
საგადასახადო კოდექსის პროექტის დახვეწაზე მუშაობა კვლავ გრძელდება
მთავრობის მოლოდინი, რომ ახალ საგადასახადო კოდექსს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა, არ გამართლდა. თითქმის ექვსთვიანი მუშაობის და კოდექსის საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნის შემდეგაც, მის მიმართ დეპუტატებს, ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა თუ ექსპერტებს ასეულობით შენიშვნა დაუგროვდათ.
შედეგად ჯერ-ჯერობით საპარლამენტო განხილვები დაწყებული არ არის და კვლავ კანონპროექტის სრულყოფაზე მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა ისიც ცალსახაა, რომ 2005 წელს საქართველო ახალი საგადასხადო კოდექსით უნდა შეხვდეს. ამის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს არაერთი განცხადება გაუკეთებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი 2005 წლის ბიუჯეტს უნდა დაედოს საფუძვლად.
“საგადასახადო კოდექსის პროექტში პრინციპული ცვლილებები ვერ შევა”, ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნორაიდელის ეს ურყევი პოზიცია მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ცალკეული გადასახადების შემოღებაზე, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვებოდა, საჯაროდ თქვეს უარი.
“მთავრობას არ აქვს პრეტენზია, რომ მის მიერ მომზადებული ვარიანტი იდეალურია, ამდენად მზად ვართ შესაძლებლის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა მეტ-ნაკლებად მისაღები და რაციონალური შენიშვნა”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 8 გადასახდი დარჩება: საშემოსავლო (20%-დან 12%-მდე მცირდება), სოციალური (33%-დან 20%-მდე დაიწევს), მოგების (20%), დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, 20%-დან 18%-მდე იკლებს), აქციზი, ქონების (რომელშიც ინტეგრირებულია დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი), გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.
შემცირებული საგადასახდო განაკვეთების მიმართ კრიტიკა თითქმის არ ისმის, თუმცა ოპონენტები აპროტესტებენ ამ შემცირებების ხარჯზე აქციზური და ქონების გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდას.
“ის, რომ გადასახადები და განაკვეთები შემცირდა დადებითი მომენტია, თუმცა ძირითად შემთხვევებში განაკვეთების სხვა გადასახადებში გადანაწილება მოხდა, მაგალითად გაუქმდა ეკოლოგიის გადასახადი, მაგრამ ამ გადასახადის ტვირთი შემოთავაზებულ ვარიანტში ნავთობპროდუქტების აქციზშია ასახული”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.
განსაკუთრებული ვნებათაღელვა ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის გაზრდამ გამოიწვია. ახალი ვარიანტით მოქალაქემ, რომელიც ფლობს 100 კვ2 -ზე მეტ საცხოვრებელ ფართს, მისი საბაზრო ღირებულების 1%-ი უნდა გადაიხადოს, რითაც დღეს მოქმედი ქონების გადასახადი თითქმის ათჯერ იზრდება. ამ დებულებას ოპონენტთა მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა, რამაც აიძულა მთავრობა კომპრომისებზე წასულიყო.
ქონების გადასახადი, უკვე შეცვლილი სახით, ფიზიკური პირის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება, თუმცა კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მოხდება დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.
“ჩვენ თანახმა ვართ შევცვალოთ ქონების გადასახადის შინაარსი, რითაც მთავრობა დაახლოებით 450-500 მილიონ ლარზე ამბობს უარს – ეს არის ის ფასი, რაც შემოთავზებულ ვარიანტში გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას ადევს”, აცხადებს ზურაბ ჟვანია.
“პრემიერ-მინისტრი მთავრობაში ყველაზე უფრო მზად აღმოჩნდა კომპრომისებისთვის, ამავე დროს ის უკეთ ხედავს იმ შეცდომებს, რომელიც ჩინოვნიკებმა კოდექსის შედგენის დროს დაუშვეს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ზოგადად, ახალი საგადასახადო კოდექსის მიზანს, ხელისუფლების მტკიცებით, “შემცირებული გადასახადებისა და დაბალი განაკვეთების მეშვეობით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, საგადასახადო კულტურის ამაღლება, მყარი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებით და ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების დამკვიდრებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა და ლეგალური ბიზნესის მხარდაჭერა” წარმოადგენს.
