ახალი ამბები

დეპუტატები ეუთოს დამკვირვებელთა შესაძლო წასვლას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 5 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეუთოს წარმომადგენელთა თქმით, საქართველოში ეუთოს მისიის მომავალი წლის ბიუჯეტი შემცირდება. ამას შესაძლოა რეგიონში ორგანიზაციის აქტივობის შემცირება მოყვეს. 


„ეს ძირითადად ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციას შეეხება. ეს სიახლე ნამდვილად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაფართოებას მოითხოვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველო დაჟინებით მოითხოვს ეუთოს მიერ გაკონტროლდეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთიც. ამ ინიციატივას ცხინვალიც და მოსკოვიც ეწინააღმდეგებიან.


„ბიუჯეტის შემცირება ნიშნავს, რომ ეუთო დაასრულებს თავის სასაზღვრო ოპერაციებს, რაც საქართველოზე უარყოფით გავლენას მოახდენს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა.


150-მდე უიარაღო დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს ახორციელებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა დააკვირდნენ და აღმოჩენის შემთხვევაში განაცხადონ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების შესახებ. ეუთოს თბილისის ოფისის განცხადებით, 2003 წლის განმავლობაში საზღვრის გადმოკვეთის 42 საჰაერო და 373 სახმელეთო შემთხვევა დაფიქსირდა.


ეუთოს მისიის განხორციელება 1999 წელს, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის 82-კილომეტრიანი მონაკვეთის პატრულირებით დაიწყო, რასაც წინ უძღოდა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებები შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე.


საქართველოს მთავრობის თხოვნით, 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა გაეფართოებინა მონიტორინგის მისია ინგუშეთის 58-კილომეტრიან მონაკვეთზე. ხოლო 2002 წლის დეკემბერში ეუთომ კვლავ გააფართოვა მონიტორინგის მისია დაღესტნის მიმართულებით.    


ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 29 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე მონიტორინგის მისიის 6 თვით გაგრძელების შესახებ.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button