ახალი ამბები

ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

ინტერვიუ დეპუტატ გიგა ბოკერიასთან


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ მაქსიმუმ ექვს თვეში მოგვარდება.


საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი “უსისხლოდ” და მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგის გზით მოგვარდეს. თუმცა ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, რომელსაც ზურგს რუსეთის გავლენიანი წრეები უმაგრებენ, საქართველოს “ფართომასშტაბიან სამხერდო კონფლიქტში ჩათრევა” მოინდომოს, რისი მცდელობაც ქართული მხარის მტკიცებით, მას უკვე ჰქონდა, როცა 7-10 ივლისს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია.


“სივილ ჯორჯია” ამ თემაზე 23 ივლისს დეპუტატ გიგა ბოკერიას ესაუბრა, რომელიც სრულად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების განწყობას და პრეზიდენტთან დაახლოვებული ფიგურაა.


“პროვოკაციების თავიდან აცილების პარალელურად, ჩვენ კვლავ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრენი. ის რეაქციები, რომელიც მოდის, როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან, ისე რუსეთში ცალკეულ პოლიტიკურ წრეებიდან, არის გამოხატულება იმისა, რომ ჰუმანიტარული “შეტევის” ტაქტიკა კონტრაბანდის გადაკეტვასთან ერთად შედეგებს იძლევა”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან”ინტერვიუში გიგა ბოკერია.

როგორია ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლების გეგმები?


ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა რჩება, რომ ვერ მოახერხონ ჩვენი ჩათრევა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან, თუმცა საბედნიეროდ მოხერხდა მისი თავიდან აცილება.


ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენებს ძალას. ჩვენ ვიღებთ დამატებით ზომებს, რათა ძალისმიერი გზით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, ვიყოთ მზად საკუთარი მოქალაქეების დასაცავად მაშინაც კი, თუ გარედან მოხდა სამხედრო აგრესია.


სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ამ სცენარის განხილვაც, თუმცა ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ წამოგებოდა პროვოკაციას, მითუმეტეს, რომ ფართომასშტაბიანი კონფრონტაციის დასაწყებად საბაბი საკმარისზე მეტი იყო.


ჩვენ კვლავ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრენი. ის რეაქცია, რომელიც ჰქონდათ, როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ისე რუსეთში ცალკეულ პოლიტიკურ წრეებს, იმის გამოხატულებაა, რომ ჰუმანიტარული “შეტევის” ტაქტიკა კონტრაბანდის გადაკეტვასთან ერთად იძლევა შედეგებს.


დეფაქტო ხელისუფლების, ისევე როგორც იქ მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების, შემოსავლის ძირითადი წყარო იყო კონტრაბანდა. სწორედ იმ ფულით, რომელიც კონტრაბანდიდან შედიოდა, რომელის ძალიან მცირე ნაწილს მოსახლეობისთვისაც იმეტებდნენ, ეჭირა სიტუაცია კოკოითს და მის გარემოცვას.


ჩვენი დადებითი დამოკიდებულება ოსი ხალხის მიმართ, რომლის გულწრფელობაში ისინი უახლოეს მომავალში თავად დარწმუნდებიან, ასევე ჰუმანიტარული პროექტები – დახმარებები, პენსიები, ოსი და ქართველის ბავშვების კურორტებზე გაგზავნა, სპორტული შეჯიბრებები და სხვა, უახლოეს მომავლაში გამოიღებს თავის დადებით შედეგებს.


თუმცა კოკოითი დაძაბულობის ესკალაციით და ფსევდო პატრიოტული ისტერიით ცდილობს ოს და ქართველი ხალხს შორის დიალოგის შეზღუდვას. ამის ერთ-ერთი მაგალითია ალექსანდრე კოზაევის დაპატიმრება სწორედ ქართველებთან კონტაქტის გამო. სამხრეთ ოსეთის ტიპიური ავტორიტატული, კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დაყრდნიბილი რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნების ფასად საკუთარი ხალხის, მათ შორის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველების, რეპრესიებზეც კი მიდის.


