ახალი ამბები

ხაჯიმბამ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო







რაულ ხაჯიმბა (მარცხნივ) პრეზიდენტ პუტინთან
პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის
წამყვანი კანდიდატი გახდა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ, აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და აფხაზეთის უკვე ყოფილი ლიდერის ვლადისლავ არძინბას ფავორიტმა კანდიდატმა, ხმების 52,8% დააგროვა და რეგიონის პრეზიდენტიც გახდა. მისმა მეტოქემ, გავლენიანმა ბიზნესმენმა სერგეი ბაღაფშმა, რომლის კანდიდატურასაც აფხაზეთის წამყვანი ოპოზიციური მოძრაობები უჭერდნენ მხარს, 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 33,5% მოიპოვა.
 
დანარჩენი სამი კანდიდატის მაჩვენებლები კი ასე განაწილდა –  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა – 9.9%, “სახლხო პარტიის“ ლიდერი იაკუბ ლაკობა – 2.7%, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია – 0.9%. აღნიშნული მონაცემები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცსკ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 
 
აფხაზეთის ცსკ-ს თავმჯდომარის სერგეი სმირის თქმით, არჩევნები უმნიშვნელო დარღვევებით ჩატარდა. თუმცა, ქართული მედიის ცნობით, გალის რაიონის ეთნიკური ქართული მოსახლეობა აიძულეს რაულ ხაჯიმბას სასარგებლოდ მიეცათ ხმა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
 
გალის რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, რაიონის 60 ათასი მაცხოვრებლიდან, მხოლოდ 15 ათას მიეცა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. 
     
რუსული გაზეთის “ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი აფხაზეთში ოფიცილაურად რეგისტრირებული არ იყო. ათასობით დევნილი ბოლო წლების განმავლობაში სპონტანურად დაბრუნდა გალის რაიონში. მათი უმეტესობა თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევს.
 
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მთავარი მიზეზი, რისთვისაც საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს დაბრუნებული ქართველებისთვის სამოქალაქო უფლების ჩამორთმავაა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, 200 ათასამდე დევნილს არა აქვს საშუალება თავიანთ სახლებს დაუბრუნდეს, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაბრუნებულების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები უხეშად ირღვევა.    
 
“’არა მგონია, რომ ვინმე შეეგუოს ეთნიკური წმენდას, როდესაც ხალხი თავიანთი სახლებიდან გამოაგდეს და ბევრიც მოკლეს. არჩევნების ჩატარება ამ ხალხის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ოქტომბერს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.  
 
ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში სავარაუდოდ გააპროტესტებს არჩევნების შედეგების კანონიერებას.  იგი აფხაზეთის წამყვანი ოპოზიციური მოძრაობების ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მას ასევე უჭერს მხარს “აფხაზეთის ომის ვეტერანების“ გავლენიანი ჯგუფი. სერგეი ბაღაფში 1999-2000 წლებში აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი იყო. 2000 წლიდან იგი აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობს.
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ “აფხაზეთში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა“; თუმცა, მან ვერ დაადასტურა ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორი პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა.
 
“არა მგონია, რომ სინამდვილეში ხაჯიმბას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აფხაზეთში ვიდრე ბაღაფშს. მიმდინარე კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბაღაფშს ძალიან ძლიერი და გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავს, მათ შორის ოპოზიციური მოძრაობები “ამცახარა“ და “აიტაირა“. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები, მათ შორის რუსი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, შეეცდებიან მოლაპარაკებების გზით გარიგებაზე დაიყოლიონ ბაღაფში, არ არის გამორიცხული, რომ მას პრემიერ-მინისტრის პოსტიც კი შესთავაზონ, რათა დაძაბულობა, რომელიც დღეს არსებობს, როგორმე განიმუხტოს“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 4 ოქტომბერს.
 
მან კიდევ ერთხელ დაგმო არჩევნები, როგორც “არალეგიტიმური“ და არჩევნებში ხაჯიმბას გამარჯვებას “დანიშვნა“ უწოდა. მხედველობაში ჰქონდა რა მისდამი კრემლის ღია მხარდაჭერა.


ხაინდრავას თქმით, თბილისისთვის უფრო ადვილი იქნება პრორუსული მიმართულების ხაჯიმბასთან ურთიერთობა, ვიდრე ნაციონალისტ ბაღაბშთან.
 
“თუ მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობები დაახლოვდება, და ვფიქრობ ეს ასეც მოხდება, ქართული მხარისთვის გაადვილდება ხაჯიმბასთან დიალოგი. ხაჯიმბა, რომელიც რუსეთის უშიშროებას ემსახურება, მოსკოვის ყველა ინსტრუქციას შეასრულებს“, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
 
46 წლის რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად 2003 წლის მაისში დაინიშნა, მანამდე იყო უშიშროების სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი. 80-90-იან წლებში კი – ტყვარჩელის უშიშროების სამსახურის თანაშრომელი.
 
დამკვირვებელთა თქმით, მას სერგეი ბაღაფშთან მიმართებაში სამი უპირატესობა აქვს: მის კანდიდატურას ვლადისლავ არძინბა უჭერდა მხარს, რომელიც მიუხედავად აფხაზი საზოგადოების კრიტიკისა მაინც მნიშვნელოვან ფიგურად რჩება რეგიონში; ასევე, არძინბას მხარდაჭერამ საშუალება მისცა ხაჯიმბას გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსები; და ბოლოს, ხაჯიმბას კრემლის მხარდაჭერა აქვს. ეს მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 აგვისტოს პირისპირ შეხვედრა გამართა ხაჯიმბასთან სოჭში.
 
არჩევნების მიმდინარეობისას რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთი იბრძოლებს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად, ასევე რუსეთთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად. “საქართველოსთან უკვე გვქონდა ურთიერთობები, რაც სავსებით საკმარისია“, დასძინა ხაჯიმბამ.      

მსგავსი/Related

Back to top button