ახალი ამბები

“ვარდების” ხელისუფლების ერთწლიანი მმართველობის დადებითი და უარყოფითი შტრიხები

ინტერვიუ იურისტ დავით უსუფაშვილთან

23 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ რაც, საქართველოში ხელისუფლება “ვარდების რევოლუციის” გზით შეიცვალა. ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე “სივილ ჯორჯია” იურისტ დავით უსუფაშვილს ესაუბრა.


უსუფაშვილის აზრით, უამრავ დადებით სიახლესთან ერთად ახალი ხელისუფლების ერთწლიანი მოღვაწეობის დროს ცალკეული მიმართულებებით “ჩავარდნასაც” აქვს ადგილი, რაც დაუმთავრებელი, “განგრძობადი რევოლუციით” აიხსნება.


“დღევანდელი ხელისუფლების ნაკლად უნდა ჩაითვალოს პირველ რიგში რევოლუციური სტილით და რევოლუციური მიზანშეწონილობის პრიმატით საკითხების მოგვარება, რაც ხელისუფლების ქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომელმაც მეორე პლანზე გადაინაცვლა, არათავსებადი გახადა”, მიიჩნევს უსუფაშვილი.


ადამიანის უფლებათა დაცვა, სიტყვის თავისუფლება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნუსხიდან, სადაც ხელისუფლებამ “მოჭარბებული დემოკრატიული რიტორიკის” ნაცვლად რეალური დემოკრატიული მიდგომები საქმით უნდა აჩვენოს.



როგორ შეაფასებთ “ვარდების რევოლუციიდან” ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს?


2003 წლის ნოებრიდან ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. დადებითი ცვლილებებიდან გამოვყოფდი საზოგადოების გააქტიურებას და მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართვას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. რევოლუციამდე საზოგადოებაში იყო ნიჰილისტური დამოკიდებულება და დეპრესიული განწყობა, ნოემბრის მოვლენებმა კი მოსახლეობას იმედი ჩაუსახა.


ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომელთაც სურვილიც აქვს, ენთუზიაზმიც და სათანადო ცოდნაც იმისთვის, რომ არაეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებიდან წარმატებული სახელმწიფო უწყებები ჩამოაყალიბონ.


საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ აიწია საქართველოს “აქციების” ფასმა. 90-იანი წლების მიწურულს საერთაშორისო საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩა საქართველოთი, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეს დამოკიდებულება კვლავ შეიცვალა და საქართველო კვლავ ჩადგა პერსპექტიულ სახელმწიფოთა რიგში და მის მიმართ ყურადღება და ინტერესი გაიზარდა.


შეიძლება კიდევ რამოდენიმე დადებითი ტენდენციის დასახელება, მაგრამ ამავდროულად არის ბევრი საკითხი, სადაც ჩავარდნა უფროა, ვიდრე მიღწევა.


რომელია ის მიმართულებები, სადაც “ჩავარდნაა”?


რევოლუციური ტემპერატურის შესანარჩუნებლად საჭირო იყო არამარტო ძველი ხელისუფლების კრიტიკა, არამედ მოსახლეობისთვის ახალი გეგმების შეთავაზება. ამიტომ, ხელისუფლება ძალიან უხვად იძლეოდა დაპირებებს, რომელიც ხშირად არარეალისტური იყო. ამან კი მოსახლეობის დიდ ნაწილში მათ მიმართ იმედგაცრუება გააჩინა.


დღევანდელი ხელისუფლების ნაკლად უნდა ჩაითვალოს პირველ რიგში რევოლუციის დაუმთავრებლობა ანუ რევოლუციური სტილით და რევოლუციური მიზანშეწონილობის პრიმატით საკითხების მოგვარება, რაც ხელისუფლების ქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომელმაც მეორე პლანზე გადაინაცვლა, არათავსებადი გახადა.


თუ აჭარის შემთხვევაში რევოლუციური სტილის გაგრძელება წარმატებული აღმოჩნდა, ამავე მეთოდით იმავე აჭარაში პოლიტიკის გაგრძელებამ სერიოზული პრობლემები შექმნა მმართველობის და ადმინისტრაციული მიმართულებით.


