ახალი ამბები

თბილისი შეშფოთებულია ოსების მიერ ძალების მობილიზაციით და მოლაპარაკებების გამართვას ითხოვს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს მიმართავს და კომისიის სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებს მოითხოვს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოსური მხარის მიერ დაშვებული, როგორც თავად უწოდებს, “რიგი კანონსაწინააღმდეგო და მიღწეული შეთანხმებების დარღვევის გამო.”

მიმართვაში, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიაში მონაწილე რუსულ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს 23 აგვისტოს დაეგზავნა, ნათქვამია, რომ ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ მიმდინარეობს სანგრებისა და საცეცხლე წერტილების მოწყობა სოფლების დამპლეთის, ქვემო მონასტრის, კვერნეთის, ფრისისა და ხელჩუას მიდამოებში. ამ ფაქტს ქართული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მცდელობად აფასებს.


წერილში ასევე ნათქვამია, რომ “დაუშვებელია ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიული, ანტიქართული რიტორიკა”.


ქართული მხარის მოთხოვნას ჩატარდეს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, ოსური მხარე ჯერ არ გამოხმაურებია.
 
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის ზონაში 20 აგვისტოდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რეგიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების ზედმეტმა ქვედანაყოფებმა დატოვეს, სიმშვიდეა. 12–19 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში უკიდურესად გამწვავებულ ვითარებას, რომლის დროსაც ყოველ ღამით მიმდინარეობდა სროლები, ორივე მხრიდან ათობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ამჟამად კონფლიქტის ზონაში, თბილისის მტკიცებით მხოლოდ ის 500 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება, რომელიც შერეული ქართულ–ოსურ–რუსული – სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობაში შედიან. სამშვიდობო ძალები, ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად აწარმოებენ იმ ტერიტორიების მონიტორინგს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში დაძაბულობის კერას წარმოადგენდნენ – ძირითადად ეს არის  სოფლები ერედვი და თლიანაყანა.


ამ ეტაპზე ოფიციალური თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სამ ძირითად საკითხს აყენებს დღის წესრიგში. “საერთაშორისო მონიტორინგის გაფართოვება სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე, დემილიტარიზაცია და პირისპირ დიალოგის გამართვა დე ფაქტო ხელისუფლებასთან – ეს არის [საქართველოს] ხელისუფლების სამოქმედო გეგმა“, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ 23 აგვისტოს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰაიკი ტალვიტიესთან შეხვედრის შემდეგ.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი 24 აგვისტოს ცხინვალში სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან გამართავს მოლაპარაკებებს. “კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, განაცხადა თბილისში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჰაიკი ტალვიტიემ.


კონფიქტის მოგვარების თაობაზე საუბრობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი როი რივი პარლამენტში პირისპირ შეხვედრის დროს, სადაც ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის აუცილებლობა. მისი თქმით, “საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირება.“


ნინო ბურჯანაძის ინიციატივით კონფლიქტის ზონაში პარლამენტართა მორიგეობა დაწესდა. 23 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში პარლამეტარები ვასილ მაღალფერიძე, რომან კუსიანი და ზურაბ ცქიტიშვილი ჩავიდნენ. დეპუტატები ადგილზე გაეცვნენ თუ რა სახის დახმარებას საჭიროებენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი და ოსი მოქალაქეები. 


ამასობაში, პირველად ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე, 21 აგვისტოდან კონფლიქტის ზონაში  ქართულ და ოსურ მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა განახლდა.  სოფელ თამარაშენისა და მიმდებარე სოფლების  4,600 ოჯახს უკვე დაურიგდა ფქვილი და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტი.


პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასევე უნდა დადგინდეს ბოლო პერიოდში საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი და მოხდეს დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების აღდგენა.


პრეზიდენტის განცხადებით, ის რომ ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონიდან დამატებითი სამხედრო ძალები გამოიყვანა, იყო კეთილი ნება ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის და არა უკან დახევა, როგორც ამას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება უწოდებს.


“ამით ჩვენ შევძელით უკიდურესად დაძაბული ვითარების განმუხტვა. საქართველოს არ აწყობს ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებეში ჩართვა. ჩვენი მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 23 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთვი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი/Related

Back to top button