ახალი ამბები

აფხაზური დიასპორის ლიდერი აფხაზეთის პოლიტიკის თავისებურებებზე საუბრობს

ინტერვიუ იანალ კაზანთან
 
ის ფაქტი, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არჩევნებიდან ორი დღის თავზეც კი არ არის ცნობილი, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს რეგიონში მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებასთან დაკავშირებით. “სივილ ჯორჯიამ“ 4 ოქტომბერს არჩევნებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა იანალ კაზანს, აფხაზური დიასპორის პრეზიდენტს, რომელმაც თავისი შეხედულებები დააფიქსირა აფხაზეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
 
ამერიკაში მცხოვრები, ეროვნებით აფხაზი იანალ კაზანი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას წარმომადგენელი იყო შეერთებულ შტატებში, თუმცა 1999 წელს იგი არძინბასგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამდებობიდან გადადგა. ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საარჩევნო კოდექსი, რომელიც უკრძალავს საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობას, თუ მას ბოლო ხუთი წელი აფხაზეთში არ უცხოვრია, სწორედ კაზანისთვის იქნა მიღებული, რათა საკანონმდებლო ბარიერი შეექმნათ მისთვის 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების მისაღებად. 2002 წელს კაზანი თბილისს ეწვია და მაშინდელ ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარების საქმეში შუამავლობა შესთავაზა. თბილისი მიესალმა მის წინადადებას, თუმცა აფხაზეთის ხელმძღვანელობამ მისი ინიციატივა არ მიიღო.
 
იანალ კაზანის თქმით, აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდება, რომელიც არძინბას ფავორიტი კანდიდატია და რომლის რუსეთთან ახლო კავშირებიც ყველასთვის ნათელია. მისი თქმით, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესი არ არის მოსალოდნელი ახალი ლიდერის არჩევის შემდეგაც კი, “რადგანაც ახალი რეჟიმიც ძველის ანალოგიური იქნება, შეიძლება უარესიც კი იყოს“.
 
როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები?
 
იმედი მქონდა, რომ აფხაზეთის არჩევნები, რომელშიც რამდენიმე ისეთი კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ მშვიდობასა და ეროვნულ შემრიგებლობაზე, დემოკრატიული იქნებოდა. პრეზიდენტის არჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აფხაზეთში ახალი ხედვის ჩამოყალიბების გზაზე. თუმცა, ყველა კანდიდატი თითქმის ერთნაირია, ისინი ყველა არძინბას პოლიტიკის მიმდევრები არიან.
 
გთხოვთ გაუზიაროთ ჩვენს მკითხველს თქვენი შეხედულება აფხაზეთის პოლიტიკური სპექტრის  შესახებ? გარედან ჩანს, რომ სოხუმში პოლიტიკური პლურალიზმია. რამდენად  მართებულია ეს შეხედულება?
 
სამწუხაროდ, თქვენი შეხედულება პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ რეალობას მოკლებულია. აფხაზეთი არძინბას ფილოსოფიას ვერ გასცდა. ყველა კანდიდატი მის პლატფორმას იზიარებს და ეფუძნება. ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელშია, რომელსაც რუსეთიდან გარკვეული ინტერესთა ჯგუფი უჭერს მხარს.  
 
თქვენი აზრით, არჩევნების შემდეგ ქართულ-აფხაზურ დიალოგში პროგრესი მოსალოდნელია?
 
ვშიშობ, პასუხი ამ კითხვაზე არის “არა“. როგორც ადრე ვთქვი, ახალი რეჟიმი ძველის ანალოგი იქნება. შეიძლება უარესიც კი იყოს. ახალი პრეზიდენტი სავარაუდოდ ახლანდელი პრემიერ-მინისტრი [რაულ ხაჯიმბა] გახდება, რომლის ახლო კავშირებიც რუსეთთან ყველასთვის ცნობილია. საქართველო დიდ დათმობებზე უნდა წავიდეს და უახლოეს მომავალში საგანგებო ღონისძიებები განახორციელოს, რათა აღიდგინოს აფხაზი ხალხის ნდობა. თბილისმა ისეთი პირობები უნდა წაუყენოს სოხუმს, როგორიც აფხაზებისთვის იქნება მისაღები და არა პირიქით. ამავე დროს აფხაზებიც უნდა მოეგონ გონს და რეალურ განზომილებაში შეხედონ სამყაროს.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იქნას.
 
თქვენ ალბათ გაეცანით ქართველ ექპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონცეფციას აფხაზეთის შესახებ. რა ფიქრობთ ამ პროექტზე?


მე გავეცანი კონცეფციას. ვშიშობ, ის ძალიან არასრულყოფილია. კონცეფციაში არსად ჩანს ის მომენტი, რომ კონფლიქტში მოგებული მხარე კარნახობს სამშვიდობო პირობებს. ქართველი ექსპერტები არაფერს იმეტებენ აფხაზეთისთვის თავიანთ კონცეფციაში. მშვიდობის გასაღები კი იმის გააზრებაში დევს, თუ რა არის ის მაქსიმუმი კომპრომისი, რაზეც აფხაზები წავლენ საქართველოსთან და სანამ ქართველები არ გააცნობიერებენ ამას, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ სასწაულს შეუძლია.
 
ერთ-ერთ სტატიაში თქვენ აღნიშნეთ, რომ “აფხაზეთს მშვიდობის ახალი გეგმა სჭირდება“. შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ ეს გეგმა?
 
გარდა ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიებისა, აფხაზეთმა საკუთარ ტერიტორიაზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სპექტრზე სრული გავლენა უნდა იქონიოს. აფხაზურ მიწაზე ქართული სამხედრო შენაერთების არსებობა დაუშვებელია. თბილისს უნდა გააჩნდეს პირობითი ძალაუფლება, სოხუმს კი ვეტოს უფლება აფხაზეთთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. ის უბრალო ფაქტი, რომ აფხაზები უნდა იყვნენ აფხაზეთის მეპატრონეები აღარ უნდა იყოს სადავო. როდესაც ვამბობ აფხაზებს, მე ვგულისხობ ყველა იმ მრავალ-ეთნიკურ ჯგუფებს, მათ შორის ქართველებსაც, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. მე დიასპორის სამშვიდობო გეგმა 2002 წლის ივნისში საქართველოს დედაქალაქში უკვე წარვადგინე.
 
მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი. იმედი მაქვს, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა აღიაროს აფხაზების უფლებები თავიანთ სამშობლოში და მათი თვითმმართველობა. გარდა ამისა, აფხაზეთის დიასპორა ყველა მომავალი სამშვიდობო პროცესის ნაწილი უნდა გახდეს. ქართველი დევნილები აფხაზეთში თავიანთ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ. ჩვენ ყველას ერთად მშვიდობა, პროგრესი და კეთილდღეობა გველის.       


 

მსგავსი/Related

Back to top button