არაფორმალური გზით, კანონის უგულვებელყოფით, თანამდებობის პირების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ზედმეტად გადაჭარბებით განხორციელებულმა ქმედებებმა სერიოზული წარუმატებლობა მოგვიტანა სამხრეთ ოსეთშიც, სადაც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების კამპანიამ [აგვისტოს მოვლენები] მარცხი განიცადა.


რამდენად მუშაობს ახალი კონსტიტუციური ნორმები, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლების სურვილით შეიცვალა?


დღეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი შეილება ითქვას, რომ არ მუშაობს. პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებების გარეშე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს, არადა ამ ორგანოს ფუნქცია სწორედ მასთან ოპონირებაა. როცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მას არ მოწონს პარლამენტის ტონი, არასწორია.


იგივე შეიძლება ითქვას სასამართლო ხელისუფლებაზე. დღეს სასამართლო ყველაზე უფრო დამოკიდებული ორგანოა, ვიდრე ეს იყო 3-4 წლის წინ.


ჩვენთან ხელისუფლება, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო მოდელით, ისე დე ფაქტო მდგომარეობით არ არის დანაწილებული. ხელისუფლება თავმოყრილია პრეზიდენტის და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის ხელში, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ ფორმდება პარლამენტსა თუ სასამართლოში.


ეს კი არ არის დემოკრატია, ჯერ-ჯერობით ჩვენ რაც გვაქვს არის მოჭარბებული დემოკრატიული რიტორიკა, დაპირებები, მიზნები, თუმცა მეთოდები არადემოკრატიული. მაგრამ რევოლუცია თავისი არსით არის დემოკრატიული?…


იმედს ვიტოვებ, რომ “განგრძობადი” რევოლუცია, რომელიც უმჯობესი იყო აჭარის მოვლენებთან ერთად დამთავრებულიყო, ხელისუფლების მიერ ფინანსური ამნისტიის გამოცხადებით დასრულდება.


ასევე ახალი ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენს მმართველი პოლიტიკური პარტიის შეზრდა სახელმწიფო სტრუქტურებთან. თუმცა ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის, კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული გაგრძელებული გამსახურდიას დროს “მრგვალი მაგიდით”, შემდგომ “მოქალაქეთა კავშირით” და ბოლოს “ნაციონალური მოძრაობით” ეს პრობლემა უწყვეტად დგას საქართველოში. მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა არ მოისურვა, და ჯერ-ჯერობით ვერც სააკაშვილის მხრიდან ვხედავ, საკუთარი პოლიტიკური პარტიის დემოკრატიული ტიპის ინსტიტუტად ჩამოყალიბების მცდელობას. რომელიც შიდა კონტროლისთვის საუკეთესო საშულება  უნდა იყოს.


უდიდეს პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური პლურალიზმის არ არსებობა. ეს ისევ და ისევ რევოლუციური სინდრომია, რომ ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს უკეთეს შემთხვევაში ნერვებს უშლის ხელისუფლებას და უარეს შემთხვევაში მტრებად აღიქმებიან.


სტილი და მეთოდი, რასაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იყენებს, იმას უზრუნველყოფს, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვერ განვითარდეს. ჯანსაღში ვგულისხმობ არგუმენტირებულ ოპონირებას და არა მოსახლეობის გაჭირვებით მანიპულირებას. 


ხელისუფლება თვითონ კი არ უნდა ქმნიდეს ოპოზიციას, არამედ ისეთი თამაშის წესები უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომ ამან ბუნებრივად გააჩინოს ოპოზიციის განვითარებისთვის ნოყიერი ნიადაგი.


პოლიტიკური პლურალიზმის პრობლემის ნაწილია მედია სივრცეზე გარკვეული კონტროლის დაწესების მცდელობაც.


იზღუდება თუ არა სიტყვის თავისუფლება საქართველოში იმაზე მეტად დღეს ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო?


სიტყვის თავისუფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნათქვამ სიტყვაზე ხელისუფლება უნდა რეაგირებდეს. შევარდნაძის დროს ადამიანებს ჰქონდათ გარანტირებული “ლაპარაკის თავისუფლება”, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდებოდა მასზე.