მაგრამ მათ ძალიან გაუჭირდებათ, როგორც მატერიალური შემოსავლების და რეჟიმის შენარჩუნების კუთხით, ისე მოსახლეობის ელემენტარული  პირობებით დაკმაყოფილება. ამიტომ დროის ფაქტორი სწორედ მათ წინააღმდეგ მუშაობს.


ჩვენ უსასრულო ლოდინს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, მაგრამ მოთბინება გვაქვს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავანახებთ ჩვენ ოს თანამოქალაქეებს, თუ რა პერსპექტივებს სთავაზობს მათ ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება, ასევე ჩვენ მზარდ ვართ განვიხილოთ მათი ინტერესების დაკმაყოფილების მრავალნაირი მოდელი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი.


და თუ ვინმე ჩვენ არ გვაიძულებს ჩვენთვის არასასურველ ნაბიჯებზე წავიდეთ, ეს პოლიტიკა ჩვენ მიგვიყვანს შედეგადმდე.


როდისთვის უნდა ველოდოთ ამ შედეგის დადგომას?


მე ვფიქრობ, რომ ეს არის თვეების საქმე, ვაპირებთ მშვიდობიანი დიალოგის პოლიტიკის კიდევ უფრო გამძაფრებას. მაგრამ არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან რაიმე კონკრეტულ თარიღებზე საუბარი.
თუმცა წინა ორი პრობლემის [“ვარდების რევოლუცია” და აჭარის კრიზისი] მოგვარება სასიამოვნოდ დაემთხვა დღესასწაულებს.


რას ფიქრობთ ედუარდ კოკოითის ფიგურაზე და მის ბედზე პოსტკონფლიქტურ პერიოდში?


კოკოითზეა თავად დამოკიდებული, როგორი იქნება მისი ბედი უახლოეს მომავალში. მაგრამ ჩემი პროგნოზით იმის პერსპექტივა, რომ მან სხვა თვალით შეხედოს სიტუაციას, არ ჩან.ს თუ მოხდა მის პიროვნებაში სასწაულებრივი “გამობრწყინება”, ამან შეიძლება ძალიან პოზიტიური როლიც კი ითამაშოს კონფლიქტის მოგვარებაში.


მაგრამ კოკოითი უარს აცხადებს ნებისმიერ დიალოგზე, რომელიც ცხინვალის რეგიონის სტატუსს ეხება ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. ეს ადამიანი აპრიორი აცხადებს, რომ ჩვენი ამოცანა რუსეთის შემადგენლობაში შესვლააო.


ამიტომ ჩვენ მისი [კოკოითის] გვერდის ავლით გვიწევს ოს ხალხთან საუბარი. ამის მსრუველი კი ძალიან ბევრია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუროკრატიაში და მმართველ ელიტაში, რის გამოც კოკოითი საკუთარი რეჟიმის რეპრესიული მეთოდებით გამყარებას ცდილობს. სწორედ ამისთვის მოხდა ომის დაწყების პროვოცირება და სამწუხაროდ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მომავლშიც იყოს ასეთი მცდელობები. 


ამასთან, კოკოითი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის და როგორც საბოლოოდ დადასტურდა, აქ დიდ როლს რუსეთის პოლიტიკური კურსი თამაშობს. ამიტომ ნებისმიერი მისი ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს სისხლისღვრამდე, ეს იქნება რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტი. 


თქვენი აზრით რა როლი აქვს რუსეთს ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში?


რეალურად კონფლიქტის ზონაში სიტუაციას რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ, მათ გარეშე იქ არაფერი ხდება. როგორც მატერიალური, ისე სამხერდო, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით მხარდაჭერა და პირდაპირი ბრძანებებიც კი მოდის რუსეთიდან.


