ახალი ამბები

ნინო ანანიაშვილი სამშობლოში გააგრძელებს მოღვაწეობას

დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბალეტო დასს ახალი ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი წარუდგინა.


რუსეთის დიდი თეატრის პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელმაც წარმატებული საბალეტო კარიერა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიკეთა, პრეზიდენტ სააკაშვილის ამ შეთავაზებას დასთანხმდა, რაც სააკაშვილის განცხადებით, მისთვის “საკმაოდ მოულოდნელი იყო”.


“ნინო ანანიაშვილი მესამე ქართველია სალომე ზურაბიშვილისა და კახა ბენდუქიძის შემდეგ, რომელმაც საზღვარგარეთ წარმატებულ კარიერას სამშობლოში მოღვაწეობა ამჯობინა, რაც საკმაოდ კარგი ტენდენციაა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“მე დავპირდი პრეზიდენტს, რომ თუ მისი მხრიდან აღთქმული დახმარება იქნება, სამ წელიწადში საქართველოს საბალეტო დასი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს”, განაცხადა თავის მხრივ ნინო ანანიაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button