ახალი ამბები

სამშვიდობო შეთანხმება კვლავ დაირღვა







შერეული საკონტროლო კომისია შეხვედრას
კოკოითთან ცხინვალში, 18 აგვისტოს მართავს.
ცხინვალის რეგიონში 17 აგვისტოს ღამით განახლებულ სროელბს სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. განახლებული სროლებით კიდევ ერთხელ დაირღვა შეთანხმება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც 17 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიაში შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებმა პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის დროს მიაღწიეს.

ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში დაწყბეულ ინტენსიურ სროლებს ცხრა ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტო დაღუპულთა ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცეცხლის განხსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იბრაგიმ გაისიევის განცხადებით  17 აგვისტოს ქართული საგუშაგოებიდან ცეცხლის გახსნა ოსური სოფლების სარაბუკის და ფრისის მიმართულებით ხორციელდებოდა.

შექმნილი ვითარების გამო მთელი ღამის განმავლობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ძალოვანი მინისტრები იკრიბებოდნენ.

თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, ქართული მხარე კონფლიქტის ზონიდან დამატებითი ძალების გამოყვანას აღარ აპირებს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კონფლიქტის ზონაში თუ სამი დღის განმავლობაში შეწყდებოდა სროლები ქართული მხარე შემოვლით გზებზე განლაგებული ჯარის 30%-ს გამოიყვანდა.


„იმის გამო, რომ  კონფლიქტის ზონაში კვლავ ისმის სროლები ჯარის გამოყვანაზე საუბარი ზედმეტია“ – განაცხადა  გიორგი ბარამიძემ.


თბილისში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მიუხედავად, შერეული საკონტროლო კომისია დღეს სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრას გეგმავს, სადაც უნდა დაზუსტდეს დე ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დრო და ადგილი.


ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ 17 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ადამ ერლის განცხადებით ვაშინგტონს ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური კავშირები აქვს, როგორც რუსეთთან, ისე თბილისთან.


„ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც რუსეთი ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური დიალოგის გზით მოგვარებისთვის“ –  განუცხადა ჟურნალისტებს ადამ ერლიმ.


17 აგვისტოს ვენაში გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, სადაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით გამოვა ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს გააცნობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.


ვენაში გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილი 17 აგვისტოს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდა და მათ პრეზიდენტ სააკაშვილის მსოფლიო ლიდერებისადმი გაგზავნილი მიმართვის ტექსტი გააცნო. ოფიციალური თბილისი არ ხამურდება საგანგებო მიმართვის დეტალებს, თუმცა ცნობილია, რომ წერილში პრეზიდენტი ყველა ქვეყნის პირველ პირებს მოუწოდებს გამოჩინონ გულისხმიერება და დაეხმარონ საქართველოს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაჭრაში.


საგარეო საქმეთა სამინისტოში გამართულ შეხვედრას 17 აგვისტოს არ ესწრებოდა რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს სხვა შინაარსის წერილის გაგზავნას გეგემავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button