
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები შეიარაღებას ზრდიან
მაშინ როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე სახემწიფო მინისტრთან კონფიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავასთან ერთად მოსკოვში თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან რუსეთის პოზიციის გარკვევას ცდილობენ, თბილისში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების პოზიციას (ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური) კონფლიქტების მოგვარების და ამ კონტექსტში მთავარ მოწინააღმდეგესთან რუსეთთან დამოკიდებულებას უცხოელ ჟურნალისტებთან 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ახმაურებს და აცხადებს, რომ არავის მისცემს საშუალებას საქართველოში, თუნდაც მცირე ზომის შეიარაღებული კონფლიქტი დააფიქსიროს.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლების მხრიდან საომარი მოქმედებებისთვის მზადებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენის პარალელურად, სადაც უმეტესად რუსული სამხედრო ტექნიკა ფიქსირდება, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ომს არ აპირებს და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას გეგმავს.
„ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობა ხელოვნურად დავძაბოთ“, – აცხადებს სააკაშვილი და უცხოელ ჟურნალისტებს იმ დარღვევებს აცნობს, რასაც ბოლო პერიოდში კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი.
9 აგვისტოს გამართულ უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრას პრეზიდენტის დავალებით საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძეც ესწრებოდა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცისა და საზღვაო აკვატორიის დარღვევის ფაქტები წარმოადგინა.
მისი ინფორმაციით, სამჯერ მოხდა საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ორჯერ საზღვაო აკვატორიის. ბოლო შემთხვევა საქართველოს საჰაერო სივრცის რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ დარღვევის შესახებ 6 აგვისტოს დაფიქსირდა, რაზეც საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა 7 აგვისტოს გაუგზავნა.
ოფიციალური მოსკოვი არ ადასტურებს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც მოსკოვში მყოფმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ივანოვთან შეხვედრის დროს განიხილა.
„ჩვენ (რუსეთს)გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც აფიქსირებს საჰაერო სივრცის დარღვევას, მაგრამ მსგავს ფაქტს რუსეთის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სერგეი ივანოვმა.
გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის დარვევის შესახებ არსებობს შესაბამისი დოკუმენტი. „მისი წარმოდგენა ჩვენ შეგვიძლია“, დასძინა ბარამიძემ.
„ეს არ არის საქართველო, რომელსაც ორი წლის წინ ბომბავდნენ, დღეს საქართველოს აქვს ტექნიკური საშუალებები თავი დაიცვას როგორც საჰაერო ისე ნებისმიერი შემოჭრისაგან, მაგრამ ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებთ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისაგან. საქართველო ცდილობს რომ თავი დაიცვას პოლიტიკური საშუალებებით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ის, რომ ქართულ მხარეს გააჩნია სამხედრო ტექნიკა და მიმდინარეობს სხვადასხავ ტიპის იარაღის შეძენა უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ისრაელიდან სხვადასხვა უცხოური, მათ შორის რუსული საინფორმაციო საშუალებებით ხმაურდება.
ისრაელის ინტერნეტ გამოცემა „გლობუსის“ ინფორმაციით, საქართველო „ტავორის“ ტიპის რამდენიმე ასეული ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვას გეგმავს ისრაელის სამხედრო საწარმოსგან. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის ისრაელში (27-29 ივლისი) ვიზიტის დროს იქნა მიღებული.
9 აგვისტოს რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველომ შეიძინა სხვადასხვა ტიპის იარაღი. ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას ფოთის პორტში შემოვიდა გემი „ჰაუბიცას“ ტიპის იარაღით, ასევე ჭურვებით და სხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკით დატვირთული. შესყიდული იარაღის ფასი დაახლოებით 5 მლნ დოლარს შეადგენს. მომავალში ასევე იგეგმება 6 მლნ დოლარის დახარჯვა იარაღის შესაძენად.
გავრცელებული ინფორმაციით ქართულმა მხარემ უკრაინას 20 მლნ დოლარი გადაუხადა ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეულის გასარემონტებლად და ასევე რამდენიმე ერთეული ტანკის შესაძენად.
ინფორმაციას არ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტო. „საქართველოს აქვს პარტნიორული ურთიერთობა ორივე ქვეყანასთან, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი იარაღის შეძენას ადგილი არ აქვს“, აცნობეს „სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროდან.
სამხედო ტექნიკის შეძენის და ძალის დემონსტრირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ თვად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებიც. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო კომიტეტის თავმჯდომარის ირინა გაგლოევას განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სამი სამხედრო ვერტმფრენი შეისყიდა.
მისი თქმით, სამხედრო წვრთნები ვერტმფრენების გამოყენებით 6 აგვისტოს ჯავის რაიონში ჩატარდა, პირველად სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების ისტორიაში. ვერტმფრენების ტიპი და იმ სახელმწიფოს სახელი, სადაც ვერტნფრენები იქნა შეძენილი, უცნობია.
საომარი მოქმედებებისთვის ემზადება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკაც. გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფატო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუბალბა ავრცელებს ინფორმაციას სამი სამხედრო ხომალდის შეძენის თაობაზე.
აფხაზებს ასევე საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსების, პირველ რიგში კი კრასნოდარის მხარის მოხალისეების დახმარების იმედი აქვთ. ამის შესახებ თავად თავდაცვის მინისტრი ვიაჩესლავ ეშბა აცხადებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს არ უღირს არც ცხინვალის და არც აფხაზეთის ფასად საქართველო გაიხადოს მუდმივ მოწინააღმდეგედ“ განაცხადა 9 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მოსკოვში გამგზავრებამდე.
საქართველოს პრეზიდენტს კონფლიქტების მოგვარებაში კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვს. „ჩვენი ამოცანაა ვიმუშაოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეუთოს-თან, გაეროს ოფისთან, მათ შორის უშიშროების საბჭოსთან, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური კონსულტაციები რუსეთთან“, აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია საქართველოს. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.