ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი რეფორმების, IPAP–ის, აშშ–ის დახმარების შესახებ საუბრობს

ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან








საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ნატოს
გენერალური მდივანი მოლაპარაკებების
დასრულების შემდეგ. 
4 ნოემბერს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენას გეგმავს. იმავე დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი სტუმრობდა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან და ქვეყნის სხვა პირველ პირებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრს გიორგი ბარამიძესაც შეხვდა.
 
“სივილ ჯორჯია“ 4 ნოემბერს გიორგი ბარამიძეს ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP), ასევე აშშ–ის სამხედრო დახმარებასა და ზოგადად შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ესაუბრა.
 
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2007–წლიდან, ანუ IPAP–ით გათვალისწინებული პირობების წარმატებით შესრულების შემდეგ, საქართველოს უკვე გაუჩნდება ნატო–ში გაწევრიანების რეალური შანსები. მისი თქმით, იგეგმება საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ათას სამხედრო მოსამსახურემდე შემცირება. ხოლო აშშ–ის სამხედრო დახმარების ახალ ეტაპთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ “ეს დახმარება მიზნად ისახავს საქართველოში ჩამოყალიბდეს სამშვიდობო ძალები, რომლებიც ანტიტერორისტული ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას”.
 
რას ნიშნავს საქართველოსთვის IPAP–ის დამტკიცება და ამ გეგმის მიხედვით მოქმედება?
 
ამ გეგმას ნატო არ გვახვევს თავს, პირიქით იგი ჩვენ მოვამზადეთ და შევთავაზეთ ნატოს. რითაც ჩვენ  გამოვხატეთ  მზადყოფნა განვახორციელოთ რეფორმები და ეს მისაღები აღმოჩნდა ნატოსთვის. ორგანიზაციამ მოიწონა ეს გეგმა. აღინიშნა, რომ ეს სწორედ ის რეფორმებია, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს  ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.
 
კონკრეტულად რას გულისხმობს ეს რეფორმები? რა უნდა გაკეთდეს პირველი ეტაპზე? 
 
ეს რეფორმები გულისხმობს ქვეყანაში შეიქმნას ნამდვილი ჯარი და არა რაღაც ბანდა. ვგულისხმობ  ჩაუცმელი, უხელფასო, უიარაღო და გაუწვრთნელ ჯარს, რაც დღემდე არსებობდა.


ჯარის რაოდენობა უნდა  შემცირდეს, თუმცა შედეგად კი არ უნდა შესუსტდეს, არამედ უფრო გაძლიერდეს. ჯარი უნდა გახდეს უფრო მობილური და თანამედროვედ აღჭურვილი. ის უნდა იმართებოდეს დემოკრატიული პრინციპებით.
 
ყველაფერ ამისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რაც  1 ნოემბერს შინაგანი ჯარის შეიარაღებულ ძალებთან შეერთებით გამოიხატა. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ორი საჯარისო დანაყოფი.
 
ამას გარდა, უნდა გაიმიჯნოს თავდაცვის სამოქალაქო მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს შორის უფლებამოსილებები. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა პოლიტიკური საკითხებით უნდა დაკავდეს, ხოლო გენშტაბი ჯარების მომზადებაზე და მზადყოფნაზე უნდა იყოს უშუალო პასუხისმგებელი. ამდენად, მათი ფუნქციები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს, რათა ყველამ თავის საქმე იცოდეს. ესეც ნატოს სტანდარტია.

ასევე დაგეგმილია ახალი ქვედანაყოფების ჩამოყალიბება, რომელიც ქმედითუნარიანი და ეფექტური იქნება მათ წინაშე არსებული ამოცანების შესრულების დროს.
 
რეფორმების აუცილებელი პირობაა ასევე გამჭვირვალობა და რესურსების ეფექტურად გამოყენება.
 
რა რაოდენობაზე უნდა დავიდეს ჯარი?
 
ამჟამად, ჩვენი ჯარი დაახლოებით 23 ათასს ჯარისკაცს ითვლის, რაშიც შედის  შინაგანი ჯარის 8 ათასიანი კონტიგენტიც.  შინაგანი ჯარის შეერთებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 ათასიანი საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც ხელოვნურად იყო გაზრდილი, 15 ათასამდე შემცირდა.
 
