ახალი ამბები

ოთხმხრივი კომისია კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზე აკეთებს აქცენტს







შსკ–ის თანათავმჯდომარეები
შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე, რომელიც მოსკოვში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და რომელსაც საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და ეუთოს მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს და შესაბამის ოქმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით მხარეები ვალდებულებას იღებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელონ ნებისმიერი ტიპის ცვლილება კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სამშვიდობო ძალებში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ შეადგინონ დანაღმული ტერიტორიების სქემა; ზამთრის პეიროდში კი მოხდეს რეგიონის ელექტორენერგიით მომარაგების უზრუნველყოფა.


4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო განცხადებაში ნათქვამია, რომ შსკ სხდომაზე ხელმოწერილი ოქმის მიხედვით მხარეები იღებენ ვალდებულებას 15 ოქტომბრამდე დასრულდეს კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ბატალიონის პირადი შემადგენლობის აღრიცხვა.


როგორც ცნობილია, კონფლიქტის ზონაში განთავსებულია ოსურ–ქართულ–რუსული ერთობლივი სამშვიდობო ძალები. თითოეულ მხარეს აქვს უფლება იყოლიოს 500 სამშვიდობო.


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამდნენ პროტესტს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე თავის სამშვიდობო კონტიგენტის როტაციას ხშირად და ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ახორციელებდა, რაც მათი აზრით, კონფლიქტის ზონაში ზედმეტი ძალების მობილიზაციას განაპირობებს.


ხელმოწერილი ოქმით ასევე გათვალისწინებულია, რომ 20 ოქტომბრამდე მხარეები დააზუსტებენ კონფლიქტის ზონაში განთავსებული საგუშაგოების რაოდენობასა და ზუსტ ადგილმდებარეობას, რათა გაადვილდეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების იდენტიფიკაცია კონფლიქტის ზონაში.


შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა შედგეს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის  პირისპირ შეხვედრა. თუმცა ხელმოწერილ ოქმში არაფერია ნათქვამი, თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა.


მხარეებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს შსკ–ის ფორმატით მაღალი რანგის შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღონ. ამ სახის შეხვედრის ინიციატივით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი გამოვიდა. მან მხარეებს შეხვედრის ადგილად ბულგარეთის დედაქალაქი სოფია შესთავაზა.


მოსკოვში გამართული შეხვედრისას ოსური მხარის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა თბილისის ინიციატივა კონფლიქტის ზონის გაფართოების თაობაზე. ამჟამად ზონა ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება. ქართული მხარე მოითხოვს ამ ზონის გაფართოებას, რაც გულისხმობს შერეული სამშვიდობო ძალებისა და ეუთოს დამკვირვებელთა პასუხისმგებლობის არეალის გაფართოებას როკის გვირაბსა და ჯავის რაიონის მიმართულებით.


“ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ სამშვიდობო ძალებს მიეცეთ უფლება  გაკონტროლონ სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია“, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ.


შსკ-ს სხდომაზე ასევე განიხილეს ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენიბის 5–დან 10–მდე გაზრდის საკითხი. სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მხარე არ ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, თუმცა ეს წინადადება ხელმოწერილ ოქმში არ ასახულა. “ამ საკითხზე მომავალ შეხვედრაზე შევთანხმდებით“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ირაკლი ანთაძემ.


სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“ საუბარში განაცხადა, რომ მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმება შედგეს დანაღმული ტერიტორიების სქემა ასევე ითვალისწინებს განაღმვითი ოპერაციების ჩატარებას და გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრისას ასევე განიხილეს ზამთრის პერიოდში კონფლიქტის ზონის ელექტორენერგიით მომარაგების, შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემის და ასევე სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტების საკითხები.


ერთადერთი, რაზეც მხარეები კამათის გარეშე შეთანხმდენენ, შერეული სამშვიდობო ძალების მთავარსარდლად მარატ კულახმეტოვის დამტკიცება იყო, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში ამ პოსტზე გენერალი სვიატოსლავ ნაბზდოროვი შეცვალა. 


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრი, შსკ-ს თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი მოსკოვში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულებას ეჭვის თვალით უყურებს და ქართულ მხარეს კვლავ წინა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს.


“ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს საქართველოს ორი ხელისუფლება ჰყავს, ერთი რომელთანაც ვთანხმდებით გარკვეულ საკითხებზე და მეორე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებებს“, განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბორის ჩოჩიევმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button