ახალი ამბები

კოკოითი: საქართველოს ხელისუფლება ჩემს მოსყიდვას შეეცადა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს ხელისუფლებას მისი და რიგი ოსი ჩინოვნიკების მოსყიდვის მცდელობაში მოსკოვიდან ადანაშაულებს. კერძოდ, იგი ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, რომელთაც კოკოითისთვის საქართველოს ვიცეპრეზიდენტობა და 20 მილიონი ჯერ კიდევ იანვარში შეუთავაზებიათ.


“მე დამიკავშირდნენ სხვადასხვა პიროვნებები: ფეხბურთელი [და პარლამენტარი] ვლადიმერ გუცაევი, უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან დაახლოვებული პირები და საქართველოს ვიცეპრეზიდენტობა და 20 მილიონი შემომთავაზეს. ამის დამადასტურებელი აუდიო მასალა ჩემს ხელთაა”, განაცხადა დღეს მოსკოვში სააგენტო “ინტერფაქსში” გამართულ ბრიფინგზე კოკოითმა, რომელიც  რუსეთის დედაქალაქში 26 ივლისს, როგორც თავად განმარტა, ეკონომიკური საკითხებთან დაკავშირებით გაემგზავრა.


ცნობილმა ოსმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია, უარყო კოკოითის ბრალდებები და აღნიშნა, რომ იგი აქამდე თავს იკავებდა რამენაირად ჩარეულიყო კონფლიქტის მოგვარებაში, “თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლების თხოვნა იქნა დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას”.  მისი თქმით, იგი სულ ორჯერ არის შეხვედრილი კოკოითთან წინასაარჩევნო და საფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებით.


დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, “ოსი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისათვის არ იყიდება”, თუმცა კოკოითი რუსეთთან შეერთების სურვილს კვლავაც აქტიურად გამოთქვამს.

მსგავსი/Related

Back to top button