ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში კვლავ სროლა დაფიქსირდა

ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას 30 ივლისის ღამეს ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.


ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მხარემ ავტომატური იარაღი და ყუმბარმტყორცნები გამოიყენა, თუმცა მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.


ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში 29 ივლისსაც დაადანაშაულეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს 28 ივლისს ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დასდო ბრალი.


რუსული მედია იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის ირინა გაგლოევას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ცხინვალში ორი მოქალაქე დაიჭრა. თუმცა, ქართული მხარე ცხინვალზე ცეცხლის გახსნის ფაქტს უარყოფს.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 29 ივლისს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მან ბრძანება გასცა “ჩაეხშოთ მტრის ცეცხლი“.


თუმცა, ეუთოს მისიამ საქართველოში დაადასტურა, რომ ქართულ სოფელ თამარაშენზე მართლაც მოხდა თავდასხმა. 28 ივლისს მისია იუწყებოდა ხანგრძლივი და ძლიერი ცეცხლის თაობაზე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 30 ივლისს ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართულ პოლიციას შესწევს უნარი დაიცვას ქართული სოფლები.


“თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტის ზონაში ჯარები არ ჰყავს. იქ მხოლოდ პოლიციაა განლაგებულნი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მზად არის ადექვატური ზომები მიიღოს“, დასძინა გიორგი ბარამიძემ.  

მსგავსი/Related

Back to top button