ახალი ამბები

სააკაშვილი: აშშ სამხედრო დახმარების ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების ახალ, ფართომასშტაბიან პროგრამას იწყებს საქართველოში.


“ჩვენი აქტიური ჩართვის გამო ერაყის, ავღანეთისა და კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციებში, აშშ-მა განაცხადა, რომ დაიწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოხდება ქართული ჯარების მომზადება სამშვიდობო ოპერაციებში მანაწილეობისთვის. ახალი პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი სამხედრო პირი გაივლის მომზადებას წინა პროგრამასთან შედარებით“, განაცხადა სააკაშვილმა 4 ნოემბერს, ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2002-2003 წლებში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში 64 მილიონი დოლარი გამოყო.


“შედეგად, ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება ჩვენი არმიის ბირთვი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თუმცა, სამხედრო დახმარების პროგრამის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.


“აშშ სერიოზული დახმარების გამოყოფას გეგმავს ამ პროგრამისთვის. თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ამის უფლება არ მაქვს, სანამ ამერიკა თავად არ განაცხადებს ამის შესახებ. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, სამშვიდობო ძალების შექმნის მიმართულებით ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული დახმარების პროგრამა იქნება“, განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 4 ნოემბერს “სივილ ჯორჯიას“. 

მსგავსი/Related

Back to top button