ახალი ამბები

რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთში ეუთოს მანდატის გაფართოვების წინააღმდეგია

31 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას ეხება და სადაც საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების გაზვიადებულად წარმოჩინებაში არის მხილებული.


განცხადებაში დიდ ადგილი ეთმობა ქართული მხარის მოთხოვნას ეუთოს მანადატის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს 29 ივლისს მიმართა.


“ეუთოს მანდატის სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე გაფართოება, დამკვირვებელთა რიცხვის გაზრდა და მათი რუსეთის საზღვარზე განთავსება – ამ ტიპის ინიციატივები იმთავითვე განუხორციელებელია”, ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის მანდატით გათვალისწინებული “მიუკერძოვებელი” მოქმედებები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ქართულ-ოსური პრობლემა დარეგულირდეს და მხარეთა შორის ოთხმხივ ფორმატში დიალოგი გაგრძელდეს.


“ასეთი პოზიცია დააფიქსირა რუსეთის დელეგაციამ ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სესიაზე 29 ივლისს, რომელსაც გაგებით შეხვდნენ სხვა მონაწილეებიც” ნათქვამია 31 ივლისის განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ მოუწოდა მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავებულობა და შეასრულონ შერეული საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილებები, კერძოდ, 15 ივლისს მოსკოვში ხელმოწერილი პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში “უკანონო საგუშაგოების გაუქმებას” და სამხედრო ფორმირებებისა და ტექნიკის უკან გაყვანას.


“პრობლემის თავდაყირა დაყენებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავისი “ცოდვები” სამხრეთ ოსეთს გადააბრალოს, რომელიც თითქოსდა ეწინააღმდეგება “საქართველოს ახალი დემოკრატიული ხელისუფლების” პოზიტიურ ნაბიჯებს სამხრეთ ოსური მიმართულებით”, მიიჩნევს რუსეთის საგარეო უწყება.


აშშ-ის ელჩმა ეუთოში სტეფან მინიკესმა განაცხადა ვენაში 29 ივლისს გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეუთოს მისიის მუშაობას საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობის წინადადებას ეუთოს მისიის მანდატის გაფართოების თაობაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციას “უფრო აქტიური და პროდუქტიული როლი ითამაშოს კონფლიქტის მოგვარებაში”.


საქართველოში ეუთოს მისია 1992 წლიდან თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთიანი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრთან დაკავშირებით. იგი ასევე აკონტროლებს რეგიონში განლაგებულ სამმხრივ სამშვიდობო ძალებს, ურთიერთობა აქვს შერეულ საკონტროლო კომისიასთან და აგროვებს ინფორმაციას სამხედრო სიტუაციასთან დაკავშირებით.     
 

მსგავსი/Related

Back to top button