ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

მოსკოვმა თბილისი 30 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის მახლობლად წარმოებული სროლების თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
 
30 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხარე ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
 
ამავდროულად, ქართული მხარე უარყოფს ბრალდებებს და პირიქით, ოსურ მხარეს ადანაშაულებს ქართულ სოფელ თამარაშენზე ცეცხლის გახსნაში. ქართული საინფორმაციო წყაროების მონაცემებით, თამარაშენში სულ ცოტა სამი ქართველი პოლიციელია დაჭრილი.     
 
კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბზდოროვმა დაადასტურა სროლების ფაქტი. მან “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ “გასროლას ორივე, სამხრეთ ოსური და ქართული, მხარე აწარმოებდა“.
 
კონფლიქტის ზონაში ეს უკვე მეორე ინციდენტია ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე. საქართველოში ეუთოს მისიამ, რომელსაც კონფლიქტის ზონაში დამკვირვებლები ჰყავს, განაცხადა, რომ ქართულ სოფელ თამარაშენში 28 ივლისის დილას ძლიერი და ხანგრძლივი სროლები დაფიქსირდა.  თუმცა, არსებული ინფორმაციით მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. ეუთოს მისიამ მოუწოდა კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს ღამით გააქტიურონ პატრულირება, რათა თავიდან იქნას აცილებული “ღამის სროლები”.
 
“ეს არის პროვოკაციული სროლები, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მხარის ჩათრევას შეიარაღებულ კონფლიქტში. თუმცა, ჩვენ არ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. ჩვენს შეიარაღებულ დანაყოფებს ნაბრძანები აქვთ არ გახსნან ცეცხლი“, განუცხადა მიხეილ ქარელმა ჟურნალისტებს 30 ივლისს.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 30 ივლისს ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში განლაგებულ პოლიციას შესწევს უნარი დაიცვას ქართული სოფლები.
 
“თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტის ზონაში ჯარები არ ჰყავს. იქ მხოლოდ პოლიციის დანაყოფები არიან განლაგებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მზად არის ადექვატური ზომები მიიღოს“, დასძინა გიორგი ბარამიძემ.
 
ამავდროულად, მოსკოვში ვიზიტის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს ხვდება. კოკოითმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უბრძანა სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთებს “ჩაეხშოთ მტრის ცეცხლი“.  მან კიდევ ერთხელ მოსთხოვა ქართულ მხარეს გაიყვანოს “ზედმეტი” შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონიდან.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ედუარდ კოკოითმა მადლობა მოუხადა რუსეთს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ “რუსეთი კვლავაც გააგრძელებს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თანამოქალაქეების მხარდაჭერას“. რუსეთმა  ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე უკვე გასცა რუსული პასპორტები.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული ძალები დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა.
 
“ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებები იწვევს დესტაბილიზაციას არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს რეგიონში[კავკასიაში]. რუსეთი ვერ დარჩება გულგრილი სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების მიმართ“, განაცხადა ვალერი ლოშჩინინმა.
 
მან მოუწოდა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, რათა განიმუხტოს სიტუაცია კონფლიქტის ზონაში. ვალერი ლოშჩინინმა ასევე დაადანაშაულა თბილისი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში 2 ივნისს და 16 ივლისს ხელმოწერილი პროტოკოლების დარღვევაში, რაც ითვალისწინებს ცეცხლის განახლების თავიდან აცილებას და დამატებითი ჯარების  კონფლიქტის ზონიდან გამოყვანას.
 
საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა  29 ივლისს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა. მან კონფლიქტის მოგვარების საქმეში  ეუთოს სამშვიდობო მანდატის გაზრდა მოითხოვა.
 
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეთ ჯოუნსი, რომელიც კოლინ პაუელთან ერთად არაბულ ქვეყნებში მართავდა ტურნეს, თბილისში 30 ივლისს ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ელიზაბეთ ჯონსი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 30 ივლისს დროზე ადრე შეწყვიტა ოთხდღიანი ვიზიტი ისრაელში და თბილისში დაბრუნდა.


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციას განიხილავს.  

მსგავსი/Related

Back to top button