ახალი ამბები

“კანონის უზენაესობის“ მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო

ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში “კანონის უზენაესობის“ 10-კაციანმა მისიამ მუშაობა დაიწყო, რომელსაც ფრანგი მოსამართლე სილვი პანთსი ხელმძღვანელობს.


მისიის მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების გატარების საქმეში.
 
“ჩვენი ჩამოსვლის მიზანია დახმარება გავუწიოთ საქართველოს სამართლებრივი სისტემის დახვეწაში და რეფორმების გატარებაში. ამისათვის ჩვენ ვიმუშავებთ შესაბამის სამინისტროებში, რეკომენდაციებს გავუწევთ ქართველ მოსამართლეებს. ჩვენ აქ ჩამოგვაქვს არა ფული, არამედ  ცოდნა და გამოცდილება”, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სილვი პანთსმა, რომელსაც სასამართლო სისტემაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
 
მისიის ექსპერტები ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ შინაგანს საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, უზენაესს სასამართლოში, სახალხო დამცველის ოფისსა და გენერალურ პროკურატურაში. ორი ექსპერტი კი საოლქო სასამართლოსა და თბილისის პროკურატურაში იქნება მივლენილი.
 
მისიის ხელმძღვანელის თქმით, უკვე წლის ბოლოსთვის მომზადდება პროექტები, რომელიც საფუძვლად დაედება ამ უწყებებში რეფორმების პროცესს.
 
მისია უშუალოდ იქნება ანგარიშვალდებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის  მუდმივი წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიესა და ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ხავიერ სოლანას წინაშე. მისიის მუშაობას  კონტროლს გაუწევს ასევე ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის ელჩი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button