
აშშ საქართველოს თავდაცვის სფეროში დახმარებას სამჯერ უზრდის
![]() |
ერაყში ქართული კონტიგენტის გაზდრის პარალე- |
აშშ მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოში არსებული კონფლიქტების [სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი] მშვიდობიანი მოგვარებისთვის დახმარება აღმოუჩინოს ხელისუფლებას. ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოთხოვნას ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.
გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, რომელმაც ქვეყნის მთავარსარდალს – პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე მოახსენა “წარმატებული ვიზიტის” დეტალები, 4 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა მიმდინარე წელს დაიწყება და 2005 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამ მიზნით აშშ თანხებს დამატებით გამოყოფს.
“საუბარია სამჯერ მეტ დახმარებაზე, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უწევდა ამერიკა საქართველოს სამხედრო სფეროში“, აცხადებს გიორგი ბარამიძემ.
“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით, რომელზეც აშშ-მ მისი მიმდინარეობის 2 წლის მანძილზე 64 მილიონი დოლარი დახარჯა, მომზადდა ოთხი მსუბუქი ქვეითი ბატალიონი და ერთი მექანიზირებული ჯავშოსანი ასეული. ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებული ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ სამშვიდობო მისიას წარმატებით ახორციელებენ. თუმცა, ახალი პროგრამა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში არ ხორციელდება.
“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა უკვე დასრულდა. ეს ახალი პროგრამაა, რომელიც ქართველი სამშვიდობო კონტიგეტის მომზადებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც ქვეყანას ეყოლება ამერიკულ სტანდარტებით გაწვრთნილი სამხედრო ძალა. ეს აისახება ქვეყნის სიძლიერეზე და ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე”, განაცხადა გიორგი ბარამიძემ, თუმცა აქვე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს ხელისუფლების მიერ კონფლიქტების ძალის გამოყენებით მოგვარებას.
“ჩვენ გვინდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მშვიდობიანი მოგვარება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს და ექნება საკმარისი ძალა აგრესიის მოსაგერიელებლად”, დასძინა გიორგი ბარამიძემ.
აშშ-ს მხარემ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ მიზნით რუსეთთან შუამავლობაც შესთავაზა.
აშშ ასევე მიესალმება საქართველოს ინიციატივას ერაყში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდის შესახებ და მზადაა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ისეთივე პირობები შეუქმნას, როგორ პირობებშიც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან ერაყში.
“საქართველო მზად არის ერაყში გააგზავნოს დამატებითი სამშვიდობო ძალები, თუ ისინი ისეთივე პირობებში იქნებიან, როგორც ამერიკელები. საუბარია ხელფასების გაზრდაზეც“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
7 სექტემბერს ერაყში ვიზიტის შემდეგ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ოქტომბრიდან ერაყში ქართველ სამშვიდობოთა კონტიგენტი 159-დან 300-მდე გაიზრდება.
“მაშინ როცა კოალიციის ჯარების ნაწილი ტოვებს ერაყს, აშშ დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას და საქართველოს ერთ-ერთ სტაბილურ პარტნიორად მიიჩნევს, ჩვენი პოზიცია არის ერთიანი – ვებრძოლოთ ტერორიზმს”, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ქართული და რუსული მხარეები ვერ თანხმდებიან ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებულ რუსეთის ორი სამხედრო ბაზის თაობაზე. 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე მიღებული შეთანხმების მიხედვით, ორ ქვეყანას ეს საკითხები 2001 წლამდე უნდა მოეგვარებინა. თუმცა, მხარეებმა დღემდე ამ მიმართულებით პროგრესს ვერ მიაღწიეს.
ბარამიძის თქმით, ამერიკის, ისევე როგორც ნატოს წევრი სხვა ქვეყნების პოზიცია ცალსახაა, რუსული სამხედრო ბაზები უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან და ეს დაახლოებით ორ-სამ წელიწადში უნდა მოხდეს. თუმცა რუსული მხარე ბაზების გაყვანისათვის 7-8 წელს ითხოვს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აბსურდულია რუსეთის მოთხოვნა აშშ-სა ან სხვა დონორი ქვეყნების მხრიდან ბაზების გაყვანისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. “რუსებს თავად გააჩნიათ საკმარისი სახსრები, რათა საკუთარი ბაზების გაყვანა უზრუნველყონ“, დასძინა ბარამიძემ.