ახალი ამბები

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი განიხილა

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი, რომელიც 1 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა, და საქართველოს ოფიციალური პირები შეთანხმდნენ შექმნან ერთობლივი სამთავრობო ჯგუფები, რომლებიც რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის “ტექნიკურ ასპექტებზე“ იმუშავებენ.


10 სექტემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა, რასაც თბილისის პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რკინიგზის აღდგენა დევნილთა დაბრუნების პარალელურად უნდა განხორციელდეს.


რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს რკინიგზის აღდგენის საკითხი განიხილეს. მან ასევე აღნიშნა, რომ “აფხაზეთში სიტუაციის ნორმალიზებამდე, რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, რომელიც ასევე შეხვდა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს, 1 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, “დავუშვათ, მათ [რუსებმა] აღადგინეს სარკინიგზო მიმოსვლა და ჩვენგან რის გაკეთებას მოითხოვთ? ხომ არ ვუკბენთ ამისათვის?”


1 ნოემბერს ჟვანიასთან და ბენდუქიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იგორ ლევიტინმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდა რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. მან დასძინა, რომ მარშრუტის აღდგენას “არ უნდა მოჰყვეს ურთიერთობების გაუარესება“ ორ ქვეყანას შორის.


სომხეთი ასევე მოითხოვს აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან, სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს. სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ეს საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან თბილისში ოქტომბრის ბოლოს გამართულ მოლაპარაკებებზე დააყენა.


2003 წლის 7 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს პარალელურ რეჟიმში გალში დევნილთა დაბრუნებას და რკინიგზის აღდგენას. პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ შეექმნათ ორი ორმხრივი სამთავრობო კომისია, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებდნენ. თუმცა, კომისიების საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა.       

მსგავსი/Related

Back to top button