ახალი ამბები

ბონდო შალიკიანს ქონება ჩამოართვეს და პატიმრობიდან გაანთავისუფლეს

ტყიბულის რაიონის გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი ბონდო შალიკიანი, რომელიც იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს, 22 ივლისს ღამით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან 100,000 აშშ დოლარი და კუთვნილი უძრავი ქონება სახელმწიფოს გადასცა.


გენერალური პროკურატურის განცხადებით, შალიკიანს ბრალდებები მოეხსნა მას შემდეგ, რაც მან თავისი დანაშაული აღიარა და თანხმობა განაცხადა უკანონოდ მითვისებული თანხების დაბრუნებაზე.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პარლამენტის მიერ იანვარში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მართლმსაჯულებას აქვს უფლება გაანთავისუფლოს კორუმპირებული ჩინოვნიკები ან შეუმსუბუქოს მათ სასჯელი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ითანამშრომლებენ მართლმსაჯულებასთან ან თანხმობას განაცხადებენ მიყენებული ზარალის ანაზრაურებაზე.


ბონდო შალიკიანი ქუთაისში საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი იყო. იგი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად 2003 წლის 2 ნოემბერს იქნა არჩეული, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მას დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტენი 5 მარტს მოუხსნა. ახლად არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა შალიკიანის დეპუტატობის უფლებამოსილების ცნობა-არცნობისაგან დროებით თავი შეიკავა.


თავდაპირველად, შალიკიანს იარაღის უკანონო შენახვაში ედებოდა ბრალი, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ მას სახელმწიფო სახსრების მითვისებაშიც წაუყენა ბრალი.


შალიკიანისთვის ჩამორთმეულ ქონებაში, რომელიც პროკურატურის განცხადებით მან ნებაყოფლობით გადასცა სახელმწიფოს, შედის 20 ბენზინგასამართი სადგური დასავლეთ საქართველოში, ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ხორცის ქარხანა და სხვა უძრავი ქონება, ასევე აქციები ქუთაისის ავტოქარხანაში.   

მსგავსი/Related

Back to top button