ახალი ამბები

საქართველო თავდაცვის ხარჯებს ზრდის

28 ივლისს მთავრობის სხდომაზე საბოლოოდ შეჯერდა თანხების ის ოდენობა, რომელიც 2004 წლის ბიუჯეტის 228 მილიონ ლარიანი ზრდის შედეგად სხვადასხვა სფეროებზე უნდა გადანაწილდეს.


პრემიერ-მინიტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები, ისევე როგორც პრიორიტეტული სფეროები უკვე შეთანხმებულია პრეზიდენტთან და ამ კვირაში ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.


ხელისუფლების გადაწყვეტილებით უმთავრესი პრიორიტეტი ძალოვან სტრუქტურებსა და სოციალურ სფეროს მიენიჭა.


228 მილიონიდან ძალოვანი და სამართალდამცავი სამინისტროები ჯამში დამატებით 97 მილიონ ლარს მიიღებენ, რაც მათ რეფორმირებას და ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდება.


მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს – 59 მილიონი ლარი; თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას- 25 მილიონი ლარი; უშიშროებას – 6 მილიონი ლარი; იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურასა და  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს – 2-2 მილიონი ლარი მოხმარდება.


შიდა დავალიანებების დაფარვისთვის, რომელიც სახელფასო და საპენსიო თანხების გასტუმრებას ითვალისწინებს, დაახლოვებით 22 მილიონი ლარია ნავარაუდევი. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციებში გადასახად საწევრო შენატანებსა და საელჩოების დაფინანსებაზე დამატებით 4 მილიონი ლარის გამოყოფა.


გარდა ამისა, გათვალისწინებულია ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან 27 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი ინვესტიციების განხორციელება და საგზაო ფონდზე 20 მილიონ ლარამდე თანხის გადაცემა.


“ამის საშუალება საგადასახადო შემოსავლების 84 მილიონ ლარიანმა, არასაგადასახადო შემოსავლების 125 მილიონიანმა და პრივატიზაციიდან შემოსულმა 61 მილიონ ლარიანმა ზრდამ მოგვცა”, განაცხადა 28 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.


შესაძლოა, რომ საპარლამენტო განხილვებისას 2004 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების პროექტში გათვალისწინებულმა თანხების გადანაწილებამ მცირედი კორექტივები განიცადოს, თუმცა პრიორიტეტები იგივე დარჩება.


“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საბიუჯეტო წლის შუა პერიოდში მთავრობა პარლამენტს არა ბიუჯეტის სეკვესტრის, არამედ გაზრდის მოთხოვნით მიმართავს”, დასძენს ზურაბ ჟვანია.

მსგავსი/Related

Back to top button