skip to content
ახალი ამბები

პანკისთან მიმართებაში აშშ-ის ელჩის განცხადება დაბნეულობას იწვევს







რიჩარდ მაილსის განცხადების მიზანი ჯერ-
ჯერობით ბუნდოვანია
აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის განცხადებამ პანკისის ხეობაში “რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტის“ არსებობის თაობაზე, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო, დაბნეულობა გამოიწვია საქართველოს ოფიციოზში. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო დაებლოკა ამ ინფორმაციის გაშვება ქართულ მედიაში.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან 13 სექტემბერს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ ”პანკისის ხეობას რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი კვლავ აფარებს თავს“.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული კამათი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. “არ მინდა ამ კამათში ახლაც ჩავებათ, თუმცა, მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ პანკისში მართლაც იმყოფება რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა პანკისში ტერორისტები.
 
განცხადება ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელთა მტკიცებითაც პანკისის ხეობას ჩეჩენი მებრძოლები მას შემდეგ აღარ აფარებენ თავს, რაც ხეობაში 2002-2003 წლებში ანტიტერორისტული ოპერაცია განხორციელდა. განცხადებამ განსაკუთრებული სიმწვავე იმ ფონზე შეიძინა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას ჩრდილოეთ ოსეთის ტრაგედია საქართველოს დაუკავშირა. რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადების კვალდაკვალ რუსულმა მედიამ გამოთქვა ვარაუდი, თითქოს ბესლანის სკოლაში ტერორისტული აქტში მონაწილე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კოდორის ხეობას აფარებს თავს. ეს კი აფხაზეთის შემადგენელი ის ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.
 
თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა ელჩის განცხადებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა “იგი [რიჩარდ მაილსი] ამას არ იტყოდა“. “საქართველოში ტერორისტები არ არიან. ეს აბსურდია“, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.
 
ხოლო, მას შემდეგ, რაც საქართველოში აშშ-ის საელჩომ რიჩარდ მაილსის განცხადება თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს კომენტარების გაკეთებაზე, ხოლო აშშ-ის ელჩი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარა. ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ მაილსმა განაცხადა, რომ აშშ მუშაობს საქართველოს უშიშროების სამსახურებთან ერთად, რათა პანკისში დარჩენილი მებრძოლები იპოვოს, აცხადებს “როიტერი“.
 
მოგვიანებით იმავე დღეს, 13 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “პანკისის ხეობა აღარ წარმოადგენს ტერორისტთა თავშესაფარს“, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ “აშშ განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“.
 
განცხადების თანახმად, 13 სექტემბერს შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის რიჩარდ არმიტიჯისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განიხილებოდა ანტიტერორისტული თანამშრომლობის საკითხები აშშ-სა და საქართველოს შორის. 
 
“აშშ ადასტურებს მზადრყოფნას ითანამშრომლოს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებთან რეგიონში ტერორიზმის დამარცხების მიზნით. აშშ ამაყია იმით, რომ მიუძღვის წვლილი “წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებაში. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასევე გავიღეთ 47 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვისათვის, რათა ხელი შეგვეწყო საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამ ღონისძიებების შედეგად, პანკისის ხეობა აღარ წარმოადგენს ტერორისტების თავშესაფარს”, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
 
ზემოთ ხსენებული “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელება 2002 წლის მაისში დაიწყო – რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც იმდროინდელმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რამლერმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ საერთაშორისო ტერორისტებთან.
 
“კავკასიის რეგიონში რამოდენიმე ათობით ავღანელი მოჯაჰედი გამოჩნდა … ვიცით, რომ რამდენიმე მათგანმა პანკისის ხეობას შეაფარა თავი და იქიდან კავშირი აქვთ არაბ ტერორისტ ხატაბთან, რომელსაც თავის მხრივ ოსამა ბინ ლადენთან არის დაკავშირებული“, განაცხადა ფილიპ რამლერმა 2002 წლის 11 თებერვალს გაზეთ “ახალ ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
 
რიჩარდ მაილსის განცხადების მსგავსად, მისი წინამორბედის განცხადებაც მოულოდნელი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან ხშირი ბრალდებების ფონზე, თითქოს საქართველო ჩეჩენ და სხვა უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს მფარველობდა. რამლერის ამ განცხადებამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება 2002 წელს სპეცოპერაცია განეხორციელებინა პანკისის ხეობაში, რაც ამ რეგიონში წესრიგის დამყარებას ისახავდა მიზნად.
 
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რა მიზანს ემსახურება რიჩარდ მაილსის განცხადება, რომელმაც გაურკვევლობა გამოიწვია არა მხოლოდ ოფიციალურ პირებს, არამედ პოლიტიკურ მიმოლხილველთა შორისაც.     


ქართული მედია ამ “სკანდალზე” დუმს
 
რიჩარდ მაილსის განცხადება პანკისში ტერორისტების არსებობის თაობაზე, ქართული ტელევიზიების საინფორმაციო პროგრამების მთავარი თემა უნდა განხდარიყო, თუმცა, წამყვანმა ტელეკომპანიებმა ამ საკითხზე დუმილი ამჯობინეს.
 
ინფორმაცია აშშ-ის ელჩის განცხადების თაობაზე პირველად 13 სექტემბრის 3 საათამდე გაჩნდა რადიოსადგურ “იმედის“ ეთერში.  თუმცა, რადიოსადგურმა, რომელიც ყოველ ნახევარ საათში საინფორმაციო გამოშვებას გადასცემს, ეს ინფორმაცია მომდევნო გადაცემებში აღარ გაიმეორა.
 
ქართული ტელესივრცის 13 სექტემბრის მთავარ თემად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მოწვეული მთავრობის საგანგებო სხდომა იქცა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა “კურიერშიც“ კი არაფერი თქვა აშშ-ის ელჩის განცხადების თაობაზე.
 
თუმცა, 14 სექტემბერს ქართულმა მედიამ უკვე ფართოდ გააშუქა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 13 სექტემბერს გაკეთებული განცხადება.
 
“გასაკვირი არაფერი იყო იმაში, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ წამყვან ტელეკომპანიებს მაილსის განცხადებაზე. ფაქტია, რომ მთავრობა აკონტროლებს ყველა წამყვან ტელევიზიას და გაზეთს. მედიის მხრიდან მაილსის განცხადებაზე თვალის დახუჭვა ამის ნათელი დადასტურება იყო“, განუცხადა რადიო “თავისუფლების“ პოლიტიკურმა მიმოლხილველმა ია ანთაძემ “სივილ ჯორჯიას“.
 
“მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ მედიის სიჩუმეს “ძალიან შემაშფოთებელი“ ფაქტი უწოდა.
 
“მთავრობის ზეწოლა მედიაზე აშკარაა. ტელევიზიებს მკაცრად აეკრძალათ 13 სექტემბერს გაეშუქებინათ ელჩის განცხადება“, განაცხადა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 14 სექტემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე. 
 

Back to top button