ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედუარდ კოკოითს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 30 ივლისს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ვალერი ლოშჩინინმა შეშფოთება გამოხატა კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის ესკალაციის გამო.


“ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებები იწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს რეგიონში. რუსეთი ვერ დარჩება გულგრილი სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების მიმართ“, განაცხადა ვალერი ლოშჩინინმა.


მან მოუწოდა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, რათა განიმუხტოს სიტუაცია კონფლიქტის ზონაში.


30 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხარე ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, ორი მოქალაქე დაიჭრა.


კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბზდოროვმა “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ ცხინვალი “ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა“.


ამავდროულად, ქართული მხარე უარყოფს ბრალდებებს და ოსურ მხარეს ქართულ სოფელ თამარაშენზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.    


 

მსგავსი/Related

Back to top button