skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის საზღვრის გადალახვა დღითიდღე რთულდება

უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოდან თბილისი-მოსკოვის ავიარეისით მიმავალ მგზავრებს რუსეთის აეროპორტიდან მოსკოვი-თბილისის რეისით უკან აბრუნებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე 60 მგზავრი დაბრუნდა უკან საქართველოში. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის განმარტებით, ქართველ მგზავრებს ვიზები არ აქვთ წესრიგში, რაც მათი რუსეთის ტერიტორიაზე არ შეშვების საფუძველი ხდება.


ამის პარალელურად, უკვე მეოცე დღეა დაკეტილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარიც. ზემო ლარსის გამშვებ ორივე პუნქტთან არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ მგზავრებსაც არ ეძლევა საზღვრის გადალახვის საშულება. ეს გადაწყვეტილება რუსეთმა ბესლანის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მიიღო.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს რუსეთის საგარეო უწყებას გაუგზავნა ნოტა, სადაც განმარტებებს სთხოვს ქართველი მგზავრების რუსეთის ტერიტორიაზე არ შეშვებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე სასაუბროდ 21 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილიც იმყოფებოდა. 22 სექტემბერს კი ამავე საკითხის განხილვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შედგა, რომელზეც ჩხიკვიშვილიც იყო მიწვეული, თუმცა იგი სხდომაზე არ მისულა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთის გამკაცრებული ზომებია მიღებული. რუსი მესაზღვრეები, უშიშროების თანამშრომლებთან ერთად ატარებენ ოპერაციას კოდური სახელწოდებით “მიგრანტი”, რომლის ფარგლებშიც მოწმდება სასტუმროები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ოპერაციის ფარგლებში რუსეთიდან დეპორტირებულია 800–ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკიდება რა გაგებით ოპერაცია “მიგრანტის” მიმდინარეობას, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ წესების სრული დაცვით მოხდეს ყველა საჭირო საბუთის შევსება.


“ამ გამკაცრებულ რეჟიმში რუსმა მესაზღვრეებმა დაიწყეს ვიზის სტატუსისა და სტუმრობის მიზნის შესაბამისობის შემოწმება და ამას მოჰყვა სწორედ ის ფაქტები, რაც დაფიქსირდა ქართველ მგზავრებთან მიმართებაში ”, აცხადებს მერაბ ანთაძე. 


“მე მინდა ვურჩიო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მისი ვიზის სტატუსი, რაც ფიქსირდება ანკეტაში და მიგრაციულ ბარათში, რომელიც საზღვრის გადაკვეთის წინ ეძლევათ, იყოს შესაბამისობაში. თუ ეს არის პირადი ან კერძო მოწვევა, იგი უნდა შეესაბამებოდეს პასუხს, როდესაც ისინი მესაზღვრეებს ესაუბრებიან საზღვრის გადაკვეთისას. თუ ეს არის ტურისტული ვიზა, იგი უნდა შეესაბამებოდეს რუსეთში ჩასვლის ნამდვილ მიზანს და ეს უნდა აისახებოდეს მათ პასუხებშიც“, ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რომ საკონსულო დოკუმენტაციის შევსებისა და მომზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.


საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის დარეგულირებული საზღვრის გადაკვეთის წესები, “რაც საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიაზე არ შეშვების მიზეზია”, ნათქვამია რუსეთის საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელების შესვლას “რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და გამოსვლის” შესახებ კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც ვიზის სტატუსისა და სტუმრობის მიზნის შეუსაბამობის შემთხვევაში რუს მესაზღვრეებს სრული უფლება აქვთ არ შეუშვან უცხოელი მოქალაქეები. თუმცა დღემდე ამ მიზეზით საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შეშვებაზე უარი არ უთქვამთ. 


“რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსი მესაზღვერეებისათვის მგზავრისადმი სუბიექტური დამოკიდებულებაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ქვეყანაში არ შეუშვან”, აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, მოსკოვში საქართველოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი, საელჩოს სხვა თანამშრომლები იმყოფებიან ადგილზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაჭრან ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.


თუმცა მოსკოვის აეროპორტში დაკავებულ ქართველ მგზავრებს, რომელთაც ღამის გათევა აეროპორტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე მძიმე პირობებში უწევთ, არავინ უხსნის მათი დაკავების მიზეზს.