იმ სამ დატყვევებულ ქართველ სამშვიდობოში, რომელიც დღესაც ცხინვალის ციხეში იმყოფებიან, ისინი [რუსეთი] პირდაპირ გვთავაზობდნენ იმ რუსული იარაღის გაცვლას, რომელიც ჩვენ დავაკავეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი სამხედროები და დიპლომატები, რომლებიც აქტიურად იყვნენ დაინტერესებულები ამ გარიგების განხორციელებით, პირდაპირ აღიარებენ , მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების წინაშეც, რომ ისინი კონფლიქტში ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ.


ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს მეზობელ ქვეყანას საქართველოს შიდა  საქმეებში ისეთი უხეში ჩარევა, რომელიც ქვეყანას შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანს.


ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით მთელი მსოფლიოსთვის გვემცნო, თუ როგორია რეალური ვითარება და რუსეთის “წვლილი” ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში.


მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ [საქართველოს ხელისუფლება] შევიცვალეთ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესების კურსი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ტერიტორიული მთლიანობა და სამხერდო ბაზები – ეს ის საკითხებია, სადაც ქართული სახელმწიფო კომპრომისზე არასოდეს წავა.


თუ რუსეთი მიისწრაფვის ცივილიზირებულ სამყაროში შესასვლელად, რისკენაც ჩვენ ნამდვილად მივისწრაფით, ამ მეთოდებით საქართველოს გამთლიანებისთვის ხელის შეშლა ძალიან მძიმე პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს მას.


აჭარაში ქართულმა უშიშროებამ კარგად იმუშავა, რის შედეგადაც ასლან აბაშიძე ფაქტიურად მარტო დარჩა, დასაყრდენი გამოეცალა. თუ მიმდინარეობს მუშაობა ამ კუთხით ცხინვალის რეგიონში?


აჭარასთან შედარებით სიტუაცია განსხვავებულია ცხინვალის რეგიონში. აჭარაში მოსახლეობის 99% სრულ იდენტიფიცირებას ახდენს ქართულ სახელმწიფოსთან, იქ რეჟიმის პრობლემა იდგა მხოლოდ. ამიტომაც ჩვენ იქ არა ხალხის გადმობირება, არამედ რეჟიმის წარმომადგენლებთან გვიხდებოდა მუშაობა.


მაშინ, როდესაც ჩვენ ოს თანამოქალაქეებთან ამასთან ერთად გვაქვს პრობლემა მათი დარწმუნებისა, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად ქართველი ხალხის კეთილგანწყობა მათ მიმართ, რაშიც სერიოზული პროგრესი უკვე მიღწეულია.


რა თქმა უნდა ამასთან ერთად ჩვენ და უშიშროება კერძოდ, ვმუშაობთ იმაზე, რომ მათთან ვინც კოკოითის რეჟიმს ემსახურება გვქონდეს კონტაქტები. გარწმუნებთ, რომ მათ შორის არის ბევრი, ვისაც სურს, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს.


მაგრამ იმის გამო, რომ იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები იმყოფებიან, იქ სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ეს იყო თუნდაც აჭარაში და რაც უკვე აღვნიშნე, რომ იქ ოსები ცხოვრობენ და არა ქართველები, ეს მიზნის მიღწევას უფრო ართულებს.


ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს შედეგები თვალნათლივ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც საქართველო გამთლიანდება.


თუ მუშაობს ხელისუფლება ერთიან საქართველოში ცხინვალის რეგიონის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით?


სამართლებრივი ასპექტები არ არის დღეს აქტუალური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გახდება მოკლე ხანში. მთავარია ოსმა თანამოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ჩვენ ვართ გახსნილი ძალიან ფართო ავტონომიის მოდელის განხილვისათვის.


ისეთივე ავტონომიისთვის როგორიც აჭარას მიენიჭა, თუ ისეთივე, რასაც აფხაზეთის შესახებ გამოქვეყნებული კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს?


