ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოების მეთაურის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია

მიუხედავად ქართული მხარის მოთხოვნისა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის სვიატოსლავ ნაბზდოროვის შეცვლის თაობაზე, მოსკოვი არ ცდილობს როტაციის პროცედურა დააჩქაროს.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 25 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის სვიატოსლავ ნაბზდოროვის შეცვლა დაგეგმილია. “თუმცა, ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსული მხარე ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს“, იუწყება რუსული მედია ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ცოტა ხნის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ განაცხადა, რომ ნაბდზოროვი ორ კვირაში დატოვებდა სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობას. მის პოსტს კი გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დაიკავებდა.


სვიატოსლავ ნაბდზოროვის შეცვლის საკითხი 2 ივნისს გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, მაგრამ დღემდე ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.


22 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო უწყებას, სადაც გენერალ ნაბდზოროვის სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობიდან გაწვევა მოსთხოვა. ამის მიზეზად კი ნაბდზოროვის მიერ უფლებამოსილების გადამეტების არაერთი ფაქტი დასახელდა.  


 

მსგავსი/Related

Back to top button