“საზღვრის გადალახვაზე უარის თქმა მათ [რუს მესაზღვრეებს] შეუძლიათ, თუმცა ჩვენ პროტესტს მგზავრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა იწვევს”, აცხადებს დეპუტატი ლევან დუჩიძე. 


გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, საკონსულო დეპარტამენტს უკვე გამოეხმაურა რამოდენიმე დაზარალებული მოქალაქე, რომელთაც მათი მოსკოვის აეროპორტებში დაკავების გასაჩივრება სურთ. მოქალაქეთა ნაწილს, რომელიც რუსეთში არ შეუშვეს, რუსმა მესაზღვრეებმა გაუფორმეს იურიდიული აქტი, რომლის გასაჩივრების უფლება ინდივიდუალურად მხოლოდ დაზარალებულს აქვს. მგზავრების უმრავლესობა კი მოსკოვიდან გამობრუნებისას მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს და არანაირი იურიდიული აქტი არ გაუფორმეს.


“რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არ არიან დეპორტირებულნი, სამართლებრივი ტერმინით, ეს არის საზღვრის გადაკვეთის უფლებაზე უარის თქმა”, განმარტავს მერაბ ანთაძე.


საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 30 ივლისს მას შემდეგ გაამარტივა, რაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ამ საკითხებზე შეთანხმებას თებერვალში მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს. მაგრამ რუსეთმა არათუ გაამარტივა, არამედ გაამკაცრა სავიზო და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები.


“ჩვენი თანამოქალაქეების რუსეთში შესვლაზე უარის თქმა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს არ ხვდება შემხვედრი ხელი, საქართველოს, თითქოსდა ტერორისტების თავშესაფარ ქვეყნად წარმოჩინებას, ამ შემთხვევაშიც ცდილობს რუსეთი, რომელიც საქართველო მიმართ არაკეთილგანწყობას უკვე აშკარად გამოხატავს”, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


რიგითი მოქალაქეების გარდა, რუსეთის საზღვრის გადალახვასთან არსებული პრობლემების გამო ზარალს საქართველოს ბიუჯეტიც განიცდის. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ჩრდილოეთის განყოფილების უფროსის კახა მიქელაძის თქმით, ბოლო 20 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა ლარსის საგუშაგოდან 3-4 მილიონი ლარის შემოსავლები დაკარგა.      


“ტვირთების მოძრაობა ბესლანის მოვლენების დაწყების დღიდანვე შეჩერდა, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხარეს 300-300 სატვირთო მანქანა ელოდება საზღვრის გახსნას, თუმცა დღემდე სამთავრობო დონეზე რაიმე დირექტივა ტვირთბრუნვის აღდგენასთან დაკავშირებით არ მიგვიღია”, აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში კახა მიქელაძემ.


როგორც საბაჟო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა  “სივილ ჯორჯიას” აცნობა მას შემდეგ, რაც ყაზბეგის საბაჟო ჩაიკეტა, მსხვილმა იმპორტიორებმა მარშრუტი ნოვოროსიისკის პორტისკენ შეცვალეს და “ამდენად არ დაზარალებულან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებზე, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ”.


ზემო ლარსი ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტია რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. მიუხედავად რუსეთის განცხადებისა საქართველოს საზღვრის მთლიანი პერიმეტრის ჩაკეტვის თაობაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთი – როკის გვირაბი, კვლავ ღიაა.


ამდენად, სამხრეთ კავკასიასთან სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვით რუსეთმა არაპირდაპირ წაახალისა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთზე სატრანზიტო მოძრაობა. გავრცელებული ინფორმაციით, საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანული და სომხური ტვირთების მოძრაობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით.


საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელთანაც რუსეთმა სასაზღვრო შეზღუდვები დააწესა. 22 სექტემბრს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ შეზღუდვები დაწესდება რუსეთ–აზერბაიჯანის საზღვარზეც. იაკოვენკოს განცხადებით, ეს შეზღუდვები დროებით ხასიათს ატარებს და ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება მაშინვე, “როცა რეგიონში სიტუაცია სტაბილური გახდება.“


 

Back to top button