skip to content
ახალი ამბები

მესამე სექტორის ლობირებით “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტში პრინციპული ცვლილებები შევიდა






ტელეანძა საზოგადოებრივ
ტელევიზიას აღარ გადაეცემა.

სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მაუწყებლების კრიტიკის შემდეგ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა და დათანხმდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტში, რომელიც ბოლო დროს მწვავე დისკუსიის საგანი გახდა. ერთი კვირის ვადაში კანონპროექტის ახალი ვერსია უნდა შემუშავდეს, სადაც გათვალისწინებული იქნება არასამთვარობო ორგანიზაციების შენიშვებიც.


23 სექტემბერს კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შედგა. მასში მონაწილეობდნენ, როგორც კანონპროქტის ინიციატორები (პარლამენტარი გიგა ბოკერია და “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები), ასევე დამოუკიდებელი მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
მესამე სექტორის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიებისა და შენიშვნების შედეგად, შეიცვალა ცალკეული დებულებები, კერძოდ, ლიცენზირებისა და ტელე-ანძის სტატუსის შესახებ.
 
კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსია ითვალისწინებს სატელევიზიო სიხშირეზე, მაუწყებლობის ლიცენზიის 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ლიცენზიის გაგრძელების ნაცვლად (როგორც ეს ახლა ხდება), ახალი კონკურსის გამოცხადებას.
 
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს დებულება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის საშუალება შეიძლება გამხდარიყო. “ყოველი ათი წლის შემდეგ ლიცენზიის პირობების გადახედვა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ შეიზღუდება მაუწყებლობის დამოუკიდებლობა”, აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ანი დოლიძე.
 
ახალი კონკურსის გამოცხადება უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რადგან, როგორც ექსპერტები აცხადებენ, გაწერილი არ არის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (რომელიც უფლებამოსილია კონკურსების გამოხადება/ჩატარებაზე) უფლება-მოვალეობები, მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული კონკურსის პირობები, რის შედეგადაც კონკურსი აუქციონად შეიძლება გადაიქცეს.
 
საბოლოოდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული დებატების შედეგად გადაწყდა, რომ კონკურსი მხოლოდ ახალ სატელივიზიო სიხშირეებზე გამოცხადდება.
 
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დავას იწვევდა, ტელე-ანძის საზოგადოებირივი ტელევიზიის ფლობაში გადაცემა იყო. კანონპროექტის მიხედვით ამჟამინდელი სახელმწიფო ტელევიზია უნდა გადაკეთდეს საზოგადოებრივ ტელევიზიად, რომელსაც გადაეცემა ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს “ტელერადიოცენტრი”.
 
მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ტელე-ანძა, რომლის მეშვეობითაც ხდება კერძო ტელეკომპანიების მაუწყებლობის გავრცელება, კვლავაც სახელწიფო საკუთრება უნდა იყოს და არა რომელიმე ერთი კონკრეტული არხის კუთვნილება. ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებაშიც წავიდა კომპრომისზე. შედეგად, კანონპროექტის ახალ ვერსიაში საზოგადოებრივ ტელევიზიას საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი იყენებს.
 
თუმცა, კანონპროექტში კვლავაც რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელთაც დამოუკიდებელი მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრინციპულად არ ეთანხმებიან და რომელთა წინააღმდეგ ლობირებას მომავალშიც აპირებენ.
 
ერთ-ერთი ასეთი საკითხია საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით კომერციული რეკლამის გაშვების საკითხი. საზოგადოებრივი ტელევიზია სახელმწიფო დაფინანსებაზე იქნება. შესაბამისად, დამოუკიდებელი მაუწყებლები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას კომერციული რეკლამიდან შემოსავალი აღარ უნდა სჭირდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს არ ექნება კომერციული რეკლამის გაშვების უფლება, მაშინ რეკლამიდან, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა, შემოსავლები გაეზრდებათ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს. თუმცა ხელისუფლება ამ წინადადებას კატეგორიულად არ თანხმდება.
 
საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საზოგადოებრივი ტელევიზია დაფინანსდება ყოველი მოქალაქის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 1,5%-ით. ეს პროცენტული მაჩვენებელი კი გაუგებრობას იწვევს, რადგანაც, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, საზოგადოებრივი ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფინანსური გაანგარიშება დღემდე არ არსებობს. 24 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  სწორედ ამ მიზეზით არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს.
 
წინასწარი გათვლებით საშემოსავლო გადასახადის 1,5% წელიწადში დაახლოებით 15-16 მილიონი ლარს შეადგენს, თუმცა ეს მონაცემი სტაბილური არ არის, რაც შესაბამისად არასტაბილურს ხდის საზოგადოებრივი ტელევიზიის ბიუჯეტს.
 
როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ერთ კვირაში შესწორებული დოკუმენტი მზად იქნება. თუმცა იმის გამო, რომ კანონპროექტში კვლავაც რჩება სადავო საკითხები, მოსალოდნელია, რომ დებატები “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე კვლავაც გაგრძელდება. 
 

Back to top button