ახალი ამბები

აჭარას ახალი მთავრობა ჰყავს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ საკანონმდებლო ორგანოს სამი მოქმედი მინისტრის და ერთიც ახალი კანდიდატურა წარუდგინა.


მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა 30 წევრიან უმაღლესი საბჭოში წარმოდგენილმა “რესპუბლიკური პარტიის” ორმა დეპუტატმა.


მთავრობაში, რომელიც სულ 4 წევრს ითვლის, პოსტები შეინარჩუნეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ედუარდ ფუტკარაძემ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე გეგენავამ და ეკონომიკისა მინისტრმა ალექსანდრე ბეჟანიძემ.


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გახდა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი კობა ხაბაზი, რომელიც ასევე შეითავსებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.


20 ივლისს “აჭარის რევოლუციის” ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ და მოქმედი პარლამენტის უკვე ყოფილმა დეპუტატმა კობა ხაბაზმა საკუთარი ინიციატივით მოხსნა კანდიდატურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ მახარაძის სასარგებლოდ, რითაც აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებაში მოღვაწეობის გაგრძელებას მიანიჭა უპირატესობა. 


მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 28 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმინობის წესის შესახებ”, რითაც განისაზღვრა მომავალი მთავრობის უფლებამოსილებანი.


ასევე, 28 ივლისს, უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციასა და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა.

მსგავსი/Related

Back to top button