ახალი ამბები

გაერო სტიქიით დაზარალებულ სვანეთის მოსახლეობას სურსათით ეხმარება

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ 25 ივლისს გადაუდებელი დახმარების ორთვიანი ოპერაცია დაიწყო მაღალმთიან სვანეთში წყალდიდობით დაზარალებული 1 986 ადამიანისათვის.


გაეროს სასურსათო პროგრამამ ფქვილი და ზეთი გააგზავნა მესტიის ყველაზე მეტად დაზარალებული სამი სოფლის – მულახის, წვირმისა და იფარის მოსახლეობისათვის, ნათქვამია 29 ივლისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.


უჩვეულოდ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც 16 ივლისს დაიწყო, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უდიდესი ზარალი მიაყენა სოფლის მეურნეობას. წყალდიდობამ ამ სამ სოფელში კარტოფილის ნათესი ფართობებისა და სათიბების 70%-ზე მეტი გაანადგურა, გადარეცხა საძოვრები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები, რომელთაგან ზოგიერთის აღდგენა შეუძლებელია.


“ზარალი ძალზე დიდია, მაგრამ გაეროს სასურსათო პროგრამა მზად არის დაეხმაროს რეგიონს, რათა ხელი შეუწყოს მის სრულ რეაბილიტაციას”, განაცხადა პროგრამის საქართველოს ოფისის დირექტორმა პიპა ბრედფორდმა.


სტიქიით დაზარალებულ ზემო სვანეთს დახმარებას აშშ-ს მთავრობაც გამოუყოფს, რაც ჯამში 50 ათასს აშშ დოლარს შეადგენს. 16-19 ივლისს მესტიის რაიონისთვის წყალდიდობით მიყენებული ზარალი აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა 27 ივლისს პირადად მოინახულა.


 

მსგავსი/Related

Back to top button