ახალი ამბები

2004 წლის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარით გაიზრდება

დღეს, მინისტრთა კაბინეტმა 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი განიხილა მთავრობის სხდომაზე , რომელიც კონსოლიდირებული ბიუჯეტის 220 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

“ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ბიუჯეტის სეკვესტრის ნაცვლად მთავრობა პარლამენტს საბიუჯეტო წლის შუა პერიოდში ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.


მისი თქმით, მთავრობას ბიუჯეტის პარამეტრების გაზრდის საფუძველი საგადასახადო და არასაგადასახადო ჭარბმა შემოსავლებმა მისცა, რაც 2004 წლის განვლილი თვეების განმავლობაში დაფიქსირდა. 


1,7 მილიარდიან ბიუჯეტზე დამატებული 220 მილიონი ლარი თითქმის ყველა სამინისტროზე გადანაწილდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზრდება თავდაცვის სფეროზე გათვალისწინებული თანხებიც, რომელიც ამ ეტაპზე 67 მილიონს ლარს შეადგენს.


12 მაისს ჯერ კიდევ 2004 წლის ბიუჯეტის მიღებისას, ხოლო მეორედ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების წინ პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მთავრობა ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით ივლისში მიმართავდა პარლამენტს.


სავარაუდოდ, პარლამენტი გადაწყვეტილებას ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით აგვისტოს პირველ რიცხვებში დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე მიიღებს.



 

მსგავსი/Related

Back to top button