ახალი ამბები

ლარის გამყარებას საბიუჯეტო შემოსავლების ზრდით ხსნიან







ლარის კურსის მცირედით დაცემას სექტემბრიდან
ელიან.

აგვისტოში აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს – 1.8-ს მიაღწია. ხელისუფლება ლარის გამყარებას ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვით ხსნის.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე ლარის გამყარების მიზეზებს შორის, ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვასთან ერთად, ქვეყანაში საქმიანი აქტივობის ლეგალიზაციისა და ბოლო თვეების განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილის ზრდას ასახელებს, რის გამოც ლარზე მოთხოვნა ორ-სამჯერ გაიზარდა.


“ლარის გამყარება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესებით არის განპირობებული. ამ ფონზე, განსაკუთრებით არასერიოზულია ლარის კურსის გამყარების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე საუბარი“, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 17 აგვისტოს გაზეთ “24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ეკონომიკის ექსპერტის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლადო პაპავას განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში გაუმჯობესდა გადასახადების ამოღების მაჩვენებელი და ანტიკორუფციული ღონისძიებების საშუალებით კორუფციაში მხილებული პირები თავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდიან მილიონობით ლარს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. 

ლარზე მოთხოვნის გაზრდის პარალელურად შიდა სავალუტო ბაზარზე იზრდება უცხოური ვალუტის მოწოდებაც, რისი ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის  პროექტის მშენებლობაა, ამას ემატება სხვა მცირე მოცულობის ინვესტიციების მობილიზება.

“ეს არის პროცესი, როდესაც ინვესტორი პერიოდულად ინვესტიციების განხორციელების მიზნით დოლარების კონვერტაციას ახდენს ლარებში“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ლადო პაპავამ.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ბევრი  პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ფულად-საკრედიტო სფეროში. კერძოდ, მკვეთრად გაუმჯობესდა ფისკალური სექტორის მუშაობა, ბიუჯეტიდან ხარჯები სრულყოფილად იფარება, დაიწყო მოსახლეობის მიმართ არსებული ძველი დავალიანებების დაფარვა.


თუმცა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, ლარის კურსის გამყარება უკვე “სახიფათო ნიშნულამდე არის მისული“ და საჭიროა მისი დაბალანსება.


“ლარის კურსის კიდევ უფრო დაწევამ, შესაძლოა უკვე უკუჩვენება მოგვცეს სავალუტო ბაზარზე“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ რომან გოცირიძემ.


“თუ ეროვნული ბანკის როლზე ვისაუბრებთ, იგი არ დაუშვებს ლარის მეტისმეტ მერყეობას, მათ შორის გამყარებას. ამისათვის ბანკი შეისყიდის ჭარბ აშშ დოლარებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და ნაწილობრივ გაანეიტრალებს ბაზარზე წარმოქმნილ დისბალანს“, აცხდებს ირაკლი მანაგაძე.


მისი თქმით, არ არსებობს ფიქსირებული საკურსო ნიშნული, რომლის შენარჩუნებასაც ეროვნული ბანკი შეეცდება.


“ყველაფერი თავისუფალ სავალუტო ბაზარზე ყალიბდება“, დასძინა მანაგაძემ.


ექსპერტების პროგნოზით, ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება სექტემბრიდან არის მოსალოდნელი.  


თბილისში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან მისულებს, ლარის გამყარებულ კურსთან ერთად კიდევ ერთი სიახლე დახვდებათ. 1 სექტემბრიდან, ვალუტის გადახურდავებისას აუცილებელი გახდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.


საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამ ინიციატივას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის. თუმცა ამ ნოვაციას ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ.


“შესაძლოა ამ სიახლემ გაზარდოს დაყაჩაღების ფაქტები, რისი მაგალითიც საკმაოდ მრავლადაა რუსეთში“, განაცხადა ლადო პაპავამ.

მსგავსი/Related

Back to top button