ახალი ამბები

ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირებას, თუმცა აქვე გამოხატა შეშფოთება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისუსტის გამო, ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში.


საქართველოს პარლამენტმა ქარტიის რატიფიცირება 26 ოქტომბერს მოახდინა; რითაც, საქართველომ შეასრულა ევროპის საბჭოს წინაშე 1999 წელს აღებული ერთ-ერთი ვალდებულება.


საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ ქარტიას 2002 წლის მაისში მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მას მიეცა უფლება სარატიფიკაციოდ არანაკლებ 20 პუნქტი ნებაყოფლობით აერჩია.


საქართველომ უარი თქვა ქარტიის მე-5 მუხლის რატიფიცირებაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებასაც ითვალისწინებს. ასევე, ამ ეტაპზე პარლამენტმა თავი შეიკავა მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის რატიფიცირებაზეც, რომელიც ადგილობრივი ორგანოების სხვა ქვეყნის ანალოგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის უფლებას ითვალისწინებს. 


“საშემოდგომო სესიაზე [ევროპის საბჭოს] კონგრესმა აღნიშნა, რომ რატიფიცირება წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადასტურებს, რომ საქართველოს სურს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება“, ნათქვამია პრეს-რელიზში.


“კონგრესმა მოუწოდა საქართველოს დროულად მოიყვანოს ეროვნული კანონმდებლობა ქარტიასთან შესაბამისობაში, რათა აღმოფხვრას არსებული ნაკლოვანებები“.


ანგარიშში წარმოდგენილია 2003-2004 წლებში სამი ოფიციალური ვიზიტისა და ივნისში ჩატარებული აჭარის რეგიონალური არჩევნების დაკვირვების შედეგები. ანგარიში ასახავს ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის სფეროში არსებულ სერიოზულ ნაკლოვანებებს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფალთა უფლებამოსილებისა და მოვალეობების, ადგილობრივი საკუთრებისა და ფინანსების საკითხებში.


ანგარიშში ხაზგასმულია ადგილობრივ ხელისუფალთა სუსტი მხარეები.იგი მიუთითებს მერების არჩევითობის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი დედაქალაქში ამის საჭიროებაზე.


 

მსგავსი/Related

Back to top button