ახალი ამბები

ქართველ ოლიმპიელებს სამშობლოში ზეიმი მოუწყვეს






ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ქართველი
ოლიმპიელები.
დააკლიკეთ გამოხახულებას სხვა სურათების სანახავად
საქართველოს 33-კაციანი ოლიმპიური დელეგეცია 30 აგვისტოს, გვიან საღამოს ათენიდან სამშობლოში ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ზურაბ ზვიადაურმა (ძიუდო) და გიორგი ასანიძემ (ძალოსნობა) ოქროს მედლები ჩამოიტანეს, ნესტორ ხერგიანმა (ძიუდო) და რამაზ ნოზაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – ვერცხლის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი ოლიმპიური ოქრო და ვერცხლია.

ბოლო ოლიმპიური ოქროები ქართველმა სპორტსმენებმა ბერსელონას ოლიმპიადაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გუნდის სახელით მოიპოვეს. მომდევნო – ატლანტის 1996 და სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადებზე ქართველებმა ჯამში ბრინჯაოს 8 მედალი მოიპოვეს.

“ჩვენ ბრინჯაოს ხანიდან გამოვედით და ათმაგად შევასრულეთ დევიზი – “უკეთ, ვიდრე სიდნეიში”. ჩვენ ვამაყობთ ქართველი სპორტსმენების გმირობით”, განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ჯანო ბაგრატიონმა.

ქართველი სპორტსმენების წარმატების აღსანიშნავად, თბილისის ცენტრში, “თავისუფლების მოედანზე” ფეიერვერკების თანმხლები კონცერტი გაიმართა. აქვე, საზოგადოებას სპორტსმენებიც წარუდგნენ, რომელთა მიმართაც მაყურებლის ოვაცია არ წყდებოდა.

მედალოსანი სპორტსმენები არნახული პრემიებით ჯილდოვდებიან: ბიზნესმენი და, ამასთანავე, ოლიმპიური ფონდის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი ოქროს მედალოსნებს 400 ათასი ლარით ასაჩუქრებს. ვერცხლის მედალოსნებს – ამის ნახევარი თანხით. თავის მხრივ, სახელმწიფომ 50 ათასი დოლარით დააჯილდოვა ჩემპიონები (სიდენში გამარჯვებისთვისაც ეს თანხა იყო დაწესებული), ვერცხლის მედალოსნები – 30 ათასი დოლარით.

“ყველაფერი გავაკეთე ოქროს მედლის მოპოვებისათვის და ამის მიზეზი მაღალი ფულადი პრემია კი არა, სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული იყო”, ამბობს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიელი ჩემპიონი, ახმეტელი ძიუდოისტი, 23 წლის, ზურაბ ზვიადაური.

“საქართველოს დელეგაციამ შესაძლებლობის ფარგლებში იასპარეზა და საუკეთესო შედეგს მიაღწია. ახლა ჩვენი დევიზი იქნება “უკეთ, ვიდრე ათენში”, აღნიშნავს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.

ათენური ოლიმპიური მედლების რაოდენობით საქართველო 32-ე ადგილზეა და ამ მხრივაც გაუმჯობესებულია წინა ოლიმპიადების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ სხვა ქვეყნის სახელით მოასპარაზე ქართველები ანა დოღონაძე (გერმანია), საბერძნეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ბერძნული გვარით (ილიას ილიადისი) ჯარჯი ზვიადაური, რამაზ დოხტურიშვილი (უზბეკეთი).

ათენის ოლიმპიადაზე ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ სპორტული მომზადებისთვის საუკეთესო პირობებს შეგიქმნით. ჩვენ მამლუქების ხანა უნდა დავასრულოთ”, განაცხადა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი, ქართველი ოლიმპიელების გულშემატკივრების წინაშე ათენიდან სპორტსმენებთან ერთად დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ასანიძის მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა, რომელიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს, საქართველოში დაბრუნება უკვე გადაწყვიტა.

სულ საქართველოს 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს: 32-მა სპორტსმენმა ოქროს მედალი საბჭოთა კავშირის სახელით მოიპოვა, 2-მა კი – დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

მსგავსი/Related

Back to top button