ახალი ამბები

ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან








ხაინდრავა: ათი წლის წინანდელი
ხელშეკრულებები,რომელიც ცხინვალის რეგიონს
ეხება, საქართველოს ტვირთად არ აწევს
სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა უკვე მეხუთე თვეა, რაც ქართულ მხარეს წარმოადგენს ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რაც თვითგამოცხადებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს ეხება. 27 ივლისს გოგა ხაინდრავამ „სივილ ჯორჯიას“ ინტერვიუ მისცა, რომელიც ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთიში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო.

გოგა ხაინდრავას განცხადებით სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დემილიტარიზაცია, კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ეუთოს როლის გაზრდა, რაც თვის მხრივ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ როკის გვირაბისა და ჯავის რაიონის მონიტორინგს გულისხმობს, ასევე რეგიონის სტატუსის განსაზღვრის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება თბილისის უმთავრესს პრიორიტეტებს წარმოადგენს.


რაც შეეხება აფხაზეთს, გოგა ხაინდრავას განცხადებით, ამ მიმართულებით თბილისის გააქტიურება აფხაზეთში ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი.

რა არის ის პრიორიტეტული საკითხები, რომლის გადაჭრასაც ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ქართული მხარე აპირებს?

პირველ რიგში ეს არის იმ უკანონო ბანდფორმირებების განიარაღება და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, რომლებმაც თავი მოიყარეს ჯავის რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ეს დაჯგუფებები კვლავ იქ იმყოფებიან. ასევე ჩვენი მოთხოვნა, ზოგადად, მთლიანი რეგიონის დემილიტარიზაციაა.

ჩვენ ვითხოვთ ასევე, მონიტორინგის შესაძლებლობას სამხრეთ ოსეთის მთელს ტერიტორიაზე, რაშიც ვგულისხმობთ ეუთო–ს მისიის მიერ მთლიანი რეგიონის მონიტორინგს, მათ შორის ჯავის რაიონსა და როკის გვირაბზე. თავისთავად როკის გვირაბი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ჩვენი მიზანი როკის გვირაბის გაკონტროლებაა. მე როდესაც ვსაუბრობ ეუთო–ს მიერ მონიტორინგის განხორციელებაზე, ამ ორგანიზაციის მიერ როკის გვირაბის მონიტორინგსაც ვგულისხმობ.

ეუთოსთან თანამშრომლობა ძალზედ კონსტრუქციულად მიმდინარეობს, თუმცა პრობლემაა ის, რომ სამწუხაროდ, ეუთოს აქტიური როლი არ აკისრია. ჩვენ სწორედ ამ საკითხის წინ წამოწევა გვსურს, რათა ეუთო უფრო აქტიური გახდეს, ვიდრე დღეს არის.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან ყოველთვის არის იმის მცდელობა, რომ დაკნინებული იყოს ეუთოს როლი და მისი მონაწილეობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე [29 ივლისს] დადგება ეს საკითხები, მათ შორის როკის გვირაბის ეუთოს მიერ გაკონტროლების შესახებ და იქ გამოჩნდება კონკრეტულად რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი.

ამას გარდა, ჩვენს პრიორიტეტს ასევე წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება, მათ შორის რკინიგზის აღდგენა [რაც ამჟამად შეჩერებულია].

და რაც მთავარია, ჩვენი მიზიანია, რეგიონის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სტატუსის განსაზღვრის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ ეტაპზე ესენია ჩვენი მთავარი პრიორიტეტები.

ჩვენ ყველა ამ მიზანს და კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ, ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამას წინათ არ გამორიცხა საქართველოს მიერ 1992 წლის დაგომისის შეთანხმების, რომელსაც ხელი საქართველოსა და რუსეთის მაშინდელმა მეთაურებმა მოაწერეს, დენონსაცია. ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ თორმეტი წლის წინანდელი შეთანხმებები საქართველოს ტვირთად აწევს. რამდენად იგრძნობა ეს ოსურ და რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს?

