ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას სთავაზობს

თურქი ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესდნენ









ერდოგანი: თურქეთი კიდევ ერთხელ
ადასტურებს კეთილგანწყობას
საქართველოს მიმართ
თბილისში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისრტის რეჯეფ თაიპ ერდოგანის ხელმძღვანელობით და 160-მდე თურქი ბიზნესმენის თანხლებით, საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკურ საკითხებში და მზად არის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


11 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ- მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოფიციალური თურქეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში თავად პრემიერ-მინისტრმა გაახმაურა. მისი თქმით, მთავარი დაინტერესება არის რეგიონში სტაბილურობის დამყარება, რაც საბაბი იქნება თურქი ბიზნესმენების მხრიდან ინვესტიციების მოზიდვის, რითაც დაინტერესებულია თავად თურქული მხარე. 


„ის, რომ თურქეთიდან ასეთი ფართომასშტაბიანი დელეგაცია ჩამოვიდა კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთის კეთილგანწყობას მეზობელ საქართველოსთან“- განაცხადა 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე რეჯეფ ერდოგანმა.


პრემიერ-მინისტრის საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებულ ვალესა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს დაემატება მესამე – ყარსი(თურქეთი)-კარწახის (საქართველო) გამშვები პუნქტი, რის დაფინანსება თავად თურქეთის პრემიერ მინისტრმა იკისრა.


„ეს ეკონომიკური თანამშრომლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ორ ქვეყანას შორის 2003 წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა მეტი მუშაობა“ – აცხადებს თურქეთის პრემიერ მინისტრი.


ასევე დაიწყება 8 წლის განმავლობაში შეჩერებული ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა, რასაც დაახლოებით 600 მლნ დოლარი ესაჭიროება.


აღნიშნულ საკითხზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ა.წ. 20-24 მაისის თურქეთში ვიზიტის დროს შედგა. ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 24 მაისიდან სარფის საბაჟოზე არსებული პროცედურები და სავიზო რეჟიმი გამარტივდა, რის შესახებაც პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს პირადად 12 აგვისტოს აჭარის რეგიონში ჩასვლის და სარფის საბაჟოს მონახულების დროს აცნობა.


„კარგი იქნება თუ საბაჟო პროცედურები გამარტივდება თურქეთის მხარესაც“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 
  
თურქეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად 11 აგვისტოს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქართულ-თურქული ბიზნეს-კონფერნცია მიმდინარეობდა. 160–მდე თურქი ბიზნესმენი, საქართველოში მშენებლობის, ტურიზმის, ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესდა.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რუსი ბიზნესმენების შემდეგ, რომლებიც თბილისში 28-29 მაისს იმყოფებოდნენ და საქართველოს ბიზნესგარემოს გაეცვნენ, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა უკვე თურქ ბიზნესმენებს წარუდგინა. „თურქ ბიზნესმენებს ნებისმიერი ობიექტის პრივატიზება შეეძლებათ, თუ შესაბამის თანხებს გადაიხდიან“ – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე.


ერთ-ერთმა მსხვილმა ბიზნესმენმა, კომპანია „დელტა პეტროლიუმის“ ხელმძღვანელმა მეჰმედ ჰაბიბიმ, რომელიც წარმოშობით ქართველია, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტის ფოთის პორტის პრივატიზებით დაინტერესება გამოხატა. კომპანიას უკვე 15 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიციები აქვს განხორციელებული ფოთის პორტში კომპანია „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით.


ასევე დაინტერესება გამოითქვა ახალი 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რომლის საშუალებით მოხდება ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით ან პირიქით. ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის თქმით, დიდი დაინტერესებაა ასევე ენერგოობიექტების შესყიდვით.


ბიზნესმენ ისლამ აჯარიმ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციების შესყიდვის და იქ ე.წ. მდიდართა ქალაქის გაშენების სურვილი გამოთქვა. 12 აგვისტოს ბიზნესმენთა 15-კაციანი დელეგაცია პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან ერთად უშუალოდ აჭარის რესპუბლიკაში ჩავიდა და იქ ის სასტუმროები მონახულა, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი. მათ შორის არის ბათუმში მდებარე „ინტურისტი“, რომელიც აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს (აუქციონი „ინტურისტზე“ 13 აგვისტოს გამოცხადდება).
 
თურქეთში საქართველოს ელჩის ტარიელ ლებანიძოს განცხადებით, ის რომ თურქმა ბიზნესმენებმა დაინტერესება გამოიჩინეს საქართველოს მიმართ კარგი დასაწყისია. „თუმცა ინვესტიციების მოზიდვას დღესვე არ უნდა ველოდოთ“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ელჩმა. კონკრეტულ პროექტებზე საუბარი შესაძლოა უკვე სექტემბრიდან დაიწყოს, როდესაც ბიზნესმენთა მორიგი დელეგაცია თბილისში კვლავ ჩამოვა.


თურქ ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტი ლიბერალურ საგადასახადო კოდექსს და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს შექმნას ჰპირდება. „ხელისუფლების მაღალ ეშოლონებში კორუფცია აღარ არის და ბიზნესმენებს ფულს არავინ გამოძალავს, რასაც ადგილი წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა. თურქეთიდან მილიარდობით დოლარი შეიძლება შემოვიდეს, გვინდა თურქებმა აწარმოონ ბიზნესი, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.


თურქეთი ეკონომიკის გარდა მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს პოლიტიკურ საკითხებში და დახმარება გაუწიოს ქვეყანას არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში, ასევე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს მან გაუზიარა საკუთარი პოზიცია, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ვითარების მშვიდობიანად დასარეგულირებლად და რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად.


 „ამ საკითხებში ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის“ – დასძინა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. 


მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოში დამყარდება სიმშვიდე უკვე შესაძლებელი იქნება საქართველოს წარდგენა მსოფლიოს წინაშე და ნატოში მისი ინტეგრაციის საკითხის დაყენება.


„თურქეთი, როგორც ნატოს ძველი წევრი ქვეყანა, მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება და იყოს ერთგვარი ელჩი საქართველოსი ნატოში“ – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.


მიხეილ სააკაშვილი მიესალმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და განაცხადა, რომ საქართველო აღარ არის ტერიტორია, არამედ არის სახელმწიფო და ყოველთვის დაიცავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და არ დაუშვებს კონფლიქტების გაღვივებას.


„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თანამშრომლობა ყველა დონეზე. საქართველოს შეუძლია ხიდის ფუნქცია შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის“ – ასეთია ქართველი და თურქი ხელისუფლების საერთო პოზიცია. 


 

Back to top button