დღევანდელი ხელისუფლება კი პირიქით, ზედმეტად აგრესიულად რეაგირებს ნათქვამ სიტყვაზე. მაგალითად, როცა საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაჩნდა კითხვები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ხელისუფლება დასაბუთებული პასუხების ნაცვლად პირდაპირ შეურაცხყოფებზე გადავიდა. ცხადია, ხელისუფლება უნდა რეაგირებდეს კრიტიკაზე, მარგამ არა გაღიზიანებული პოზიციებიდან, არამედ არგუმენტებით.


სისტემა კი, რომელიც ასე პასუხობს კრიტიკას, ამჯობინებს პირდაპირი კავშირები დაამყაროს მედიის მფლობელებთან იმის სანაცვლოდ, რომ “აგრესიულად” გაჩუმებისთვის ცალკეულ ჟურნალისტებს სდიოს. მედიის მფლობელი შეგნებულად მიდის წამგებიან ბიზნესზე ამბობს რა უარს ობიექტურობაზე, რათა სხვა უფრო მნიშვნელოვანი ბიზნესები ხელშეუხებლად შეინარჩუნოს. ასე რომ ამ ინტერესთა თანხვედრის პირობებში ზარალდება მოსახლეობა, რომელიც ვეღარ იღებს კრიტიკულ ინფორმაციას და ამავდროულად ძალიან მგძნობიარეა არაობიექტურობის მიმართ.


როგორია ვითარება კორუფციასთან მიმართებაში?


ახალი სახელისუფლებო სისტემა კორუფციული თვალსაზრისით სერიოზულად დაზარალდა. გაურკვეველი წარმოშობის თანხები, რომლითაც საჯარო ფუნქციები ფინანსირდება, ყოველთვის იწვევს ბიუროკრატიის კიდევ უფრო გახრწნას ამ თვალსაზრისით.


როცა “დიადი” მიზნების მისაღწევად ხდება ფულის “შეწერვა” ბიზნესმენისთვის, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს, ამ არაფორმალური თანხების მოძრაობის პროცესში იმდენი არასასურველი ურთიერთობა მყარდება ადამიანებს შორის, რომ ამას კორუფციის კუთხით ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია.


რა მდგომარეობა შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში?


დღევანდელი ხელისუფლების ძალიან დიდი პრობლემაა ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა და საზოგადოების დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად. “სხვები” ანუ ისინი, ვინც ხელისუფლებას უსიტყვოდ არ უჭერს მხარს, თითქოს მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან, მათი უფლებების შელახვა ხელისუფლებას არ აღელვებს.


ეს პრობლემა ამ ერთი წლის განმავლობაში არათუ მოიხსნა, არამედ სერიოზული უკუსვლაა.


რა შეფასებას მისცემთ “დაჭერების” ცნობილ თემას?


რევოლუცია მოხდა იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომი აღმოფხვრილიყო. შოუ-დაჭერები იყო იმის დემონსტრირება, რომ მოსახლეობას დაენახა უშიშარი და პრინციპული ხელისუფლება, მაგრამ როცა ნიღბიან სპეცრაზმელებთან ერთად ნელ-ნელა წამოვიდა იარაღის, ნარკოტიკების ჩადებები, პროცესუალური ნორმების დარღვევა და ა.შ. ყველაფერმა ამან მიუღებელი სახე მიიღო.


2004 წლის ივნისამდე,  სანამ საპროცესო შეთანხმების ნორმა ამოქმედდებოდა, ამ[დაჭრების] გზით მიღებული თანხები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იყო სახელმწიფო რეკეტი.


ასევე უდიდეს პრობლემად იქცა წინასწარი დაკავების საკითხი. ხელისუფლებამ ეს ინსტიტუტი აქცია სასჯელის ფორმად, რაც არის პოლიტიკური რეპრესია და სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე ადამიანის დასჯა. არადა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. უმრავლესობა გახმაურებული საქმეებისა კი ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი ანუ სასამართლოს არავინ გამოუცხადებია დამნაშავედ.


მიუხედავად ყველაფერ ამისა, დღეს კიდევ აქვს ხელისუფლებას შანსი, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესები და ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ უკვე შელახული ნდობა აღიდგინოს. 



 

მსგავსი/Related

Back to top button