ახალი ამბები

ფოტორეპორტაჟი: “RE-აქცია” რუსეთის საელჩოსთან

“დასხივება” შეჩერდა, დაძაბულობა გრძელდება







დააკლიკეთ გამოსახულებას აქციის სხვა სურათების
სანახავად.
ათდღიანი უჩვეულო საპროტესტო აქცია თბილისში რუსეთის საელჩოს წინ მასშტაბურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მოსკოვის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული ორი საპროტესტო განცხადების მიზეზად იქცა.


17 აგვისტოს ქართველ პროგრამისტთა და სადისკუსიო ვებ–გვერდის www.forum.ge -ის მომხმარებელთა ერთმა ნაწილმა რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს რამოდენიმე კომპიუტერის, პროექტორისა და დინამიკის მეშვეობით ათი დღის განმავლობაში საელჩოს თანამშრომლებს ხმაურიანი აქცია მოუწყვეს. “რე–აქციის”, როგორც ორგანიზატორები თავად უწოდებდნენ, მთავარი მოთხოვნა საქართველოდან რუსეთის ჯარების, მათ შორის, სამშვიდობო ძალების გაყვანა იყო.

მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილენი პროექტორების მეშვეობით საელჩოს შენობას ომის საწინააღმდეგო და ანტირუსულ ლოზუნგებს ანათებდნენ, ხოლო საელჩოს თანამშრომლებს მაღალ ხმაზე ქართულ ეროვნულ სიმღერებს ასმენინებდნენ.

ხმამაღალი მუსიკითა და განათებებით თავმობეზრებულმა რუსეთის საელჩომ 27 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა და ვიზების გაცემაც კი შეწყვიტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იმავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში აქციის მონაწილენი “ხულიგნებად“ არიან მოხსენიებულნი. ოფიციალური თბილისისგან კი მოსკოვმა “ხმაურიანი და პროვოკაციული აქციის“ შესაწყვეტად ზომების მიღება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა, რომ ქართულ მხარესთან დიდი ჩარჩო–ხელშეკრულების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე მოლაპარაკებებს შეწყვეტდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოლაპარაკებები ამჟამად ისედაც არ მიმდინარეობს.

“შეიძლება ითქვას, რომ ამ იაფასიანი შოუს [იგულისხმება საპროტესტო აქცია] ზურგს საქართველოს ხელისუფლება უმაგრებს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


მოსკოვმა თბილისი ასევე, ვენის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც ავალდებულებს მასპინძელ ქვეყანას ნორმალური მუშაობისთვის ყველა პირობა შეუქმნას უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას.


ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, თავად რუსეთის საელჩომ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და აქციის შესაწყვეტად ზომების მიღება მოსთხოვა. საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევგენი ივანოვმა განაცხადა, რომ “ხმამაღალი მუსიკა და შეურაცმყოფელი ლოზუნგები საელჩოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ღამით დაძინებაში უშლით ხელს”‘.


ამ განცხადებებს ოფიციალური თბილისისგან რეაგირება არ მოჰყოლია; თუმცა აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს 27 აგვისტოს ღამით, “დასხივების მე–10 დღეს“ პროტესტი დროებით შეეწყვიტათ. აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მარიამობის დღესასწაულით ახსნეს და განაცხადეს, რომ სექტემბრიდან ანალოგიური პროტესტი კვლავაც გაგრძელდება.


აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქცია 27 აგვისტოს მოსკოვში, საქართველოს საელჩოს წინაც გაიმართა.


როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რამოდენიმე ასეული ოსი ეროვნების პირი, რომლებსაც ულტრა–მემარჯვენე ნაციონალისტური “რუსეთის სახალხო პატრიოტული მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ, საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბნენ. აქციაზე ანტი-ქართული ლოზუნგები ჭარბობდა.


ამას გარდა, რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მისამართით საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს.


27 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების 25 აგვისტოს განცხადების საპასუხოდ გავრცელდა, მოსკოვი “ზრდილობის ელემენტარული წესების“ დარღვევაშია დადანაშაულებული. მანამდე მოსკოვმა თბილისი სამხრეთ ოსეთში ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.


ყოველივე ამის ფონზე, აშკარა ხდება, რომ 2004 წლის დასაწყისში, ორ ქვეყანას შორის თითქოს დამთბარი ურთიერთობები, მხოლოდ დროებითი ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი ვიზიტიც კი გააუქმა.

მსგავსი/Related

Back to top button