არავითარ ტვირთად ეს ხელშეკრულებები საქართველოს არ აწევს. საქმე იმაშია, რომ ამ 12 წლის განმავლობაში, უყურადღებობით, თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, ხშირ შემთხვევაში ეს შესაძლოა დანაშაულებრივ ქმედებათაც ჩაითვალოს, ის ხელშეკრულებები და მისი ის პუნქტები, რითაც ჩვენ გარკვეული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა გვეძლევა, დავიწყებული იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა, ვგულისხმობ ყოფილ ხელისუფლებას.

ქართულ მხარეს უფლება აქვს დაძაბულობის პირობებში პოლიციის ძალებით გააკონტროლოს რეგიონი. ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და დარჩა მოსაზრება თითქოს კონფლიქტის ზონაში ქართულ მხარეს არაფრის უფლება არ აქვს.

ის ორმოცი სოფელი, რომელიც კონფლიქტის ზონაშია, როგორ ფიქრობს ვინმე აქამდე პოლიციის მეთვალყურეობის გარეშე იყო დარჩენილი? ყოველთვის იყო იქ ქართული პოლიცია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ძველი ხელისუფლების დროს პოლიცია იქ არაფერს აკეთებდა, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში კრიმინალით იყო დაკავებული. როგორც კი პოლიციამ ნორმალურად დაიწყო მუშაობა, მაშინვე ატეხა ოსურმა მხარემ განგაში, თითქოს ქართული მხარე შეთანხმებას არღვევს, რაც სიმართლეს არ შეეფერება.

12 წლის განმავლობაში დავიწყებული იყო ძველი ხელისუფლების მიერ ის მექანიზმები, რომლებიც ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული და რომელთა ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებაც, როგორც ხედავთ, შესაძლებელი ყოფილა. 

ქართულ მხარეს პოლიცია ყოველთვის ჰყავდა რეგიონში, თუმცა ძალიან ხშირად ისინი ოსებთან ერთად კონტრაბანდის მფარველობით იყვნენ დაკავებულები. თუმცა მას შემდეგ, რაც კონტრაბანდა შეწყდა და პოლიციამ სათანადოდ დაიწყო მუშაობა, ამან ოსები, რა თქმა უნდა, შეაშინა.

კონკრეტულად რა ტერიტორია ითვლება კონფლიქტის ზონად?

კონფლიქტის ზონაში შედის ტერიტორია, რომელიც მოქცეულია ცხინვალის ცენტრიდან 15 კმ–ის რადიუსში.  სულ აქ  დაახლოვებით 40 სოფელი შედის, რაც 1992 წლის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. სულ ესაა მთელი კონფლიქტის ზონა.

ცალკეა უსაფრთხოების კორიდორი, რასაც წარმოადგენს 14 კილომეტრიანი ზოლი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ირგლვლივ, ანუ შვიდ–შვიდი კილომეტრი ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. ჩვენ ამ მონაკვეთზე სრული უფლება გვაქვს მონიტორინგი განვახორციელოთ, რაც თავისთავად გულისხმობს როკის გვირაბის გაკონტროლებასაც.

რუსეთი და სამხრეთ ოსური მხარე მუდმივად ადანაშაულებს ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში ჭარბი შეიარაღებული ძალების განთავსების გამო.

არა, ჩვენ კონფლიქტის ზონაში არანაირი დამატებითი ძალები არ გვყვავს. ჩვენ გვყვავს მხოლოდ ის ხუთასი ჯარისკაცი, რომელიც სამშვიდობო კონტიგენტის ქვოტირებით არის დადგენილი. მითუმეტეს, რომ ჩვენ მთლიანად არ გვაქვს გამოყენებული შეიარაღების ის ქვოტა, რომელსაც სამშვიდობო ბატალიონისთვის ხელშეკრულება ითვალისწინებს

ქართულ სოფლებში, რა თქმა უნდა, დგანან დამატებითი პოლიციური ძალები და არა ჯარისკაცები, რაც სრულიად ბუნებრივია.

