ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში წამყვანი როლის ეუთოსთვის განაწილებას რუსეთი სიფრთხილით ეკიდება







გასულ თვეს რუსეთმა მოითხოვა საქართველოს
საზღვრის ეუთოს მონიტორინგის მისიის მუშაობის
შეჩერება. 150-ზე მეტი უიარაღო ეუთოს
დამკვირვებელი საქართველო-რუსეთის საზღვრის
ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტნის მონაკვეთზე
მონიტორინგს 1999 წლიდან ახორციელებს.
რუსეთმა, რომელიც ეუთოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის მიკერძოებულ შეფასებაში ადანაშაულებს, უკმაყოფილება გამოხატა თბილისის წინადადებაზე კონფლიქტის ზონაში ეუთოს მანდატის გაფართოვებასთან დაკავშირებით.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს წინადადება ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე “არარეალურია“.


“ეუთოს მანდატის სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე გაფართოვება, დამკვირვებელთა რიცხვის გაზრდა და მათი რუსეთის საზღვარზე განთავსება – ამ ტიპის ინიციატივები იმთავითვე განუხორციელებელია”, ნათქვამია განცხადებაში.


“ამგვარი შემოთავაზებები მიზნად ისახავს მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანას და აფერხებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც შეუწყობდნენ  ხელს დაძაბულობის ესკალაციის შეჩერებას“, ნათქვამია განცხადებაში.
 
მოსკოვის განცხადებით, დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდით არ გაიზრდება რეგიონში ეუთოს საქმიანობის ეფექტორობა. “მთავარია სიტუაციის მიუკერძოვებელი შეფასება და არა დამკვირვებელთა რაოდენობის ზრდა“, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს როლის  გაზრდის საკითხი  29 ივლისს ვენაში გამართული ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე დააყენა.
 
კერძოდ, თბილისს სურს, რომ ეუთომ გააკონტროლოს როკის გვირაბი და ჯავის რაიონი, რაც წარმოადგენს ყველაზე მტიკვნეულ საკითხს საქართველოს ხელისუფლებისთვის. ქართული მხარისთვის როკის გვირაბი არის რუსეთიდან კონფლიქტის ზონაში უკანონო იარაღისა და კონტრაბანდის შეტანის წყარო, ხოლო ჯავის რაიონი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებებისთვის  პლაცდარმს წარმოადგენს.
 
საქართველოს ინიციატივას ეუთოს როლის გაზრდის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც მიესალმა.
 
აშშ-ის ელჩმა ეუთოში სტეფან მინიკესმა განაცხადა ვენაში 29 ივლისს გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეუთოს მისიის მუშაობას საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობის წინადადებას ეუთოს მისიის მანდატის გაფართოების თაობაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციას “უფრო აქტიური და პროდუქტიული როლი ითამაშოს კონფლიქტის მოგვარებაში”.   
 
“ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ საქართველოს მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ამ შემოდგომისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის  ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის ეფექტური ხელშეწყობისთვის ეუთოს მანდატში “, განაცხადა მინიკესმა.
 
საქართველოში ეუთოს მისია 1992 წლიდან თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთიანი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრთან დაკავშირებით.
 
იგი ასევე აკონტროლებს რეგიონში განლაგებულ სამმხრივ სამშვიდობო ძალებს, ურთიერთობა აქვს შერეულ საკონტროლო კომისიასთან და აგროვებს ინფორმაციას სამხედრო სიტუაციასთან დაკავშირებით.    
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ეუთოსთან “საკმაოდ კონსტრუქციულია“.


“ჩვენ გვინდა, რომ ეუთომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ყოველთვის აუფერულებს ეუთოს როლს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში“, დასძინა ხაინდრავამ.
 
ამავდროულად, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ კონფლიქტის მონაწილე მხარეები სოფიაში მაღალი დონის შეხვედრაზე მიიპატიჟა, რათა განხილულ იქნას კონფლიქტის მოგვარების გზები.
 

Back to top button