ახალი ამბები

თბილისი გაეროს აფხაზეთთან მიმართებაში გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს ელჩი გაეროში რევაზ ადამია უშიშროების საბჭოს მოუწოდებს “მტკიცე პოზიცია“ დაიკავოს და “გადამწყვეტი ნაბიჯები“ გადადგას აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კონფლიქტის მოგვარების მიზნით.


“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო აფხაზეთის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაცია შეიძლება ვრცელდებოდეს ახალი მთავრობის აგრესიულობის შესახებ“, ნათქვამია საქართველოს ელჩის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში.


ადამია ხაზგასმით მიუთითებს საქართველოს ახალი მთავრობის  კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაიარაღა და დააკავა რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოქმედებდა და ადამიანთა გატაცებებში, მათ შორის გაეროს დამკვირვებელთა გატაცებაში, იყო აქტიურად ჩართული. 


საქართველოს ელჩმა გაეროში იმედი გამოთქვა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალმა არჩევნებმა შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს სამშვიდობო პროცესის მოგვარებაში.


“მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები უკანონოდ არის მიჩნეული, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სეპარატისტების ახალი ლიდერი უფრო კონსტრუქციულ და საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებს“, აცხადებს რევაზ ადამია.


საქართველოს ელჩმა პროტესტი გამოხატა აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკაზე, კერძოდ, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე უვიზო რეჟიმის  შემოღებასთან  და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით.


“სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება პრაქტიკულად დასრულდა; მიწისა და ქონების უკანონო შეძენა აფხაზეთში კვლავ გრძელდება; აფხაზი სეპარატისტების მომზადება რუსეთის სამხედრო სკოლებში კვლავ გრძელდება; დროდადრო ასობით შეიარაღებული დაქირავებული მებრძოლი შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან ე.წ. “ერთობლივი წვრთნების“ ჩასატარებლად“, ნათქვამია წერილში.


ადამია სთხოვს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს ეწვიონ აფხაზეთს რეგიონში 3 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. “დროული იქნება, რომ არსებულ სიტუაციას სწორედ ადგილზე გაეცნოთ და სეპარატისტების ახალ ხელმძღვანელობას საერთაშორისო საზოგადოების ნება და ხედვა გააცნოთ“, დასძინა ადამიამ.  


 

მსგავსი/Related

Back to top button