ახალი ამბები

ბორჯომში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა დროებით შეჩერდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე კომპანია BP-მ ბორჯომის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება დროებით, ორი კვირით შეაჩერა.
 
“ჩვენ მოვითხოვთ უსაფრთხოების გაცილებით მკაცრი  ზომების დაცვას ბორჯომის ხეობაში, ვიდრე კომპანია ამას აკეთებს. ბორჯომის რაიონი განსაკუთრებულია თავისი ბურნებრივი რესურსებითა და ადგილმდებარეობით, ამის გამო ვითხოვთ დამატებით გარანტიებს“, განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თამარ ლებანიძემ.
 
მისი თქმით, სამინისტროს განცხადება არ ითვალისწინებს პროექტის ხანგრძლივად შეჩერებას ან მარშრუტის შეცვლას. “ჩვენ ვაანალიზებთ საერთაშორისო პასუხისმგებლობას და პროექტის ხანგრძლივად შეჩერებას არ ვგეგმავთ“, დასძინა მინისტრმა.
 
სამინისტროს მოთხოვნას გაგებით მოეკიდნენ BP-ის წარმომადგენლები. “ჩვენ სამუშაოები მხოლოდ ბორჯომის რაიონში შევაჩერეთ, სხვაგან კი მუშაობა რეჟიმში გრძელდება“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კომპანიის საზოგადეობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რუსუდან მეძმარიაშვილმა.
 
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ადგილზე შეისწავლის ვითარებას, რის შემდგომაც დადგინდება, თუ რა ღონისძიებები იქნება გასატარებელი კომპანია BP-ის მიერ. 
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2002 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დაიწყო, სადაც გათვალისწინებულია უსაფრთხოების საკითხებიც.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის გაშვება 2005 წლიდან იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button