
კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმება დაირღვა
ქართული მხარე დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
13 აგვისტოს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ამსახველ დოკუმენტს თბილისში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, ხოლო ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოაწერეს ხელი, იმ ღამესვე ოსი სეპარატისტების მიერ დაირღვა. 14 აგვისტოს გამთენიისას ოსური მხრიდან სნაიპერის ტყვიით ერთი ქართველი ჯარისკაცი თავის არეში დაიჭრა. ქართული მხარე ამ ფაქტთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოთქვამს, ოსური და რუსული მხარე კი ამის დამადასტურებელ ფაქტებს მოითხოვს და მიღწეული შეთანხმების დარღვევას უარყოფს.
სამი დღის განმავლობაში ინტენსიური სროლები, ქართული სოფლების დაბომბვა, სამი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალება და ექვსი ქართველის დაჭრა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეების, აჩაბეთიდან ერედვში მიმავალი პრემიერ-მინისტრის ესკორტზე ცეცხლის გახსნა და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ცხინვალის რაიონში არ შეშვება, კონფლიქტის ზონიდან ქართველი ბავშვების და მოხუცების გამოყვანა – ასეთია კონფლიქტის ზონაში ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები.
ამ მოვლენების ფონზე პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 13 აგვისტოს ერთხმად, 117 ხმით, მიიღო საგანგებო განცხადება სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების თაობაზე. განცხადებაში ქართული მხარე ხმამაღლა აღიარებს რუსეთს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ, კატეგორიულად მოითხოვს კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას და მათი საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლებას.
„პარლამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია რეალურად წარმოადგენს არა მშვიდობისმყოფელსა და შუამავალს, არამედ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს საშიში სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლად და ვითარების საბოლოო დარეგულირების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ვითარების შესაცვლელად პარლამენტი მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებითვის მანდატის შეცვლას. ახალი საერთაშორისო მანდატის შემუშავებასა და არსებული ოპერაციის ჩანაცვლებას საერთაშორისო კონტიგენტით დაკომპლექტებული სამშვიდობო ძალებით“ – ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.
რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტისთვის, რომელიც კონფლიქტის ზონაში ქართულ და რუსულ მხარეებს შორის დადებული დაგომისის ხელშეკრულების თანახმად 1992 წლიდან იმყოფება, მანდატის შეწყვეტაზე არც ოფიციალურ რუსეთს, არც თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს ლევ მირონოვს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კონფლიქტის ზონაში რთულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი 13 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე და აცხადებს, რომ იქამდე იქნება ასეთი ვითარება, სანამ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „რთული ვითარებაა, თუმცა არა საგანგაშო“ – აცხადება პრეზიდენტი.
„ჩვენ არ დავუშვებთ ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას ან ჰუმანიტარულ კატასტროფას ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ის, რომ კონფლიქტის ზონაში არსებული ქართული სოფლებიდან, თამარაშენიდან ერედვიდან, ქურთადან ბავშვები გამოყავთ, მიხეილ სააკაშვილის თქმით დროებითია და სასწავლო პროცესისთვის (20 სექტემბერი) ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლებს საქართველოს ხელისუფლების დაცვის ქვეშ დაუბრუნდებიან.
„ოსი სეპარატისტები ცდილობენ მიაღწიონ დიდი და პატარა ლიახვის ქართველი მოსახლეობისგან დაცლას და საქართველოს ამ შუაგული ტერიტორიის – ქართლის ანექსიას, რასაც ქართული მხარე არ დაუშვებს. არ დაუშვებთ ამ ტერიტორიის კრიმინალებისთვის ჩაბარებას“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კონფლიქტის ზონიდან გამოყვანიალი მოსახლეობა, რომელთა შორის უმეტესობა ბავშვია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დასასვენებელ სახლებში განთავსდება.
„ჩვენ ასევე მზად ვართ დავეხმაროთ ოს მოსახლეობას თუ ამის სურვილი მათ ექნებათ, გამოვიყვანოთ ზონიდან და გავამგზვაროთ დასასვენებლად სანატორიუმებში, რასაც აქმდეც ვაკეთებდით“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 13 აგვისტოს მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასული დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში არ შეუშვა.
„ასეთია დე ფაქტო ხელისუფლების პასუხი ჩვენ მშვიდობიან ინიციატივაზე“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასვე ადასტურებს ზურაბ ჟვანია, რომლის აჩაბეთიდან ერედვის მიმართულებით მიმავალ ესკოტრს ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნენს. „ყველამ იცოდა, როგორც რუსმა სამშვიდობოებმა ისე ოსურმა მხარემ, რომ კონფლიქტის ზონაში ვიყავი ჩამოსული“ – განაცხადა ინციდენტის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ.
შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მოლაპარაკებებში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში და მათი მხრიდან დახმარებაში ხედავს.
„ქართული მხარე მზად არის მოწინააღმდეგე მხარესთან ხელშეკრულებასაც მოაწეროს ხელი, რომელიც იქნება მტკიცე და გარანტიის მომცემი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბრის დროს უკვე გააცნო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს. 13 აგვისტოს შეხვდა ეუთოში აშშ-ს ელჩს სტივენ მინიკეს და საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ მაილსს, რომლებმაც კიდევ ერთხელ აღუთქვს მას დახმარება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში.
„ვენაში ჩასვლის შემდეგ დავაყენებ საკითხს კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის მანდატის გაფართოების შესახებ , თუმცა ამაზე 54 ქვეყნის ელჩის თანხმობაა საჭირო“ – განაცხადა სტივენ მინიკესმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ (ეუთომ 7 აგვისტოს უკვე დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა მისიის მანდატის გაზრდის თაობაზე და დამკვირვებელთა რაოდენობა 4-დან 6 კაცამდე გაზარდა).
საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს პარლამენტი 13 აგვისტოს საგანგებოდ მიღებულ განცხადებაშიც.
„შექმნილი კრიზისული მდგომარეობა მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის ეფექტიან რეაგირებას. პარლამენტი ითხოვს გამოყენებული იქნას სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმები, რათა არ დაუშვან საქართველოში სიტუაციის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტა და დესტაბილიზაცია. დაეხმარონ ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტაში“ – ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლების ამ მოთხოვანს უკვე გამოხმაურება მოჰყვა ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეუთოდან.
თავის მხრივ მოლაპარაკებები იმართება რუსულ მხარესთანაც. რუსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის ხელმძღვანელობით მეორე დღეა ცხინავლის რეგიონში იმყოფება. ისინი 13 აგვისტოს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომასაც ესწრებიდნენ, თუმცა კონკრეტული საკითხებზე კომენტარებისაგან თავს იკავებენ.
რუსეთის დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას კატეგორიულ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც პირისპირ შეხვედრები და დიალოგის დაწყება მოითხოვა, როგორვ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ისე რუსეთთან.
სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, ზურბა ჟვანიას და ოსი სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა შესაძლოა 15 აგვისტოს შედგეს.
ამ და სხვა საკითხებზე შერეული საკონტროლო კომისია 14 აგვისტოს ცხინვალში სხდომაზე იმსჯელებს. მოგვიანებით სხდომის მუშაობაში საქართველოს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვანი მინისტრებიც ჩაერთვებიან და კონფლიქტის მოგვარების გზებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.