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს, ახალ ხელისუფლებას არ აქვს ცალსახად და ნათლად ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას.


პრობლემის შემდეგი ასპექტი საკადრო პოლიტიკა და რბილად რომ ვთქვათ, მისი სუსტი მხარეებია. “თინეიჯერული” შემართება ძალიან კარგია, მაგრამ მე მეეჭვება, რომ ამან რამე კარგი მოუტანოს ქვეყანას. ამაში ვგულისხმობ სახელმწიფო მოხელეებს და არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. საკადრო პოლიტიკის მთავარი კრიტერიუმი ასაკთან ერთად გამოცდილებაც უნდა იყოს.


გარდა ამისა, ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის ფონი აშკარად მატულობს. მოლოდინები ახალი ხელისუფლების მიმართ იყო ძალიან დიდი და ბუნებრივია, რომ მათი ვერ დაკმაყოფილება სოციალურ ფონს ძაბავს, მით უფრო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემები გადასაწყვეტი რჩება.


სამხედრო თვალსაზრისით რა მიღწევებია?


ის ზოგადი ტენდენციები, რაზეც ზევით ვისაუბრე, თითქმით ყველა სფეროზე და მათ შორის თავდაცვის სფეროზეც აისახება. მაგრამ რა თქმა უნდა არის სპეციფიკური მომენტებიც.


ამ ერთი წლის განმავლობაში სამხედრო კუთხით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, PR კამპანიებმა, თუნდაც 26 მაისის აღლუმმა და სხვა კონკრეტულმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება არმიის მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითისკენ შეიცვალა.


წინა ხელისუფლებამ, რომელიც ძირითადად კომუნისტური პარტოკრატიით იყო წარმოდგენილი, დასამალი არ არის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობა ვერ გაიაზრა, არმია კი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. მათ თითქოს არმიისადმი ერთგვარი შიში ჰქონდათ და უფრო პოლიციისადმი იყვნენ მიდრეკილები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის არმია თითქოს გერივით იყო, რაც ძალიან თვალსაჩინოდ არაერთხელ დამინახავს პირადად, გენერალურ შტაბში მუშაობის დროს. დღეს კი ეს დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა.


ძალზე დადებითი მომენტია ისიც, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ნელ-ნელა იზრდება და ნატოს სტანდარტებს უახლოვდება. ასევე ძალიან პოზიტიურია ქვეყნისთვის ამერიკელების სამხედრო დახმარების გაგრძელდება.


მე მგონია, რომ სწორი ნაბიჯებია საზღვარგარეთ საქართველოს სამხედრო ყოფნის გაზრდა. გარდა პოლიტიკური დივიდენტების დაგროვებისა, ელემენტარულად რთულ პირობებში ყოფნის გამოცდილებას იძენენ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც სამშვიდობო მისიებს ცხელ წერტილებში ახორციელებენ [ერაყი, ავღანეთი, კოსოვო].


პოლიტიკური დივიდენტები კი გარდა იმისა, რომ ამერიკელებმა გააგრძელეს დახმარების პროგრამა გამოიხატება იმაში, რომ საქართველო დაუახლოვდა ნატოს. ამ მიზნის მიღწევამდე არც ისე დიდი დრო რჩება, მე ვიტყოდი, რომ 2009 წელს გაწევრიანება უკვე რეალური იქნება თუკი სახელმწიფო თავდაცვის სფეროს მიმართ ყურადღებას არ მოადუნებს და სათანადო სახსრებს გამოყოფს.


თუმცა ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და წევრობის კანდიდატებისგან გარკვეული პოლიტიკურ მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ მხოლოდ სამხედრო კუთხით მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის ალიანსის რიგებში მოხვედრისათვის.


მიუხედავად ყველაფერ ამისა, არის ნეგატივებიც. კერძოდ, ქვეყანას დღემდე არ აქვს სამხედრო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები. უნდა არსებობდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტარტეგია. აქედან უკვე გამომდინარეობს სამხედრო პოლიტიკის განსამზღვრელი  დოქტრინა, სადაც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ხედვა შეიარაღებული ძალების მშენებლობასთან მიმართებაში მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის საფუძველზე კი მისაღებია ეროვნული სამხედრო სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავს, თუ შეიარაღებული ძალების სხვადასხვა შენაერთებმა სხვადასხვა სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედონ და მსგავს სპეციპიკურ საკითხებს. ამ ჩარჩო იერარქიული დოკუმენტების გარეშე არმიის მშენებლობა ეფექტური ვერ იქნება. ელემენტარულად, სანამ არ განისაზღვრება, თუ რა ტიპის კონფლიქტებში გიწევს ჩართვა, რა იარაღი უნდა იყიდო არ იცი.


სხვათა შორის, ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაც სწორედ სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტების მიღებას უკავშირდება. თუმცა, მე ვშიშობ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ასეთი დოკუმენტების მიღების მნიშვნელობა ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს.


კიდევ ერთი ხარვეზია სამხედრო მრეწველობის კონცეფციის არ არსებობა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მრეწეველობა უნდა მოექცეს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ის შეიძლება კერძო სექტორის სახით განვითარდეს. არ არსებობს კონკრეტული მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რასაც შედეგად მოსდევს ის, რომ ტექნიკური პოტენციალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ნელ-ნელა ნიავდება.


