ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე იმსჯელა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი სიტუაცია იქნა განხილული.
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან 30 ივლისს დაბრუნდა, აცნობა ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტთან ალექსანდრე ძასოხოვთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე.
 
“მე ავუხსენი ბატონ ძასოხოვს, რომ სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციას და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების გაყვანას კონფლიქტის ზონიდან ამჟამად არსებითი მნიშვნელობა აქვს“, განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე.
 
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ჩრდილოეთ ოსეთში, თუმცა ხაინდრავა მას არ შეხვედრია. ჩრდილოეთ ოსეთში ჩასვლამდე კოკოითი მოსკოვს ეწვია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ვალერი ლოშჩინინთან გამართა მოლაპარაკებები.
 
“სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გაუარესება ჩვეულებისამებრ ემთხვევა კოკოითის ვიზიტებს მოსკოვში“, განაცხადა ხაინდრავამ.
 
ქართული მხარის ინფორმაციით, 30 ივლისის ღამეს ქართულ სოფელ თამარაშენს ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად, სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
 
ამავე დროს, სამხრეთ ოსეთის მხარე “ღამის სროლებში” ქართულ მხარეს ადანაშაულებს.  ცხინვალის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე დაიჭრა.
 
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც დროზე ადრე დაასრულა თავისი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში და საქართველოში 30 ივლისს დაბრუნდა, ბრძანება გასცა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული შეიაღებული კონფლიქტის განახლება რეგიონში.
 

მსგავსი/Related

Back to top button