ახალი ამბები

ჟვანია კოკოითს სოჭში დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გოგა ხაინდრავასთან ერთად სოჭში გაემგზავრა, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან გამართავს მოლაპარაკებებს.


შეხვედრაზე რუსულ მხარეს წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშინინი, ასევე საგანგებო დავალებათა ელჩი, შერეულ საკონტროლო კომისიაში რუსეთის მხარის წარმომადგენელი ვალერი კენიაკინი და ამავე კომისიაში ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი თეიმურაზ კუსოვი, ასევე შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი.


რუსეთის საგარეო უწყების მიერ 4 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღის წესრიგში განსახილველი საკითხების სამი მიმართულებაა გათვალისწინებული. მათ შორისაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონფლიქტის ზონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია, ეკონომიკური საკითხები და კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების შესახებ მსჯელობა.


“კონფლიქტის მოგვარებას ამ საკითხების გადაწყვეტის საფუძველზე უნდა მივაღწიოთ“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 4 ნოემბერს.


ჟვანიას თქმით, იგი არ ელის “სერიოზულ წინსვლას” კოკოითთან შეხვედრის დროს. მისი განცხადებით, ქართული მხარე ასევე დააყენებს კონფლიქტის ზონაში თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ წინადადებებს. 


“ჩვენ ამ შეხვედრას ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების გზაზე”, განუცხადა 4 ნოემბერს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ რუსეთის პირველ არხს.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button