ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში დაკავებული იარაღი ქართულმა მხარემ რუსეთს ლარსის გამშვები პუნქტის გავლით უკან დაუბრუნა

უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას ინფორმაციით, დღეს ქართული მხარე რუსეთს 7 ივლისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებულ კუთვნილ იარაღს გადასცემს. იარაღი რუსეთში ლარსის გამშვებ პუნქტის გავლით იქნება შეტანილი. იარაღის გადატანას ქართული მხარე გაუწევს კონტროლს.


“რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება მათი კუთვნილი იარაღის გადაცემის თაობაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ წარმოადგინეს იარაღზე კუთვნილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია“,  განაცხადა გიგი უგულავამ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერით.


ქართველმა სამართალდამცავებმა კონფლიქტის ზონაში იარაღით დატვირთული 9 სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთიდან ცხინვალის მიმართულებით შემოდიოდა, 7 ივლისს დააკავეს. ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.


დღემდე ქართული მხარე წინააღმდეგი იყო რუსეთის მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც იარაღის კონფლიქტის ზონაში დაბრუნებას გულისხმობდა.


“ქართული მხარე მზად არის დაუბრუნოს იარაღი რუსებს, მაგრამ არა კონფლიქტის ზონაში, უნდა მოხდეს მისი საქართველოს ტერიტორიიდან გატანა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა10 ივლისს.


რაც შეეხება, 18 ივლისს კონფლიქტის ზონაში დაკავებულ ტანკსაწინააღმდეგო „ფაგოტის“ ტიპის ჭურვებს, გიგი უგულავას თქმით, ეს იარაღი რუსეთს არ ეკუთვნის და შესაბამისად, მათგან არც მოთხოვნა ყოფილა უკან დაბრუნების თაობაზე. “ამდენად, ამ ჭურვების გადაცემა არ მოხდება“, დასძინა გიგი უგულავამ.


“ფაგოტის“ ტიპის იარაღით დატვირთული ავტომანქანა, რომელსაც ოსი ეროვნების მძღოლი მართავდა, ქართველმა სამართალდამცავებმა  კონფლიქტის ზონაში 18 ივლისს დააკავეს. ამ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.  

მსგავსი/Related

Back to top button