ახალი ამბები

ჟვანია: სამშვიდობო ინიციატივების საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში შეიარაღებულ პროვოკაციებს გვიწყობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაგეგმილი შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. “შეხვედრის ჩაშლის” შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 4 აგვისტოს საღამოს მას შემდეგ გააკეთა, რაც ცხინვალის რეგიონში მყოფ რუსეთის სათათბიროს დეპუტატს ანდრეი კოკოშინს, რომელიც დსთ-ს საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს.


საქართველოს ხელისუფლებასთან პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით მიუხედავად ოსური მხარის უარისა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოს სეპარატისტებთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მზადყოფნა.


“შეშფოთებული ვართ საქართველოს საწინააღმდეგო იმ აჟიოტაჟით, რომელიც ორი დღეა ხელოვნურ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სათათბიროს დეპუტატებისა და რუსული მედიის მხრიდან და შეიარაღებული პროვოკაციებით, რაც ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს მოჰყვა ეუთოს მანდატის გაფართოვებასა და ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით”, განაცხადა 5 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. 


რუსეთის საინფორმაციო საშულებებმა კოკოშინის ინციდენტი მაშინვე დაუკავშირეს ქართულ მხარეს. თუმცა ამ ინციდენტიდან რამოდენიმე წუთში ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი მასთან და “კარგად დადგმული პროვოკაცია” უწოდა. რუსულ დელეგაციას ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე, სოფელ სარაბუკის მახლობლად 4 აგვისტოს ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა პირებმა.
 
“დაახლოვებით 17 საათზე ოსმა სამშვიდობოებმა ქართველების მისამართით გაისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმის შემთხვევაში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა”, განაცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 4 აგვისტოს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ანდრეი კოკოშინზე მოხდა თავდასხმა ქართველების მხრიდან.
 
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს იყო უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია”, დასძინა უგულავამ. 
 
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრადიციისამებრ ოპერატიულად გამოეხმაურა “კოკოშინის ინციდენტს” და ქართულ მხარეს მომხდარის სასწრაფოდ გამოძიება მოსთხოვა.


“მოვუწოდებთ ქართულ მხარეს დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ცდილობს ანტირუსული პროვოკაციების მოწყობას“,  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
 
რუსეთი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მხარე წინასწარ იყო გაფრთხილებული ანდრეი კოკოშინის სამხრეთ ოსეთში ჩასვლის შესახებ, მითუმეტეს, რომ იგი 3 აგვისტოს თბილისში ჩასვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.


არადა, გიგი უგულავას განცხადებით, ქართული მხარე კოკოშინის ცხინვალის რეგიონში გამგზავრების თაობაზე ოფიციალურად არ ყოფილა ინფორმირებული.  “კერძოდ ამ ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო რუსული დელეგაციის უსაფრთხეობის გარანტირება“, აღნიშნა გიგი უგულავამ.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლები დაიწყო მაშინ, როდესაც რუსული დელეგაცია რუსი და ქართველი სამშვიდობოების თანხლებით ერთ-ერთი საგუშაგოსკენ მიემართებოდნენ, სადაც “უკანონოდაა” განლაგებული ქართული შეიარაღებული ფორმირებები. 


4 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა ბოლო დროს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებებში საქართველოს საწინააღმდეგო “არადიპლომატიური” ტონის გამო.


“კოკოშინის ინციდენტამდე”, რომელმაც ფაქტიურად გაურკვეველი დროით გადადო ზურაბ ჟვანიას დაგეგმილი შეხვედრა კოკოითთან,  4 აგვისტოს დილას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იმ წინადადებების შესახებ, რასაც ხელისუფლება “ოსი სეპარატისტების ლიდერებთან” მოლაპარაკებებზე დააყენებს.


“ჩვენ ოსი სეპარატისტების ლიდერებს შევთავაზებთ გავხსნათ პირდაპირი დიალოგი კონფლიქტის მოსაგვარებლად”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და აქვე დასძინა, “ჩვენი საბოლოო ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რის მიღწევასაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევეცდებით”.


ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ეუთოს კონტიგენტის გაზრდით ცხინვალის რეგიონში, რაც  როკის გვირაბის მონიტორინგსაც ითვალისიწნებს და ასევე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციით.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე დამატებით ძალებს გაიყვანს, რომლის განლაგებაც კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შემდეგ მოხდა. ამის შესახებ 4 აგვისტოს ედუარდ კოკოითმა რუსულ ტელეკომპანია “НТВ“-ს განუცხადა.
 
ედუარდ კოკოითმა ასევე განაცხადა, “ქართულ მხარეს  შეხვედრის თაობაზე არაფერი უცნობებია”.
 
არადა საქართველოს უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ კიდევ 3 აგვისტოს აცხადებდა, რომ “კოკოითისგან ველოდებით პასუხს ჩვენს წინადადებაზე შეხვედრასთან დაკავშირებით”.


4 აგვისტოს განვითარებული მოვლენების პარალელურად ცხინვალს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი სტუმრობდა, სადაც მან შეხვედრები გამართა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან.


“ვისაუბრეთ ეუთოს მანდატის გაფართოვებაზე, მათ შორის როკის გვირაბის მიმართულებით. ჯერ-ჯერობით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს არ მიუღია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, მთელი ეს პერიოდი საბჭო აკვირდებოდა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს, რის საფუძველზეც მუდმივმოქმედი საბჭო უკვე ხვალისთვის [6 აგვისტო] გეგმავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას”, განაცხადა როი რივმა 5 აგვისტოს “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში.


“საქართველოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გარკვეულწილად იმ დადებით გამოხმაურებასაც უკავშირდება, რომელიც ეუთოში საქართველოს მოთხოვნებს მოჰყვა”, განაცხადა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. 


ეუთოს მანდატის გაფართოვების მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს მიმართა მუდმივმოქმედ საბჭოს, თუმცა დღემდე კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მაშინ საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რუსეთის დელეგაციამ.


“ყველა მხრიდან არის ნება, რომ ეუთოს მანდატი გაფართოვდეს”, განაცხადა როი რივმა ცხინვალის შეხვედრების შემდეგ.


მისი თქმით, დღესდღეობით უპირველესი პრიორიტეტია კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნება და ჭარბი იარაღისგან განთავისუფლება, “რადგანაც კონფლიქტის ესკალაციის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს”.


როი რივმა კიდევ ერთხელ შეახსენა ცხინვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სოლომონ პასის ინიციატივა ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მაღალი დონის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. ამ წინადადებით სოლომონ პასიმ 30 ივლისს მიმართა მხარეებს.


“უკვე დაიგეგემა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2004 წლის ოქტომბერში ბატონი პასის მიერ ინიცირებული შეხვედრა”, განაცხადა 5 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button