
ახალი ამბები
თბილისი და ცხინვალი მოლაპარაკებებს განაახლებენ
![]() |
გოგა ხაინდრავა: ცხინვალის რეგიონში სროლები არ ისმის, თუმცა მშვიდობა არასტაბილურია. |
შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მხარეებს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება, მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონში 20 აგვისტოს შემდეგ შედარებითი სიმშვიდე დამყარდა. ამ დღეს ქართულმა მხარემ რეგიონიდან არასამშვიდობო კონტინგენტი გამოიყვანა.
“ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრაში და განვიხილავთ ცეცხლის შეწყვეტის მყარ გარანტიებს. ჩვენ ასევე დავაყენებთ [საქართველოს პრემიერ-მინისტრის] ზურაბ ჟვანიასა და [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის] ედუარდ კოკოითის მაღალი დონის შეხვედრის საკითხს“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ 25 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს შერეულ საკონტროლო კომისიაში.
გოგა ხაინდრავას თქმით, ამჟამად კონფლიქტის ზონაში არამდგრადი მშვიდობაა დამყარებული. “სროლების ხმა არ ისმის, თუმცა მშვიდობა სტაბილური მაინც არ არის “, დასძინა მან. მისი განცხადებით, ხანგრძლივი პაუზა შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრაში სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია.
სამხრეთ ოსეთის მხარემ თავისი პოზიცია შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის თაობაზე 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში დააფიქსირა.
“უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან, სიტუაციის სტაბილიზაცია, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მაღალი დონის ოფიციალურ პირთა შეხვედრის ორგანიზება – ეს ის საკითხებია, რომლებიც მოლაპარაკებების დროს იქნება განხილული“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა.
მისი თქმით, შერეული სამშვიდობო ჯარების ახალი მეთაურის დამტკიცებაც მოსკოვში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის დროს იგეგმება. ცოტა ხნის წინ, რუსულმა მხარემ სამშვიდობოების ყოფილი მეთაური სვიატოსლავ ნაბზდოროვი გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვით ჩაანაცვლა.
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის |
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი ასევე გეგმავს შერეულ საკონტროლო სხდომაზე პროტესტი გამოთქვას “ქართული მხარის მიერ სამშვოდობათა როტაციის პროცესში დარღვევების თაობაზე“. საქართველოს, ისევე როგორც რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს, 500 სამშვიდობო ჰყავს კონფლიქტის ზონაში, რაც 1992 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
ჩოჩიევის განცხადებით, “ქართულმა მხარემ 31 მაისის შემდეგ ოთხჯერ განახორციელა როტაცია ქართულ სამშვიდობო ძალებში, არადა წესით როტაცია 6 თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს”. ამასთან, “ვერ ვახერხებთ [ოსური მხარე] გავეცნოთ იმ სამშვიდობოთა სიას, რომელთა ჩანაცვლებაც ხორციელედება”, აღნიშნა ჩოჩიევმა.
“სისტემატიური ცვლილება ხდება იმისთვის, რომ უფრო მეტმა სამხედრომ გაიცნოს რეგიონის ტერიტორია და უკეთ მომზადებული შეხვდეს საომარ მოქმედებებს“, განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.
“ქართველ სამშვიდობოთა როტაციის ვადები ჩვენზეა დამოკიდებული და მხოლოდ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამის თაობაზე“, განმარტავს გოგა ხაინდრავა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 17 სექტემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო “აგრესიას გეგმავს“, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს.
თუმცა, ქართული მხარე უარყოფს ბრალდებებს. “ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებზე”, განუცხადა გოგა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“.