ახალი ამბები

ნაბდზოროვის განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს პირადად გადასცა პროტესტი, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებამ ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის სვიატოსლავ ნაბდზოროვის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოხატა.


სვიატოსლავ ნაბდზოროვმა, რომელიც ხშირად აკეთებს სამხერდო პირისთვის მიუღებელ მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს და საქართველოს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, 21 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ “როკის გვირაბთან არ გადის საქართველო-რუსეთის საზღვარი, ამ ადგილს, სადაც მხოლოდ რუსები დგანან, მხოლოდ რუსეთი აკონტროლებს, იქ ერთი ქართველიც არ არის”.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეთხოვა რუსეთის საგარეო უწყებას, რათა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მსგავს გამონათქვამებზე, რომელიც კონფლიქტის ზონაში ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.


“თუკი რუსეთი არ მიიღებს ზომებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული მხარე ადექვატურ ნაბიჯებს გადადგამს”, განაცხადა დღეს მერაბ ანთაძემ.


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გივი იუკურიძის ინფორმაციით, ნაბდზოროვი ორ კვირაში დატოვებს სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობას. მის პოსტს კი გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დაიკავებს.


 

მსგავსი/Related

Back to top button