ახალი ამბები

აშშ მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას ერაყში კონტინგენტის გაზრდის თაობაზე

4 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე. 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები დამატებით წვრთნებს მას შემდეგ ჩაუტარებენ ქართველ ოფიცრებს, რაც აშშ-ის ევროპული სარდლობა ქართული ჯარების მომზადების დონეს შეისწავლის.


მისი თქმით, ქართველი სამხედროები ერაყში გაეროს თანამშრომლებს დაიცავენ.


“დამატებითი ჯარების გაგზავნის შედეგად, საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ერაყში 159-დან 850-მდე გაიზრდება. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზადყოფნას ითანამშრომლოს ერაყელ ხალხთან მათ სამშობლოში მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარების მიზნით“, განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.


4 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების ახალ, ფართომასშტაბიან პროგრამას იწყებს საქართველოში.


“ჩვენი აქტიური ჩართვის გამო ერაყის, ავღანეთისა და კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციებში, აშშ-მა განაცხადა, რომ დაიწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოხდება ქართული ჯარების მომზადება სამშვიდობო ოპერაციებში მანაწილეობისთვის. ახალი პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი სამხედრო პირი გაივლის მომზადებას წინა პროგრამასთან შედარებით“, განაცხადა სააკაშვილმა 4 ნოემბერს, ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2002-2003 წლებში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში 64 მილიონი დოლარი გამოუყო საქართველოს.


 

მსგავსი/Related

Back to top button