ამ ხელისუფლების უკიდურესად უარყოფით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთის სამხედრო კამპანია, რომელიც აგვისტოში სრული კრახით დასრულდა. ეს ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი პოლიტიკური და კიდევ უარესად სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა იყო ნათელი წერტილებიც, იგივე მაღლობების აღება, რაც ძალიან კარგი ოპერაცია იყო, თუმცა შემდეგ პოზიციები დავთმეთ. კომანდოს ბატალიონის მთელი შემადგენლობა, რომელიც მცირე ჯგუფებით უნდა მოქმედებდეს, გამოიყენეს როგორც ჩვეულებრივი ქვეითი ჯარები და მერე გაუკვირდათ ამერიკელების გაწვრთნილ ბატალიონებში დანაკარგი რომ იყო. კომანდოს თავის გამოყენების არეალი აქვს, რაც ამ შემთხვევაში უხეშად იყო დარღვეული.


როგორც თქვენ აცხადებთ არსებობს პრობლემები ზოგად დაგეგმარებასთან დაკავშირებით. როგორ აისახება ეს თავდაცვის ბიუჯეტზე, რომლის ზრდაც აშკარად სახეზეა?


დიახ, ბიუჯეტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტის შედგენის მეთოდს. ნორმალურ სახელმწიფოებში ბიუჯეტი დგება მოთხოვნათა შესაბამისად და პროგრამულ ხასიათს ატარებს. ანუ ბიუჯეტის აგებისას მოთხოვნა ქვემოდან უნდა მოდიოდეს და პრიორიტეტების მიხედვით პროგრამების სახით უნდა ნაწილდებოდეს, რათა სახსრების სიმწირის შემთხვევაში თავად სისტემამ განსაზღვროს მაგალითად ის, რომ პილოტი წელიწადში იფრენს არა 180 საათი, რაც ნატოს სტანდარტია, არამედ 40 საათი და მსგავსი საკითხები.


ჩვენთან კი პირიქით ხდება, ბიუჯეტის შედგენა ზევიდან იწყება და თანაც წარმოდგენა არ მაქვს რა კრიტერიუმებით ხდება თავდაცვის სფეროზე თანხების გამოყოფა. მაგალითად, 2005 წლისთვის გათვალისწინებულია 119 მლნ ლარის გამოყოფა, მაგრამ რატომ 119 და არა ცოტა მეტი ან ნაკლები ამის დასაბუთება ვერსად მოვისმინე.


არადა, თავდაცვის სფეროს სამოქალაქო კონტროლის კუთხით ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სისტემა დღეს უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.  


შეიარაღებული ძალების რეფორმის ფარგლებში 1 ნოემბრიდან შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს შეუერთდა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?


რეფორმების თვალსაზრისით პროგრესი მართლაც სახეზეა. ეხლა მთავარია, რომ შინაგანი ჯარების ინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდეს. რადგან შინაგანი ჯარის მომზადების სისტემა განსხვავებულია ნატოს სტანდარტებით გაწრთვნილი შეიარაღებული ძალებისაგან, სადაც სამხედრო მომზადებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა მენტალური მომზადების საკითხსაც ენიჭება.



რა ტიპის ჯარი უნდა ჰყავდეს საქართველოს?


დღეს ჩვენც და მსოფლიოში ყველა სახელმწიფო დგას ერთი დილემის წინაშე – შეინარჩუნოს მან ის ჯარი, რომელიც ორიენტირებული იქნება დღევანდელ საფრთხეებზე თუ ეხლავე დაიწყოს იმ ჯარის შენება, რომელიც 10 წლის შემდეგ არსებული საფრთის ადექვატური იქნება. საქართველოს წინაშე ეს პრობლემა რესურსების სიმწირის გამო განსაკუთრებულად დგას. ასევე გვაქვს ორი სეპარატისტული ანკლავი, რომელთა შეკავებას გარკვეული სამხედრო ძალა სჭირდება.


თუმცა ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ 10 წლის შემდეგ საქართველოს კლასიკურ ომის წარმოება მოუწიოს. ერთადერთი ამის წყარო შეიძლება იყოს რუსეთი, თუმცა ეს საფრთხე დღეს სუსტია და კიდევ უფრო სუსტი გახდება მომავალში. თანაც იგულისმება, რომ ამ პარიოდში აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემა გადაწყდება.


აქედან გამომდინარე ჩვენ ორიენტირი სამშვიდობო ან უფრო სწორად, კოალიციურ და ანტიტერორისტული ტიპის ძალებზე უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამ მიმართულების განვითარების საშულებას გვაძლევს აშშ-ს სამხედრო დახმარების პროგრამა, რომლის მნიშვნელობაზეც ზევით უკვე ვისაუბრე.  თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლასიკური ომისთვის განკუთვნილ ჯარზე საერთოდ უარი ვთქვათ.


რას ფიქრობთ რეზერვისტთა ბატალიონების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით?
 
ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. იმიტომ, რომ აქაც არანაირი სტრატეგია არ არის განსაზღვრული. იძახიან [ხელისუფლება], რომ ამ რეზერვისტებს სტიქიური უბედურების დროს გამოვიყენებთო და თუ ამაზე მიდის ამდენი სახსრები, ჩემთვის გაუგებარია. რეზერვისტების ორი ბატალიონი დასავლეთსა და აღმოსავლეთში სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ მეხანძრეებს დახმარებოდნენ საჭიროების შემთხვევაში. თუმცა არც ეს მესმის, რადგან თუ ხანძრებს ვერ ავუდივართ, მაშინ მეხანძრეების რიცხვი გავზარდოთ.


პრობლემა სწორედ ის არის, რომ არ არის განსაზღვრული რეზერვისტები რა მიზნით იქნებიან გამოყენებულები, გააძლიერებენ ისინი რეგულარული ჯარის პირად შემადგენლობას თუ რა ფუნქციები დაეკისრებათ. ჩემი აზრით, რეზერვისტების მომზადება უფრო PR კამპანიის სახეს ატარებს და სპონტანურად მიმდინარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button