იმ პირობებში, როდესაც რეგიონის ქართულ სოფლებს, რომლებიც ემიჯნება ტერიტორიებს [რომლებსაც სამხრეთ ოსური მხარე აკონტროლებს] საიდანაც ქართულ სოფლებს საფრხე ემუქრება, მაშინ როდესაც ცხინვალის ხელისუფლება აცხადებს სამხედრო მობილიზაციას და დაქირავებული “ბოევიკებს” უყრის თავს, დამატებით პოლიციური ძალების არსებობა რეგიონში სრულიად ბუნებრივია.

გაურკვევლობა არსებობს სამმხრივ სამშვიდობო კონტიგენტთან დაკავშირებითაც. აქვს თუ არა სამხრეთ ოსურ მხარეს სამშვიდობო ბატალიონის ყოლის უფლება?

რაც შეეხება სამშვიდობო კონტიგენტს, ხელშეკრულებით ეს არის სამმხრივი – რუსული, ქართული და ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობო ძალები.

სამხრეთ ოსურ მხარეს არანაირი მძიმე შეიარაღების ან შეიარაღებული დაჯგუფებების ყოლის უფლება არ აქვს, მათ მხოლოდ პოლიციური ძალები შეუძლიათ ჰყავდეთ.

რეალობა კი სხვაგვარია, ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონი მთლიანად სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული, რაც ხელშეკრულების უხეში დარღვევაა.

ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ სამხრეთ ოსური მოსახლეობა, რომლებიც ბატალიონის შემადგენლობაში შედიან, რუსეთის მოქალაქეები არიან. რუსეთის მოქალაქეობის ფაქტორს ისინი კარგად იყენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებობს ორმაგი სტანდარტები რუსეთის პოლიტიკაში. რუსეთის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერაც ცალსახაა.

მოლაპარაკებებზე რუსეთი ცდილობს ნეიტრალური მხარე დაიკავოს, თუმცა საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ოსური, ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსური მხარეები წინასწარ ყოველთვის გადიან კონსულტაციებს მოსკოვთან, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. რა მოლოდინები არსებობს თბილისში ამასთან დაკავშირებით?

[აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადისლავ] არძინბას ეპოქა მთავრდება აფხაზეთში. მართალია ჩვენ არალეგიტიმურად ვცნობთ აფხაზეთის არჩევნებს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, რადგან განისაზღვრება თუ ვისთან გვექნება ურთიერთობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ აფხაზეთში სტაბილური ვითარება იყოს, რადგან დაძაბულობას ყოველთვის მოსდევს იქ ქართული მოსახლეობის შევიწროება, განსაკუთრებით გალის რაიონში.

ამას გარდა ჩვენ გვინდა, რომ ის ხალხი, რომელიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა, აფხაზეთის მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მხარდაჭერით იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან ჩვენ მათთან ძალზედ მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხები გვექნება გადასაწყვეტი.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ილუზია ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს, რადგან აფხაზეთში პროქართული პოლიტიკოსები არ არსებობენ.

აფხაზეთთან მიმართებაში გააქტიურება მხოლოდ იქ ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი. ამჟამად, ანუ არჩევნებამდე რამე აქტიურობას აზრი არ აქვს.

20–21 ივლისს თქვენ სოჭში იმყოფებოდით, სადაც მოლაპარაკებები გამართეთ აფხაზურ მხარესთან, რომელსაც საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინიც ესწრებოდა. კონკრეტულად რაზე იყო საუბარი?

სოჭის შეხვედრას ტენქნიკური ხასიათი ქონდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც დევნილთა აღწერის მექანიზმებს ეხება. სწორედ ამ დოკუმენტის განხილვა შედგა.

ჩვენთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან დევნილთა დაბრუნება პრიორიტეტული საკითხია. თუ დევნილების დაბრუნების პროცესი არ დაიწყო, სხვა საკითხებზე საუბარს აზრი არ აქვს. ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობა დევნილთა დაბრუნება უნდა გახდეს, რაც პირველ ეტაპზე გალის რაიონით უნდა დაიწყოს.

მსგავსი/Related

Back to top button