მე არ გავუსწრებ მოვლენებს და ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება თვითონ ჩვენ ოს თანამოქალაქეებზე. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სტატუსის საკითხი ცალმხრივად გადავწყვიტოთ. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული საზოგადოების აზრი, მაგრამ ამავე დროს, დიდი ანგარიში გაეწევა ოს მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობაც ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, რომლის სტატუსზეც ერთიანი საქართველოს ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ.


ამიტომ მე რაიმენაირი ანალოგიებისაგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება აფხაზეთის კონცეფციას, არსებობს არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ვარიანტი, არამედ სხვა ვარიანტებიც.


მუშაობა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ცხინვალის რეგიონის სტატუსი, მიმდინარეობს როგორც სახელისუფლებო, ისე სამოქალაქო საზოგადოების წრეებში.


ქაღალდზე რას დავწერთ ამას საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ოსმა თანამოქალაქეებმა საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი, რომელთაც თვითმყოფადობის დაკარგვის არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის მათ პოლიტიკური გარანტიები მივცეთ.


მას შემდეგ, რაც ისინი [ოსი მოსახლეობა] ჩვენ რეალურ განწყობას დაინახავენ, უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებს. ჯარი, საზღვარი, საგარეო პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ამ ტიპის საკითხები რა თქმა უნდა ერთიანი სახელმწიფოს კონპეტენციაში უნდა შედიოდეს. ყველაფერი ამათ გარდა შეიძლება გახდეს განხილვის საგანი.


აჭარის პრობლემის მოგვარებისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ გადაწყვეტა, რამდენად გააიოლებს აფხაზეთში ანალოგიური პრობლემის მოგვარებას?


ბუნებრივია, რომ ამ პრობლემების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლებას დაიწყოს მუშაობა მესამე, ბევრად უფრო რთული აფხაზეთის საკითხის მოგვარებაზე. იქაც ჩვენ გვექნება ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი იმისთვის, რომ ის ფონი, რაც აფხაზეთის საზოგადოებაში არსებობს, შევცვალოთ.


აქ [აფხაზეთში]სიტუაცია უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენ ოს თანამოქალაქეებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, სისხლიც მეტი დაიღვარა, ეთნიკური შუღლის ისტორია უფრო ღრმა არის და კიდევ უფრო დიდია იზოლაცია ქართული სახელმწიფოსგან, განსხავებით ცხინვალის რეგიონისაგან, რომელიც ბევრად უფრო ინტეგრირებულია. ამდენად აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ბევრად უფრო დიდ დროს დაიკავებს.


ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილი არალეგიტიმური, მაგრამ მაინც არჩევნების შედეგები, რომელიც მხოლოდ ერთი თემის ინტერესებს გამოხატავს და არა თუნდაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების, არაფერი რომ არ ვთქვათ იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნების შედეგებმა უნდა გამოავლინოს ის მხარე, რომელთანაც ჩვენ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ.


ხომ არ მოქმედებს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის პარალელურად აფხაზეთშიც, “ჰუმანიტარული სასუქი” იქაც გამოჩნდა?


რა თქმა უნდა, პარალელურად პროცესი იმ თვალსაზრისით მიდის, რომ ჩვენ გზავნილებს აფხაზ თანამოქალაქეებთანაც ვაგზავნით. ამით ხდება აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის მომზადებისთვის ფუნდამენტის შექმნა. აფხაზეთის კონცეფციის განხილვა, ჩვენი რეალური მზადყოფნა ვისაუბროთ რკინიგზის გახსნაზე  და სხვა საკითხების წინ წამოწევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


მაგრამ ამ [აფხაზეთის] მიმართულებით ფოკუსირება ცხინვალთან ურთიერთობების მოგვარების შემდეგ მოხდება.


საქართველოს ხელისუფლების ძირითადი ამოცანა და დავალება ქართველი ხალხის მხრიდან არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რასაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მინიმალური დანაკარგების ფასად იქნეს მიღწეული.

მსგავსი/Related

Back to top button