თუმცა, ოპონენტთა თქმით, ამ სტრიქონებს მიღმა უამრავი პარადოქსული დებულება იმალება. ზურაბ ტყემალაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში რამოდენიმე ასეთ ნორმაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, “საგადასახადო კოდექსი, არსებული კოდექსის ანალოგიურად, მახინჯი ფორმით არის აგებული, როცა გადასახადის გადამხდელი აპრიორი აღიარებულია დამნაშავედ და მას უხდება თავის მართლება სახელმწიფოს წინაშე”.
ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამს მთავრობის დაპირების შეუსრულებლობის გამო. “კოდექსის პროექტში ძალიან ბევრი მუხლია, რომელიც იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშულებას, არსებობდა შეთანხმება, რომ ამ ტიპის მუხლების ირგვლივ წარმოქნილი დავა მეწარმის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, თუმცა მსგავსი ჩანაწერი არსად ჩანს”, აცხადებს ტყემალაძე.
მიუღებელია ის პუნქტიც, რომლის თანახმადაც გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო ყადაღას ადებს მეწარმის მთლიან ქონებას და არა აღიარებული გადასახადის ექვივალენტურ ქონებას. “შეიძლება ვალი 5 ათასს შეადგენდეს და ამ დროს მოხდეს 5 მილიონი ღირებულების ქონების დაყადაღება, რაც მეწარმის გაკოტრებისკენ იქნება მიმართული”, დასძენს ტყემალაძე.
ასევე ბუნდოვანი ჩანაწერია გაკეთებული მეწარმის მიერ ზედმეტი გადასახადების გადახდის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნების მექანიზმებზე, რაც ახალი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – მეწარმისა და სახელმწიფოს თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ, ეწინააღმდეგება.
“თუ მეწარმე გადასახადების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში დამატებით 0,07% იხდის, მთავრობას შეუძლია 6 თვე გააჩეროს თავის ანგარიშზე მეწარმის თანხები და ამისთვის არაფერს გადაიხდის, ეს კი თავისთვად ნიშნავს არათანაბარი პირობების წარმოქმნას”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ზურაბ ტყემალაძემ.
ოპოზიციის პროტესტს იწვევს საგადასახადო სამსახურებისთვის გაზრდილი უფლებებიც. თუკი დღემდე საგადასახადოს ინსპექტორს საწარმოს გეგმიური შემოწმების უფლება წელიწადში ერთხელ ჰქონდა მხოლოდ, ახალი ვარიანტით ინსპექციას უფლება აქვს წლის ნებისმიერ დროს და რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის, იმდენჯერ ჩაუტაროს შემოწმება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.
“არადა მაკონტროლებლების შემცირებით და საგადასახადო ორგანოებისთვის შეზღუდვების დაწესებით პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ წინა პარლამენტში მოღვაწეობის დროს ამაყობდა”, დასძენს ტყემალაძე.
დავას იწვევს ის დებულება, რომელიც ფიზიკურ პირს საგადასახადო ინპექციის მოთხოვნის შემთხვევაში ავალდებულებს აცნობოს მას სრული ანგარიში, თუ რა ხარჯები გაწია მან წლის განმავლობაში. ეს მაშინ, როცა საქართველოში მოქალაქეს კანონმდებლობა დეკლარაციების შევსებას არ ავალდებულებს, “მითუმეტეს ხარჯების დეკლარირებას, რისი პრაქტიკაც მსოფლიოში არ არსებობს”, დასძენს რომან გოცირიძე.
“შეიძლება ნებისმიერ ფიზიკურ პირს მის მიერ შეძენილი საქონლის წარმოშობის შესახებ მტკიცება დასჭირდეს, თუ ვერ დაუსაბუთე საგადასახდოს ინსპექტორს რა საშულებით შეიძინე ესა, თუ ის ნივთი (ნებისმიერი ღირებულების), მაშინ დამნაშავე ხარ”, აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
“პროექტში უამრავი სისულელეა, რომლისგანაც ის უნდა გაიწმინდოს”, აცხადებს რომან გოცირიძე და ამ მიზნით დაინტერესებული საზოგადოებისა და პარლამენტის წევრების სემინარზე შეკრებას 22-24 ოქტომბერს გეგმავს. სემინარს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც დაესწრება, რათა ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს და 28 ოქტომბერს მისი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების პირველი მოსმენით კენჭყრა მოახერხოს პარლამენტმა.
“კოდექსის პროექტი არის იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა, მაგრამ საბოლოო ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი დეკემბერში მიიღებს, გარწმუნებთ, რომ იქნება გაცილებით უკეთესი შემოთავაზებული პროექტთან შედარებით”, ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის “პოლიტიკური დაპირება”.