არსებული 23 ათასი ჯარისკაცის შემცირებას კიდევ 17 ათასამდე ვგეგმავთ. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ჯარზე ნორმალურად იზრუნოს, თუმცა ეს რაოდენობა იდეალური არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ახალი პარამეტრები განისაზღვროს.
 
რა პერიოდზეა გათვლილი IPAP-ის განხორციელება?
 
ეს გეგმა გაწერილია 2007 წლის დასაწყისამდე.  ასევე შესამუშავებელია თავდაცვითი სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა, რაც ასევე  გეგმის შემადგენელი  ნაწილია. თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვით საბოლოოდ გამოიკვეთება რა ტიპის ჯარი სჭირდება ქვეყანას. ამ ეტაპზე ძნელია რამის თქმა, სანამ კვლევა არ ჩატარდება. ეს საკმაოდ გრძელი პროცესია და დაახლოებით მომავალი [2005] წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ გვინდა, რომ  მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დავასრულოთ. 
 
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ ზოგადად რეფორმა 2010 წლისთვისაც გავქვს გაწერილი. ვიცით დაახლოებით რა უნდა ვაკეთოთ ამ პერიოდში. 2007 წლიდან [IPAP-ით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების შემდეგ] ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა გახდება უფრო რეალური. 
 
ასევე უნდა მივიღოთ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კონცეფციები. ეხლა შეიარაღებული ძალების ძირითად კონტურებს ვაყალიბებთ. ეს არის პირველი ეტაპი. შემდეგში იქნება უფრო მეტი კონკრეტიზაცია და სპეციალიზაცია.


რა საკითხები განიხილეთ ნატო-ს გენერალურ მდივანთან?
 
გენერალური მდივანი საქმის კურსში იყო  იმ რეფორმების შესახებ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ვისაუბრეთ კონფლიქტების დარეგულირებაზე, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მოქმედებაზე კონფლიქტის ზონებში და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის აუცილებლობაზე.
 
გენერალურ მდივანს მოვახსენე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.  ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ სამხედრო ბაზების გაყვანას.
 
ახალქალაქსა და  ბათუმში განლაგებული კუთვნილი სამხედრო ბაზები რუსეთმა უნდა გაიყვანოს და ამით შეასრულოს 1999 წელს ეუთოს სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულებები.
 
და მთავარი, ნატოს და საქართველოს დაახლოების პროცესი. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული რომ ეს გზა [ნატოსკენ] არ იქნება მოკლე. ბალტიის სახელმწიფოებმა ეს გზა 9 წელიწადში გაიარეს, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ იგი 3-4 წელიწადში დავძლიოთ და ამაში ზურგს გაგვიმაგრებს ბალტიისპირელი მეგობრები, რომლებიც აქტიურად გვაწვდიან რეკომენდაციებს.
 
ნატოს გენერალურმა მდივანმა  მიმიწვია ბრიუსელში, სადაც დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს. ის, რომ ნატო საქართველოთი არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნითაც ნათლად გამოჩნდა. 
 
გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ასევე ქართველი სამშვიდობოების აქტიური მონაწილეობა ანტიტერორისტულ და სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც ერაყში, ისე ავღანეთში.
 
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაადასტურა, რომ აშშ აპირებს დამატებითი სამხედრო დახმარების პროგრამის დაწყებას საქართველოში. რას გულისხმობს ეს პროგრამა?
 
2005 წლისთვის აშშ-ს დახმარება 12 მლნ დოლარით იყო განსაზღვრული, მაგრამ კონგრესმა ეს თანხა 3 მლნ-ით გაზარდა და ახალ დახმარება 15 მლნ დოლარს შეადგენს.
 
გარდა ამისა, იგეგმება დამატებითი დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ ჩამოაყალიბოს სამშვიდობო და ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის შესაბამისი ძალები. ამაში იგულისხმება ქართველი  ჯარისკაცების გაწვრთნა და მომზადება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ძალების გაზრდას და გაძლიერებას.
 
პრესაში იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ იგეგმება 40 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა, რომლის ფარგლებშიც 4,000 ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნება ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ.
 
აშშ სერიოზული თანხების გამოყოფას გეგმავს ამ პროგრამისთვის. თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ამის უფლება არ მაქვს მანამ, სანამ ამერიკა თავად არ განაცხადებს ამის თაობაზე. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, სამშვიდობო ძალების შექმნის მიმართულებით ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული დახმარების პროგრამა იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button